Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჰექსე’

Tiramisù poster

მართალია, კალენდარზე უკვე აპრილია, მაგრამ გაზაფხული მაინცდამაინც არ იგრძნობა, ასე არ არის?! ქარმა და წვიმამ, გამოგიტყდებით, უკვე გვარიანად მომაბეზრა თავი და ერთი პატარა დღესასწაული, მგონი, არ გვაწყენდა; ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ვერანდაზე ჯერ ისევ ცივა და იმასაც კი ვფიქრობ, ბუხარი ხომ არ გამეჩაღებინა, თქვენ რას იტყვით?

მინდა, გითხრათ, რომ ვინც ამისთანა ამინდში მოლისთან სტუმრობა არ დაიზარა, ნამდვილად არ ინანებს – დღევანდელი დესერტი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტთ და ყელსაც ჩაიკოკლოზინებთ; ოღონდ იქამდე, როგორც გვჩვევია, მცირე ისტორიას გიამბობთ.

ამბობენ, რომ ეს სასუსნავი სადღაც მე-17 საუკუნეში, ტოსკანის ჰერცოგის – კოზიმო მედიჩის პატივსაცემად მოამზადეს გენუელმა მზარეულებმა; დაიკაპიწეს მკლავები, მოიმარაგეს ნაღების ყველი მასკარპონე, ესპრესო, ღვინო მარსალა, კვერცხი, შაქარი, ჰაეროვანი ბისკვიტები, დატრიალდნენ ღუმელთან და… ისეთი დესერტი გამოუვიდათ, მისმა ბრწყინვალებამ რეცეპტის გარეშე ფლორენციაში დაბრუნება აღარ ისურვა თურმე.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ა.ა. მილნი. "ვინი ფუუჰი". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2014მოლის საბავშვო ბიბლიოთეკის შესახებ თუ გსმენიათ რამე და ისიც იცით, რა გაფაციცებით ვადევნებ თვალს საგამომცემლო სიახლეებს,  არ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ ერთი სული მქონდა, როდის იხილავდა დღის სინათლეს ალან ალექსანდრ მილნის “ვინი ფუუჰის” დიდი ხნის წინ შეპირებულ თარგმანი.

კვასკვასა ყვითელ სუპერში გამოპრანჭული ცინცხალი “ფუუჰი” ლამის გამოსვლის დღესვე წამოვაცუხცუხე შინ და პირველი, ერთობ ნოსტალგიური იმპრესიებიც მაშინვე გაგიზიარეთ – რა მომათმენინებდა… ჰოდა, ახლა შეგვიძლია ემოციები გვერდზე გადავდოთ და დეტალებს ჩავუღრმავდეთ – მსოფლიოს საბავშვო ლიტერატურის შედევრი უდავოდ იმსახურებს მეორე პოსტს.

ალბათ, იმით უნდა დავიწყო, რომ გადმოქართულებულ “ფუუჰს” საკმაოზე მეტხანს და მოთმინებით ველოდი, თუმცა ასეთი ლოდინი არც მღლის და არც მაღიზიანებს – მირჩევნია, ცოტა მოვითმინო და ხარისხიანი პროდუქტი ვიგდო ხელთ; ეს ჩვენი “ფუუჰი” კი მართლა ჩინებული რამ არის  – დარწმუნებული ვარ, ამაში ყველაზე წუნია მკითხველიც კი ვერ შემომედავება.

ჯერ მარტო ილუსტრაციებია ისეთი, თვალიერებით ვერ გაძღები. ბლოგოსფეროს პირველმა ფუუჰოლოგმა, ლორდმა ვეიდერმა, სურათით იცნო – ერნესტ შეპარდის ნახატებიაო. არა, ქართველ ილუსტრატორებზე ძვირს რა მათქმევინებს, მაგრამ ორიგინალი მაინც მირჩევნია და რა ვქნა…

(more…)

Read Full Post »

Sherlock Series 3სინემანიაკი არ ვარ-მეთქი, ათასჯერ მითქვამს.

ფილმებს მოცალეობის ჟამს თუ ვუყურებ, სერიალებს გულს ვერ ვუდებ, მულტფილმებით უფრო ვიქცევ თავს და ცხადია, კინოთემატიკას ბლოგზეც იშვიათად გადააწყდებით – კაცმა იმაზე უნდა წეროს, რაც უყვარს და იცის.

ოღონდ, წესი რა წესია, გამონაკლისი არ ჰქონდეს და დროდადრო ისეთი ფილმი გამოერევა, ამქვეყნად ლამის ყველა წიგნს რომ მირჩევნია და საღამოსთვის გამზადებულ სქელ-სქელ ტომს გვერდზე გადამადებინებს.

წიგნის გვერდზე გადადებას ვინ ჩივის – წელს, პირველ იანვარს,  არც ხაჭაპური გამხსენებია და არც შემწვარი გოჭის ყურები, არც ის, რომ ძილი ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია; იმის მაგივრად, საახალწლო სუფრასთან უთანასწორო ჭიდილში მიღებული იარები მომეშუშებინა და გემრიელად გამომეძინა, ღამის პირველ საათზე, რომელიღაც საეჭვო რეპუტაციის საიტზე ერთი ბომბივით გამსკდარი სერიალის ახალი სეზონის პირველ სერიას ვუყურებდი ჰექსესა და ჭიქა ყავასთან ერთად (ახლა, მთლად ისე ნუ დავწვრილმანდებით, იმაზე ვილაპარაკოთ, სეანსის მერე სამზარეულოში ქარიშხალ “კატრინასავით” რომ შევიჭერი).

პოსტის სათაურიც ჰექსემ მიკარნახა, სხვათა შორის, და მიხვდებოდით კიდეც, შერლოკზე რომ ვწერ.

(more…)

Read Full Post »

the end

ჰექსეს

ამას წინათ ვთქვი სადღაც –  ბლოგერობის ორი წელმა სათაურების წერა მაინც მასწავლა-მეთქი.

კარგი სათაური რომ საქმის ნახევარია, კი ვიცოდი, მაგრამ ეს ძველისძველი შეგონება სათანადოდ მხოლოდ ახლა დავაფასე.

იაფფასიან ტრიუკებს, ცხადია, არ ვგულისხმობ,  – სამგროშიანი საკითხავის მუშტარი არც მე გახლავართ და არც სტუმართა შორის მეგულება ვინმე.

არაფერია იმაზე სასიამოვნო, კარგად გარანდულ, ჩამოქნილ ტექსტს ასეთივე სათაური რომ ამშვენებს – ოსტატურად მოფიქრებული, მოხდენილი, გონებამახვილური… კამერტონივით რომ განსაზღვრავს ტონალობას.

იმ პოსტებიდან, აქამდე რაც გამომიქვეყნებია, რამდენიმეს სათაური განსაკუთრებით მომწონს. ბოლო, დღევანდელი, აშკარად საუკეთესოა, ოღონდ, ჩემი არ არის.

(more…)

Read Full Post »

– არ გინდა ჩემ ბლოგზე დაწერო?

– მე რომ წერა არ ვიცი

– დაწერ, თანაც ნახევარ საათში .

– მაშინ გინდა გაიგო როგორ წერდა ჰექსე, სანამ ჰექსე გახდებოდა?

ამ სახლში ხშირად უკრავდნენ შოპენს…

იშვიათად დადიოდნენ სტუმრები და თავად მასპინძლებიც იშვიათად ტოვებდნენ სახლს.

ამ სახლში ყველა ფანჯარა ერთ პატარა მდინარეს გადასცქეროდა, იქიდან მოვარდნილი ქარი სახლის აივნებს არწევდა და იქ ჩაძინებულ ბავშვს ზღაპარს უყვებოდა შორეულ პრინცზე… ბავშვს მისი არ სჯეროდა, მაგრამ მაინც ყოველთვის დიდი გულისყურით უსმენდა ქარს.

ოჯახის უფროსი ოთახიდან ოთახში დააბიჯებდა და ყველა ოთახის ფანჯრიდან მუდამ ერთი და იმავე პეიზაჟს უყურებდა.

ოჯახის დიასახლისი ყოველ დილით კალებს აწყობდა საოცრად დიდ ლარნაკში და მერე მთელი დღე ცდილობდა ამ ლარნაკისთვის ადგილის პოვნას.

ამ სახლში ზუსტად 6 საათზე ეძახდნენ სავახშმოდ. ვახშმის შემდეგ ოჯახის უფროსი ისევ იმ მუსიკას რთავდა, რაც ოჯახის დიასახლისს უკვე 10 წელია რაც ყოველ საღამოს ესმოდა.

ქარი უსტვენდა და ისევ იმ იდუმალ პრინცზე ყვებოდა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: