Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჰოლანდია’

armagnac poster

მობრძანდით, მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო, ძალიან გამახარეთ, არ მეგონა, საახალწლო აურზაურით დაღლილ-დაქანცულებს, ჩემი მოკრძალებული იუბილე თუ გაგახსენდებოდათ :) მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ, მასპინძელი პირდაუბანელი და თმაგაბურძგნილი რომ გეგებებათ – სიმართლე გითხრათ, კიბეზე თქვენი ხმაური და შეძახილები რომ გავიგონე, მაშინღა გამომეღვიძა.

ისე არ გამიგოთ, თითქოს საკუთარი დაბადების დღე დამვიწყებოდეს – ოთხი წლის გავხდი გუშინ, ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არ არის?! უბრალოდ, ბუხარს ვეფიცხებოდი და… ჩამძინებია. სუფრის გაშლა ვერ მოვასწარი, თორემ მაცივარი სავსეა და, აბა, დავტრიალდეთ – ძალა ერთობაშიაო, ხომ გაგიგონიათ.

თქვენი არ ვიცი და მე საახალწლო სამზადისი ოლივიეს გარეშე ვერ წარმომიდგენია, ბავშვობის ნოსტალგიაა, ალბათ. ბიბი, სად მიარბენინებ მაგ ხაჭაპურს, გაცხელებული რას ივარგებს, ცივი არ ჯობია? თაკო, ეგ საცივიანი თეფში მოაშორე აქაურობას, ახალი წლის ღამეს, მგონი, ვიღაცას ეძინა შიგნით. უსაცივოდაც არაფერი გვიჭირს, სხვაც ბევრი რამ მოგვეძევება.

ჭურჭლის ეს განწირული რახარუხი ჩემი კარადიდან ისმის?! ვინ მიუშვა იქ ვეიდერი, მთელს არ დაგვიტოვებს არაფერს! მოიცა, მე თვითონ გამოვიღებ, თქვენ დასხედით. ეს რა ჭიქებიაო? რა და სრულიად განსაკუთრებული სასმლის ჭიქები, უჩვეულო დიზაინით. სწორედ ახლა უნდა გიამბოთ ამ სასმელზე, ოღონდ ჯერ ყავას დავისხამ ჩემს საყვარელ კროსვორდიან ფინჯანში. თქვენ მიირთვით, მიირთვით, მე ნუ მიყურებთ, სამდღიანი გასტრონომიული ორგიის მერე მარტო ყავას თუ გავეკარები…

(more…)

Read Full Post »

დღეს ერთ ახალ და უცნაურ წიგნზე უნდა გიამბოთ.

ახალი გასაგებია და ეს უცნაური რაღაა – წიგნი წიგნიაო, მეტყვით ალბათ.

ახლავე აგიხსნით.

მართლა უცნაური წიგნია. აი, ხვალ პრეზენტაციაა, არადა ჯერ არ დაწერილა.

სულ დაგაბნიეთ, არა? ოლ რაიტ. ყველაფერს წვრილად გაგაგებინებთ.

დათო ტურაშვილის ახალ რომანზე გიყვებით. “სხვა ამსტერდამი” ჰქვია (ამას პოსტის სათაურიდანვე მიხვდებოდით). უცნაური კი იმით არის, რომ ინტერნეტრომანია, ინტერნეტში დაიწერება, მკითხველის თვალწინ.

შედიხარ ხუთშაბათობით საგულდაგულოდ დაბუკმარკებულ გვერდზე ხელების ფშვნეტით, გვერდით ყავის ჭიქას ასდის ორთქლი და ცხვირში სასიამოვნოდ გიღუტუნებს, გაშლი წიგნს  და იწყებ მორიგი თავის კითხვას. ეს, ცხადია, ჩემეული იმპრესიაა, თორემ შუადღის ყავასთანაც მშვენიერი იქნება, სამსახურიდან მოპარულ დროს, ან სულაც უყავოდ, კაცია და გუნება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: