Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Horror’

ახალ “ინსომნიაზე” უნდა მოგიყვეთ.

ოფიციალურ გვერდზე ანონსს უკვე ნახავდით. პირობებიც წერია იქ, ვადებიც, ელფოსტის მისამართიც, ჟიურის შემადგენლობაც. მოკლედ, ყველაფერი.

მაგრამ მეც რომ არ დავწერო, არაფრით გამოვა. ერთი პერსონალური პოსტი “ინსომნიას”, ღმერთი, რჯული, ნამდვილად ეკუთვნის.

ორი წლის წინ, ზუსტად ორი წლის წინ, ნატო დავითაშვილმა მომწერა – კოშკას ახალი იდეა აქვს, ექსტრემალი ლიტერატორების კონკურსს ვმართავთ და ჟიურის წევრობაზე რას იტყვიო.

დიდი მადლობა, ამაზე უარს რა მათქმევინებს-მეთქი, გადავირიე სიხარულით.

ჰოდა, ახლა მესამე წრეზე მივდივართ.

ასე რომ, თუ ვინმეს ეჭვის ნატამალი ღრღნიდა, შეუძლია, მშვიდად იძინოს – ყველაზე ორიგინალური, გიჟური და ფანტასტიკური იდეაც, თუ მოინდომე, გადასარევად ისხამს ხორცს. ჩაკეტილი მაღაზიიდან ონლაინ ტრანსლაციის ორგანიზებაც ხერხდება და ერთიმეორეზე უკეთესი ტექსტებიც იწერება ერთ ღამეში.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

კინოში უქმეებზე დავდივარ.

სადაგ დღეებში, უბრალოდ, გამორიცხულია. კინო ერთგვარი რიტუალია, ცაიტნოტი და გადარბენა არ უხდება: ბილეთი უნდა დაჯავშნო, რომელიმე საყვარელ კაფეში ყავა დალიო, აუჩქარებლად მიტუსტუსდე “რუსთაველამდე” ან “ამირანამდე”, სეანსის შემდეგ ისევ რომელიმე კაფეში მოკალათდე და სტეიკის თანხლებით გაარჩიო ეს-ესაა ნანახი ფილმი…

სამსახურიდან რვაზე ან ცხრაზე გამოსულს კი მხოლოდ იმის თავი მაქვს, შინამდე მივლასლასდე.

მოკლედ, კინოსთვის უიქენდი შეუქმნია ღმერთს, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები იცვლება ხოლმე…

მეგობარმა დაგვპატიჟა ხუთშაბათს. თერთმეტის ნახევრამდე ვერაფრით ვახერხებდით. წავედით თერთმეტისნახევრიან სეანსზე, შინ, მგონი,  პირველზე დავბრუნდი და ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე: წესები იმისთვის არსებობს, რომ ზოგჯერ დაარღვიო.

ნაღმზე” ვიყავით, ლევან ბახიას ახალ ფილმზე.

(more…)

Read Full Post »

მისტერ მერსედესი ჯოილენდი "დიოგენე", 2014

მისტერ მერსედესი ჯოილენდი
დიოგენე“, 2014

ამ წიგნს მოუთმენლად ველოდი.

როგორც წესი, ახალ თარგმანებს ჯერ რუსულად ვკითხულობ ხოლმე – თუ მაინტერესებს, ვერ ვითმენ და რა ვქნა. თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა და სტივენ კინგის “მისტერ მერსედესი“ თავიდანვე ქართულად ვიგდე ხელთ – “დიოგენედან“ წამოვაცუნცულე ცინცხალი თარგმანი.

ავტორისადმი ჩემი დამოკიდებულება საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მითუმეტეს, ვისაც ძველი პოსტი აქვს წაკითხული; ამიტომ არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ მყიდველთა პირველ რიგებში ვიდექი, მაგრამ, ზაფხულიდან მოყოლებული, რეჟიმი მქონდა ისეთი, წასაკითხად აქამდე ვერ მოვიცალე.

სამაგიეროდ, შაბათ-კვირა დავგეგმე ჩინებულად – მოვკალათდი სავარძელში, გავეხვიე პლედში, მოვიდგი ყავის უზარმაზარი ფინჯანი და დავიწყე.

(more…)

Read Full Post »

stephen king. The Mist

ქართულ გამომცემლობებს “სტივენ კინგის ვირუსი”  შეეყარათ-მეთქი, რომ გითხრათ, ოდნავ, სულ ოდნავ გადავაჭარბებ.

თუ არ გჯერათ, თავად დათვალეთ.

დიოგენემ” ოთხი ბუთქუნა ტომი ხომ გამოსცა, “ბნელი კოშკის” სერიაც დაქოქა და “მისტერ მერსედესის“, ცინცხალი, ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანის, ქართულ თარგმანსაც გვპირდება – ბევრი არ დააგვიანდებაო.

პალიტრამ” ჯერ “და ბუა მოვიდა…” გადმოაქართულა, მერე – “უიმედოთა ქალაქი” და სულ ახლახან, საფესტივალოდ, ისეთი თითებჩასაკვნეტი საკითხავი ამოაცოცა კალათიდან, თქვენი მოწონებული.

ჰო, “ნისლზე” გიყვებით. კინგის მოთხრობების კრებულზე.

ამ კვირადღეს ფეხი არსად გამიდგამს. ვირუსისა რა მოგახსენოთ და ცოტა კი შემაცია. ჰოდა, ვიწექი შინ ნებივრად, ნიგვზიანი ბადრიჯნის დიეტაზე გახლდით (ოჯახის ექიმმა გამომიწერა ნაცნობობით), ველოდებოდი ფეხბურთს და ვკითხულობდი ერთიმეორეზე გულისგასახეთქ ამბებს.

(more…)

Read Full Post »

20130908_162449

ახალი ინსომნია იწყება. Sci Fi-ს, ფენტეზის, Horror-ის და მისტიკის ლიტერატურული ფესტივალი. აი, ის, შარშან რომ გავმართეთ პირველად. მთელი ღამით წიგნის მაღაზიაში რომ გამოვკეტეთ ჩვენი ინსომნიაკები და ერთიმეორეზე საშიში, გულგასახეთქი მოთხრობები ვაწერინეთ. ხანდახან თავად ავტორებსაც რომ ეშინოდათ, ისეთი :)

ორგანიზატორებს უთქვამთ, იმისთვის კი არ ვაწვალეთ ხალხი და ღამეები ვატეხინეთ, წელს ხელები დაგვებანაო; ფესტივალი ტრადიციად უნდა ვაქციოთო.

ჰოდა, მეორე სეზონს ვიწყებთ.

ახლა ყურადღებით მომისმინეთ – ფორმატი კია ნაცნობი, მაგრამ რაღაცები გავაუმჯობესეთ და რამე არ გამოგრჩეთ; ტრადიცია ტრადიციად –  და სიახლეებიც თუ არ შევაპარეთ შიგადაშიგ, არაფერი გამოვა.

(more…)

Read Full Post »

the gunslinger cover 3

ბევრჯერ მითქვამს აქაც და სხვაგანაც – ბიბლიოსერიები და ტომეულები ბავშვობიდან მიყვარს.

რა ჯობია, თაროზე რომ ჩამოამწკრივებ ნომრების მიხედვით და თვალსა და გულს ერთად ახარებს.

ისე არ გამიგოთ, თითქოს მარტო კოხტად მიწყობილი ტომების სილამაზე მხიბლავდეს. არც უმაგისობაა, ვინ ოხერი დავობს, მაგრამ მთავარი ხიბლი, როგორც ხვდებით, სხვა რამაა.

აი,  ბავშვობაში რომელი გერჩივნათ – სქელი წიგნი, დიდხანს რომ ჩაგიკოკლოზინებდათ ყელს, თუ თხელი, უცებ რომ ჩაგადნებოდათ ხელში? ჰოდა, აქაც ასეა. ბევრი ტომი ბევრ საკითხავს ნიშნავს და ნამდვილმა ბიბლიოფილმა მეტი რა უნდა ინატროს…

ოღონდ ამ ტომეულებს ერთი ნაკლი აქვთ – ჯერ პირველის გამოსვლამდე უნდა დაგაწყდეს ნერვები, მერე მეორეს უნდა ელოდო, მერე – მესამეს და ასე…

აგერ, “დიოგენეს” ყველა მაგარი წიგნი, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამგვარ სერიებად აქვს გამოცემული.

(more…)

Read Full Post »

ინსომნია 2013. ქარჩხაძის გამომცემლობა. თბილისი, 2013

ამ წიგნზე წერა ჩემთვის ერთსა და იმავე დროს იოლიც არის და ძნელიც.

იოლი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ დაბეჭდვამდე წავიკითხე – ცინცხალ ტექსტებს პირდაპირ ფოსტით ვიღებდი; რთული კი იმიტომ, რომ კრებულის აკინძვაში მცირე წვლილი მეც მაქვს შეტანილი და რიგითი მკითხველის პოზიციიდან საუბარი გამიჭირდება.

მიხვდებოდით – “ინსომნიაზე“ გიყვებით. ჟანრული პროზის პირველი ფესტივალის პერიპეტიები ისედაც არ გამოგეპარებოდათ – არც ანონსი დაკლებია, არც ხმაური და არც ყურადღება; შესარჩევი ტურის ამბებიც გეცოდინებათ და, ალბათ, იმასაც ადევნებდით თვალს, როგორ წერდნენ მოთხრობებს “Book City“-ში გამომწყვდეული ინსომნიაკები, – ამიტომ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ; პირდაპირ იმით დავიწყებ, რომ ეს ყველაფერი უკვე წიგნად აქცია ქარჩხაძის გამომცემლობამ და “ბუქ სითიმ” პრეზენტაციასაც უმასპინძლა წინა კვირას.

ჰოდა, აგერ მიდევს კიდეც ჩემი ეგზემპლარი – ჟიურის წევრებისა და ავტორების ისეთი სამახსოვრო წარწერებით დამშვენებული, რომ კითხვისას რამდენჯერმე ცხვირიც დავაქსუტუნე.

შვიდ რჩეულს შორის საუკეთესოს გამოვლენა ჟიურიმ არ ჩათვალა საჭიროდ და მე ვინ მეკითხება; ოღონდ იმას კი გეტყვით, რომ ერთიმეორეზე გემრიელი ტექსტებია და თუ ჟანრის მოყვარული ბრძანდებით, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: