Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Bloomsday’

The Fantastic Flying Books of Mr. Morris Lessmore cover

დღევანდელი ღირსშესანიშნავი თარიღის შესახებ, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ – ბლუმსდეი გახლავთ, ფეხით ბოდიალის და ათასგვარი სასუსნავის დაგემოვნების დღესასწაული.

საცა სამართალია, დუბლინში უნდა ვყოფილიყავი და ლეოპოლდ ბლუმის ცნობილი მარშრუტი ნაბიჯ-ნაბიჯ გამემეორებინა, მაგრამ რადგან თბილისის იქით ცხვირი არ გამიყვია, ისღა დამრჩენოდა, სახეტიალო აქვე შემერჩია.

მარშრუტის შედგენა არ გამჭირვებია – მედიათეკაში ლოგოს პრესი “მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნების“ პრეზენტაციას მართავდა, “Book City“-შიც  მინდოდა შევლა და, რაც მთავარია, მეგობარმა ისე აქო “პომიდორისიმოს“ შეშაზე გამომცხვარი, კვამლიანი პიცა, გვერდს ვერაფრით ავუვლიდი.

ერთი სიტყვით, წამოვხტი კვირას, დილაუთენია, მოვიკიდე ზურგჩანთა, ჩავაგდე შიგნით “ულისეს“ ძველი. გაცრეცილი გამოცემა და თორმეტ საათზე, ყველა წესიერ ადამიანს გემრიელად რომ სძინავს, უკვე შუა ქალაქში მივაბიჯებდი შეუპოვრად, თაკარა მზის ქვეშ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

“აქ, ჯოისის წარმოსახვაში, 1886 წლის მაისში დაიბადა ლეოპოლდ ბლუმი – მოქალაქე, მეუღლე, მამა, მოხეტიალე, ოდისევსის რეინკარნაცია” – დუბლინის ერთ–ერთ ქუჩაზე, აგურით ნაშენები სახლის მემორიალურ დაფაზე ამ სიტყვებს რომ ამოვიკითხავთ, ზღვარი სინამდვილესა და ლიტერატურას შორის ისე ფერმკრთალდება, აღარც გვახსოვს, რომ საუბარი რეალურ ადამიანს კი არა, ჯეიმს ჯოისის საკულტო პერსონაჟს ეხება.

წიგნი, სადაც ავტორმა ლეოპოლდ ბლუმი დაასახლა, არც მოდური რომანია და ვერც ფართო მასებისთვის ესოდენ საყვარელ რომელიმე ჟანრს მიაკუთვნებთ, მაგრამ  ძნელად იპოვით ქვეყანას, სადაც მას  ერთგული თაყვანისმცემელი არ ეყოლება. თითქმის საუკუნის წინ დაწერილი მოდერნისტული ლიტერატურის შედევრი დღესაც უაღრესად თანამედროვე, XXI საუკუნის შესაფერ ტექსტად აღიქმება. “ულისე” ქრონოლოგიური ჩარჩოების მიღმა არსებობს და  დრო უძლურია მის წინაშე…

(more…)

Read Full Post »

წესით, ეს ბლოგი 16 ივნისს უნდა გამეხსნა, მაგრამ 16 ივნისამდე ცოტა არ იყოს და შორია და ასეთი გრძელვადიანი პროგნოზირება ოდნავ სახიფათო საქმეა – არავინ იცის, ექვსი თვის შემდეგ ვინ სად და როგორ იქნება.

არაუშავს – ბლოგს ახლავე გავხსნი, ვიდრე წერის განწყობაზე ვარ, 16 ივნისს კი ოფიციალურ  დღესასწაულად გამოვაცხადებ. ყოველ ამ დღეს მოლი ბლუმის ნეტ-სამფლობელოს დუბლინის ხედებით მოვრთავ და სტუმრებს (ბევრზე ბევრი სტუმარი მეყოლება, თითქმის დარწმუნებული ვარ) ირლანდიული ლუდით გავუმასპინძლდები. ირლანდიელებს ვისკი არ უვარგათ, თორემ ლუდი ისეთი აქვთ, ბავარია თუ არსებობს რუქაზე, არც გაგახსენდებათ.

ოღონდ, ისე არ გაიგოთ, თითქოს სტუმრებს წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ერთ დღეს ველოდე. მაშინ შემოიხედეთ, როცა გაგიხარდებათ. აქ ბევრს დავწერთ, ბევრს ვისაუბრებთ. წიგნები, კინო,  მუსიკა… სალაპარაკოს რა გამოლევს…

ეს მომავალში. ახლა აქაურობა დასალაგებელია. წესიერ ბლოგს ათასი რამ სჭირდება. ლინქებიო, ვიჯეტებიო… ტვიტერიც არ გვაწყენდა. თემა კი მომწონს, განსაკუთრებით სამყურას მწვანე ფერი, მაგრამ თუ უკეთესს აღმოვაჩენ, ამასაც გამოვცვლი. ორ-სამ დღეში პირველ ჩანაწერსაც გაახლებთ. მანამდე კი გკოცნით,

თქვენი მოლი ბლუმი

Dublin

Read Full Post »

%d bloggers like this: