Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჰანს ქრისტიან ანდერსენი’

შინ, ძველ თაროზე, ერთი წიგნი მიდევს.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული. არც ბებია ასტრიდის შედევრია, არც გურამ პეტრიაშვილის ან დონალდ ბისეტის ზღაპრების კრებული, არც მათიუშია და არც “სალამურას თავგადასავალი”. ყდაც სადაა, მწვანე ფერში გადაწყვეტილი. სიმპათიურია, მაგრამ რა გითხრათ, უკეთ გამოცემული საკითხავიც გვინახავს.

საბავშვო კია, მაგრამ ჩემი საყვარელი “ნაკადულის” – არა. რატომღაც “ხელოვნებას” დაუბეჭდავს.

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წიგნია. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.

სათაურიც მარტივი აქვს – “ფილმი-ზღაპრები”. სინამდვილეში, ფილმების კი არა, მულტფილმების სცენარებია.

ცხრა წლისას მაჩუქეს. იმ დროს წიგნებს ჩემითაც გადასარევად ვყიდულობდი ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნების მაღაზიაში, მაგრამ ამას, რატომღაც, ავცდი. დედამ მომიტანა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა :)
რაღა დროს შენი საბავშვო წიგნებიაო – ჩემთვისაც უთქვამთ და მეგობრებისგანაც გამიგია – საკითხავი დაგვიწუნეს, ნამეტანი დაგგვიანებიათო.

სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.

ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.

მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.

ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ –  ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.

მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!

ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

Portrait of Hans Christian Anderson

ისეთი სევდა თუ გინახავთ, სინათლე რომ მოჰყვება თან? მოჰყვება და გულში ისე შემოვა, ისე მოიკალათებს, ვეღარც ხვდები, სად პირველია და სად – მეორე. მხოლოდ იმას გრძნობ, რომ ნელ–ნელა ივსები სითბოთი, სიბრალულით, სინაზით და ვეღარც ის გაგიგია, თვალზე მომდგარი ცრემლი მარტო მწუხარებისაა თუ ღიმილიც ურევია მზის ათინათივით.

ცოტა არ იყოს, აბდაუბდა შესავალი გამომივიდა და თუ დაგაბნიეთ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის წიგნი გადაფურცლეთ – მაშინვე მიხვდებით, რაზე ვლაპარაკობ.

ამბობენ, დანიელ მწერალს საკუთარი ზღაპრები ჭირის დღესავით სძულდაო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, არ მჯერა. უბრალოდ, ისეთ ისტორიებს გვიამბობდა, ლოგინში ჩათბუნებულმა, სიბნელეში თვალებმილულულმა ბავშვებმა რომ არ უნდა მოისმინონ – პატარა, ალერსით განებივრებული გულებისთვის  ასანთის გამყიდველი გოგოს ისტორია ზედმეტად ნაღვლიანია…  კაცმა რომ თქვას, “კალის მედგარ ჯარისკაცს“ ზღაპარსაც ვერ დაარქმევ მაინცდამაინც. ვერც “პატარა იდას ყვავილებს“, ვერც “ქალთევზას“… მეტისმეტად ბევრი ტკივილია მათში, ოღონდ, ისეთ სინათლეში და სიფაქიზეში გახვეული, როგორც ვიოლინოზე შესრულებული მინორული მელოდია… “თოვლის დედოფალიც“ კი, პატარა გერდასა და კაის სიყვარულით, ერთგულებითა და თავგანწირვით გაჯერებული ამბავი – წაიკითხავთ და აუცილებლად იგრძნობთ, როგორ მოგიჭერთ გულზე ცივი მარწუხი…

(more…)

Read Full Post »

ჩვენი ბავშვობის წიგნები

რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების  მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური  სამყარო იყო  – მთავარი გმირი, უამრავი  ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.

ხვალ  დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს,  ქალთევზას, კაის და გერდას,  გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.

მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუ­ნებ­რივია, ამ  ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით  ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგ­თავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: