Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Scrooge McDuck’

Ну, Погоди!

მულტფილმები ძალიან რომ მიყვარს, მგონი, უკვე ყველამ იცის.

ძველთაძველი გატაცებაა – კითხვა ხეირიანად არც მქონდა ნასწავლი, მაგრამ გაზეთის ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ტელეპროგრამაში მაინც დიდი მონდომებით ვიქექებოდი და დაანონსებულ ანიმაციებს საგულდაგულოდ ვინიშნავდი. ქვეყანა უნდა დაქცეულიყო, “მულტპანორამა” რომ გამომეტოვებინა.

მახსოვს, დედას ბაღიდან საგანგებოდ მოვყავდი ადრე – საღამოს მულტფილმების კრებულისთვის რომ მოგვესწრო. კვირაობით კინო “პიონერში” სიარული ხომ ფაივ ო’ქლოქზე ნაკლებ ტრადიციული არ გახლდათ – თორმეტსაათიანი სეანსი ჰქონდათ, საგანგებოდ პატარებისთვის. ხუთ-ექვს ნახატ ფილმს გვაჩვენებდნენ და საშინლად მეცოტავებოდა…

ნორჩი, კარგა ხანია, აღარ მეთქმის, მაგრამ ეს ჩვევა წლებთან ერთად არსად გამქრალა. მართალია, ახლა იმდენი დრო არ მაქვს, საყვარელ გასართობს საათობით ვუჯდე, მაგრამ შინ თუ ვარ, ტელევიზორი, ყველაზე ხშირად, მაინც რომელიმე საბავშვო არხზეა გადართული და თუ შემთხვევით ფანჯარასთან ჩაივლით, უთუოდ იფიქრებთ, აქ, ალბათ, ერთი უსაქმური და უსინდისოდ განებივრებული პატარა ბავშვი ცხოვრობსო.

ჰოდა, მგონი, ჩემი რჩეული მულტფილმები მოლი ბლუმის ბლოგზე ერთ პოსტს მაინც იმსახურებენ – იმდენი ბედნიერება და ხალისი მოუტანიათ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

პირველი დოლარის შოვნა ჭირს, თორემ მილიარდი წყალივით მოედინება.
წარწერა უცნობი მილიარდერის საფლავის ქვაზე

ძველი ანეკდოტია ასეთი – კაცი ძაღლს ჭადრაკს ეთამაშება და 5-ით 2-ს უგებს. ბილ გეითსსაც შეუძლია იამაყოს – ის იხვზე უფრო მდიდარია. მთელი 10 მილიარდით.

რომელ იხვზე? აი იმაზე – ცოტათი ჯუჯღუნა და მაინც ძალიან მხიარულ სქრუჯ მაქდაქზე.

სქრუჯ მაქდაქს (Scrooge McDuck) გონიერება და სიფრთხილე ჭუკობიდან მოსდგამს. ის არასდროს ენდობოდა აქციებს, ობლიგაციებსა და სავალუტო კურსების თამაშს, ამიტომაც მთელს თავის თანხებს ოქროსა და ძვირფას ქვებში აბანდებდა. ეს ბრძნული გადაწყვეტილება აღმოჩნდა – ამერიკის იპოთეკური ბაზარი ჩამოიშალა, ნავთობზე ფასები დაეცა და დოლარის კურსმა ვარდნა დაიწყო, მაგრამ ძია სქრუჯის ქონება მხოლოდ გაბევრდა – ამჟამად ის 44.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სქრუჯ მაქდაქს “ფორბსის” ყველაზე მდიდარი გამოგონილი პერსონაჟების სიაში პირველ ადგილს უნარჩუნებს.

ელიბოსი არ იყოს, ძია სქრუჯზეც ამბობენ, რომ წუწურაქიაო… (შოტლანდიელების წუწურაქობა ანეკდოტების თემაა, მაგრამ, ეს, უეჭველი, ინგლისელთა მოგონილი ანეკდოტებია) ძია სქრუჯი კი, უბრალოდ, ფიქრობს, რომ დამხრჩვალთა გადარჩენა მხოლოდ დამხრჩვალთა საქმე იყო, ამიტომ მათ ბედზე გული დიდად არ ეთანაღრება.  დარწმუნებულია, რომ ხერხი სჯობია ღონესა (Work smarter, not harder), მაგრამ შრომასაც არასდროს თაკილობს – დრო იყო, ფეხსაცმლის მწმენდავობით ირჩენდა თავს და დღემდე ინახავს ათცენტიანს – მის პირველ გასამრჯელოს. მრავალ ენაზე ლაპარაკობს და, თუ საქმეს ადგია, არაჩვეულებრივი მოსაუბრეა. მან უკეთ იცის, თქვენ რა გჭირდებათ – აკი, ესკიმოსებიც დაარწმუნა მისგან მაცივრების პარტია შეეძინათ. მაგრამ სქრუჯი პატიოსანი ბიზნესმენია და მის სიტყვას ოქროს ფასი აქვს. დარწმუნებულია, რომ “წარმატება გაიძვერათა ხვედრი არაა”, ძალიან უყვარს შვილიშვილები და სურს, მთელი თავისი ქონება მათ დაუტოვოს. თავად სქრუჯის ასაკი არვინ იცის, მხოლოდ ისაა დანამდვილებით ცნობილი, რომ პირველად 1947 წელს გამოჩნდა კომიქსების წიგნში და “უოლთ დისნის” სტუდიის (The Walt Disney Company) მხატვარმა ქარლ ბარქსმა (Carl Barks) შექმნა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: