Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჯეიმს ჯოისი’

The Fantastic Flying Books of Mr. Morris Lessmore cover

დღევანდელი ღირსშესანიშნავი თარიღის შესახებ, ალბათ, ყველას კარგად მოგეხსენებათ – ბლუმსდეი გახლავთ, ფეხით ბოდიალის და ათასგვარი სასუსნავის დაგემოვნების დღესასწაული.

საცა სამართალია, დუბლინში უნდა ვყოფილიყავი და ლეოპოლდ ბლუმის ცნობილი მარშრუტი ნაბიჯ-ნაბიჯ გამემეორებინა, მაგრამ რადგან თბილისის იქით ცხვირი არ გამიყვია, ისღა დამრჩენოდა, სახეტიალო აქვე შემერჩია.

მარშრუტის შედგენა არ გამჭირვებია – მედიათეკაში ლოგოს პრესი “მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნების“ პრეზენტაციას მართავდა, “Book City“-შიც  მინდოდა შევლა და, რაც მთავარია, მეგობარმა ისე აქო “პომიდორისიმოს“ შეშაზე გამომცხვარი, კვამლიანი პიცა, გვერდს ვერაფრით ავუვლიდი.

ერთი სიტყვით, წამოვხტი კვირას, დილაუთენია, მოვიკიდე ზურგჩანთა, ჩავაგდე შიგნით “ულისეს“ ძველი. გაცრეცილი გამოცემა და თორმეტ საათზე, ყველა წესიერ ადამიანს გემრიელად რომ სძინავს, უკვე შუა ქალაქში მივაბიჯებდი შეუპოვრად, თაკარა მზის ქვეშ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

professione - blogger

ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა ამას წინათ, ბლოგზე მორიგი ვიზიტის შემდეგ – შენ, მგონი, პროფესია შეცდომით აირჩიეო.

იხუმრა, ცხადია, მაგრამ ხომ გაგიგონიათ – იმ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის გვარიანი ყლუპი თუ არ ურევიაო.

არადა, ზუსტად ვიცი – არაფერი შემშლია და სწორედ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მომწონს.

არ დამიჯერებთ, მაგრამ ღრმა ბავშვობაში ნაირ-ნაირ ეგზოტიკურ პროფესიაზე ოცნებას, რატომღაც, ავცდი. ერთი ეს იყო – ნაყინის გამყიდველობა მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, უგემრიელეს, ვაფლისჭიქიან პლომბირს იმდენს მიირთმევდა, რამდენიც გაუხარდებოდა… მერე, ბებიას და მამის მაგალითმა იქონია გავლენა, დეტექტივების სიყვარულმაც თავისი გაიტანა და იურისტობაც მტკიცედ გადავწყვიტე.

ჰოდა, ასე მოვედი აქამდე, კოდექსებში, დებულებებსა და ბრძანებებში ჩაფლული და სხვა, უკეთესი და უფრო საინტერესო საქმე თუ მოიძებნებოდა ჩემთვის, არც მეგონა, მაგრამ კაცი ბჭობდაო, გეცოდინებათ… შემიჩნდა ეშმაკი და ვორდპრესის აწ უკვე მშობლიურ, მაშინ კი უცხო და უცნაურ ხლართებში გავები.

(more…)

Read Full Post »

Jean Claude Carrière. Umberto Eco. N'espérez pas vous débarrasser des livres

“რიდერი თუ წიგნი?” – ალბათ, არ არსებობს სხვა დილემა, რომელიც თანამედროვე ბიბლიოფილებში ამდენ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. ზოგი რიდერს “ეშმაკისეულ გამოგონებას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ კაცობრიობა ტიპოგრაფიის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებს ვერაფრით შეელევა და ტრადიციული წიგნის ნებისმიერ ალტერნატივაზე საუბარიც კი სასაცილო ეჩვენება. ზოგი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ მძიმე და მოუქნელი ტომებით გაძეძგილი თაროები სულ მალე ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს…

ორიოდე თვის წინ, მეგობრისთვის საჩუქარს ვეძებდი და შემთხვევით, ერთობ ორიგინალურად გაფორმებულ გამოცემას გადავაწყდი. ჯერ სათაურმა დამაინტერესა –  “არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევაო”, თან ყდაზეც უმბერტო ეკო ამოვიკითხე და მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი. ცხვირი მიგრძნობდა, რომ ხელთ საინტერესო საკითხავი ჩამივარდა და არც შევმცდარვარ.

რაფინირებული მკითხველი სინიორ უმბერტოს, უმთავრესად, მხატვრული პროზით იცნობს – “ვარდის სახელის” და “ფუკოს ქანქარას” შესახებ ყველას სმენია. თუმცა, არსებობს არანაკლებ საინტერესო ავტორიც – ეკო-პუბლიცისტი. თვალსაჩინო მაგალითად, იტალიური “ესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებულიც იკმარებს. “ჯოისის პოეტიკაზე” არაფერს ვიტყვი – მოლი ბლუმი ფსევდონიმად ტყუილად არ შემირჩევია…

(more…)

Read Full Post »

“აქ, ჯოისის წარმოსახვაში, 1886 წლის მაისში დაიბადა ლეოპოლდ ბლუმი – მოქალაქე, მეუღლე, მამა, მოხეტიალე, ოდისევსის რეინკარნაცია” – დუბლინის ერთ–ერთ ქუჩაზე, აგურით ნაშენები სახლის მემორიალურ დაფაზე ამ სიტყვებს რომ ამოვიკითხავთ, ზღვარი სინამდვილესა და ლიტერატურას შორის ისე ფერმკრთალდება, აღარც გვახსოვს, რომ საუბარი რეალურ ადამიანს კი არა, ჯეიმს ჯოისის საკულტო პერსონაჟს ეხება.

წიგნი, სადაც ავტორმა ლეოპოლდ ბლუმი დაასახლა, არც მოდური რომანია და ვერც ფართო მასებისთვის ესოდენ საყვარელ რომელიმე ჟანრს მიაკუთვნებთ, მაგრამ  ძნელად იპოვით ქვეყანას, სადაც მას  ერთგული თაყვანისმცემელი არ ეყოლება. თითქმის საუკუნის წინ დაწერილი მოდერნისტული ლიტერატურის შედევრი დღესაც უაღრესად თანამედროვე, XXI საუკუნის შესაფერ ტექსტად აღიქმება. “ულისე” ქრონოლოგიური ჩარჩოების მიღმა არსებობს და  დრო უძლურია მის წინაშე…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: