Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘john wrap’

მაისის წიგნის ფესტივალზე, როგორც წესი, ასე ხდება: ოთხი საფესტივალო დღიდან ორს სამსახურში ვატარებ და ბიბლიორიარიას შორიდან ვუყურებ. წიგნებისთვის შაბათ-კვირა მაქვს გადანახული.

ამჯერად რაღაცები შევცვალე. მივდექი, მოვდექი, ხალხი შევაწუხე, ორდღიანი შვებულება გავახერხე და “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში სრული ოთხი დღით დავბანაკდი.

წლევანდელ ფესტივალს, გასაგები მიზეზების გამო, მკითხველი და მნახველი რომ დაკლებოდა, ალბათ, არც არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ არა, სამუშაო დღის კვალობაზე ხუთშაბათსაც ხალხმრავლობა იყო, პარასკევსაც, არც შაბათის წვიმას შეუშინებია დიდად ხალხი და დღეს ისე გადაჭედილი დამხვდა მეექვსე პავილიონიც და მეთერთმეტეც, გზა ძლივს გავიკვლიე. მოკლედ, გუშინდელ წვიმას ვინც მოერიდა, ყველამ დღეს იხელთა დრო.

საგანგებოდ მომარჯვებული, წუთებში გაწერილი განრიგი და გეგმა ნამდვილად არ მქონია. ფესტივალს სტუმრებიც მრავლად ჰყავდა და პრეზენტაციებიც ერთმანეთს ენაცვლებოდა, მაგრამ მიყოლებით ყველას და ყველაფრის მოსმენა აზრადაც არ მომსვლია. ასეთი კამიკაძე და თავდადებულიც ვერ ვარ. და, საერთოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ფუფუნება და ბედნიერება ბევრი თავისუფალი დროა. როცა გინდა, მიდიხარ, რასაც გინდა, უსმენ, სადაც გინდა, დაბოდიალობ, არსად ყოფნა არ გევალება, არავის არ აწუხებ, არავინ არ გაწუხებს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

წლევანდელი წიგნის ფესტივალი საიუბილეო, რიგით მეოცეა და, როგორც საიუბილეო ღონისძიებას შეეფერება, სიახლეებითაა დახუნძლული.

დავიწყოთ იმით, რომ, ასე ვთქვათ, “გვიანი ფესტივალია”. არა, აქამდეც მაისში ტარდებოდა, თვე არ შეცვლილა, უბრალოდ, 26 მაისს ემთხვეოდა. წელს ერთი კვირით გადაწიეს.

ბიბლიოივენთს პირველად ჰყავს ფოკუს ქვეყანა – გერმანია. წესით, ეს ბევრ გერმანულ თარგმანს, თემატურ პრეზენტაციას, მასტერკლასსა და ლექციას უნდა ნიშნავდეს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გვესტუმრება საკუთარი სტენდით. გოეთესა და შილერის ენის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ ალბომების, გრაფიკულ პროზის და “პატარა პრინცებისთვის” თავანკარა გერმანული არც მჭირდება.

წიგნის ფესტივალს “ექსპო ჯორჯიას” ორი პავილიონი უმასპინძლებს – მეექვსე და მეთერთმეტე. თან, მეექვსეში მხოლოდ საბავშვო ლიტერატურას გამოფენენ. მშვენიერი შანსი გვაქვს, დაახლოებით მაინც გავიგოთ. რა გველოდება, თუ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გარისკავს და ნოემბრის წიგნის დღეების უფერულ ასლად ქცეულ დეკემბრის საახალწლო ბაზრობას საბავშვო წიგნის ფესტივალით ჩაანაცვლებს.

სამაგიეროდ, უცვლელია გულდათუთქული შეკითხვა – “შესვლა ისევ ფასიანი იქნება?” (როცა მაისის წიგნის ფესტივალი ფასიანი არც არასოდეს ყოფილა) და ტკივილიანი ამოძახილი ფესტივალის ფეისბუქის გვერდზე “კატალოგებს როდის დადებთ?” (როცა კატალოგები გამომცემლობების ექსკლუზივია და ასოციაციას მხოლოდ გაზიარება შეუძლია).

(more…)

Read Full Post »

ჩემი ბავშვობის წიგნებიდან, ზღაპრებთან, ლექსებთან, მოთხრობებთან ერთად, ფერად-ფერადი ილუსტრაციებიც მომყვება.

ლექსი და მოთხრობა ბევრჯერ დამვიწყებია და გასახსენებლად გადაკითხვა დამჭირვებია. ნახატები – თითქმის არასოდეს.

განსაკუთრებულს არაფერს არ ვამბობ, ამერიკა ხელახლა არ აღმომიჩენია,  თვალწარმტაცად მოხატული წიგნების მაგიის ამბავი ყველა პატარა მკითხველს გადასარევად მოეხსენება.

თუმცა რატომ მხოლოდ პატარებს. დავბერდი და სურათებიანი წიგნები ისევ ძალიან მიყვარს, დღესაც უდიდესი სიამოვნებით ვფურცლავ და ვათვალიერებ. ფერად ქინდლს (რიდერს და არა პლანშეტს) ზუსტადაც რომ ილუსტრაციების ეშხით ველოდები.

“ნაკადულს” და “საბლიტგამს” იმდენი გემრიელობა  გამოუციათ, ყველას რა ჩამოთვლის. მე დავიწყებ, რაც ამ წამს გამახსენდება, წიგნებს და მხატვრებს, თქვენ ამყევით.

ალექსანდრე ბანძელაძის “მაუგლი“, ედუარდ ამბოკაძის “მიუნჰაუზენის თავგადასავალი”, ბესო ხიდაშელის და “დილის” კუდრაჭა გოგო-ბიჭები, ჯემალ ლოლუას ძმები გრიმების ზღაპრები, სამეულის უაილდისეული “ვარსკვლავბიჭუნა”, მანანა მორჩილაძის “ყვითელი კოდალას ორდენი” და დედაენა,  დეა ჯაბუას “მერი პოპინსი“…

(more…)

Read Full Post »

სულ რამდენიმე წუთით შემოვიხედე. რაღაცები მაქვს თქვენთვის სათქმელი.

ბოლო, უსინდისოდ ხანგრძლივი შვებულების წინ კი დავიბარე, სექტემბერში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ სექტემბერიც გავიდა, ლამის უკვე ოქტომბერიც, მოთოვა, აქ ისევ ძველი ტექსტები დევს.

რა გეჩქარებოდა, ცოტაც მოგეცადა და პირდაპირ საახალწლო პოსტი დაგეწერაო, აუცილებლად მეტყვის ვინმე.

რა ვქნა, ჰობი, ბლოგინგი, თქვენთან ქაქანი და ახალი წიგნების განხილვა გადასარევი რამეა, მაგრამ ნეტარ უსაქმურობას მაინც ვერ შეედრება. კარგა ხანს ვფიქრობდი, სულ ხომ არ გამოვკეტო აქაურობა-მეთქი.

ოღონდ, გაგიკვირდებათ და სინდისი მეც მაქვს და დროდადრო მაწუხებს კიდეც. ბლოგერული დრაივიც მომენატრა.

ერთი სიტყვით, Molly Bloom’s Day-ზე მეშვიდე სეზონს ვიწყებთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: