Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ძველი წიგნები’

ჩემმა მეგობარმა მაიკომ ჩემი უმოწყალოდ გაშაყირების მორიგ მიზეზს მიაგნო.

ჯერ იყო და რეპრინტებზე ქირქილებდა, ერთნაირი წიგნები რად გინდაო. ახალ “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს”  გულგრილად როგორ ჩავუარო, ერთნაირი როგორაა, სხვა ყდა აქვს და აკაა, ეს ოხერი. მომაქვს ციმციმ შინ და მერე დამცინიან.

ახლა ჩემს ძველ კოლექციას მიადგა. ბოლოს რომ მყავდა სტუმრად, სანამ ნიგვზიან ბადრიჯანს, ცხელ-ცხელ მეგრულ ხაჭაპურს, ელარჯს და შოკოლადის ტორტს მივხედავდით, ახალი “ძველი თაროები” ვაჩვენე ამაყად და კომპლიმენტების მოლოდინში გავინაბე. შენც არ მომიკვდე. აათვალიერა და შენო, როგორც ვატყობ, მალე წიგნებიანად გაგსვამენ გარეთ, ჩემთან მოგიწევს გამოზამთრება და რა ვქნა, ერთი ოთახი ახლავე ხომ არ დაგიცალოო.

მაიკო მეხუმრება, ცხადია. ძველი წიგნების ეშხი ჩემზე უკეთაც კი იცის და, დროდადრო, ისეთ მარგალიტებს პოულობს და მჩუქნის, თავად ვერაფრით ვერ მივაგნებდი, მაგრამ ბლოგს მაინც დავწერ. რა იცი, რა ხდება.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

20151110_231855

მოლის სტუმრებს თავისი ცნობისმოყვარე მასპინძლის ამბავი კარგად მოეხსენებათ – მარტო საკუთარი კი არა, სხვისი წიგნებიც ძალიან მაინტერესებს. საკმარისია, ტრანსპორტში ვინმე საკითხავში ცხვირჩარგული დავინახო, რომ, ჩემი სპორტული მონაცემების კვალობაზე, არნახულ ილეთებს ვატარებ ყდის შესათვალიერებლად ან ტექსტში ჩასაჭყეტად. წიგნს კიდევ რა უშავს, თქვენ უნდა ნახოთ, ვინმე ტელეფონში რომ კითხულობს რამეს და კისერწაგრძელებული რომ ჩავცქერი – რა მომათმენინებს, სათაური არ გავიგო. ვინ იცის, რას ფიქრობენ ამ დროს გარშემომყოფნი ჩემზე და ჩემს ზრდილობაზე – სერიოზული ეჭვი მაქვს, კარგს არაფერს.

ეს მავნე ჩვევა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ნაადრევი ბავშვობიდან მომყვება – სხვისი თაროების თვალიერება მაშინაც მიყვარდა. ბიბლიოთეკა მშობლებსაც არ დაეწუნებოდათ და ახლა კიდევ უკეთესი მაქვს – სათითაოდ შერჩეული წიგნები მაქვს ჩაწიკწიკებული. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნოსტალგია შორეული წარსულისკენ მახედებს და ის პატარა მოლი მახსენდება, სოფელში, ნათესავებთან სტუმრობის წინ მთელი ღამე რომ არ ეძინა სიხარულისგან, ოღონდ არ გეგონოთ, იქაურები მიყვარდა ასე ძალიან. არა, სანათესაოს რას ვერჩი, მაგრამ ჩემი ბედნიერების მთავარი მიზეზი მეორე სართულზე, დიდ ოთახში მეგულებოდა – უზარმაზარი ბიბლიოთეკა ძლივს ეტეოდა სამ კედელზე. მისალმების, ხვევნა-კოცნის, “უი, რამხელა გაზრდილა“-ს ცერემონიალს რომ ჩავათავებდი, ხელში მიჩეჩებული ჩურჩხელებით ავრბოდი კიბეზე, მივადგებოდი წიგნებით გაძეძგილ თაროებს და სათითაოდ გადმოლაგებას რომ დავიწყებდი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო ამქვეყნად. აღარც ჭამა მახსოვდა, აღარც სმა, გაფაციცებით ვარჩევდი საჩემო წიგნებს შინ წასაღებად და განზე ვაწყობდი.

ახლა რომ ვიხსენებ, სულ სხვა ხიბლი ჰქონდა იქაურობას, ძველი წიგნების, მტვრის, სიძველეშეპარული ხის სუნს, გაცრეცილ ფურცლებს, გულუბრყვილო წარწერებს სატიტულო გვერდზე… ჭრაჭუნა ფიცრულ იატაკზე გაფენილ ორნამენტებიან ხალიჩას, ხონთქარივით ფეხმორთხმული რომ ვიჯექი ხოლმე, ზვინად წამოდგმული წიგნების გვერდით.

(more…)

Read Full Post »

1509184_662960330409072_1594036024_n

ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ წიგნი შეცდომით როგორ უნდა იყიდოო, იკითხავთ.

ავტორი ჰყავს, სათაური აქვს, ანოტაცია, თაროზე დევს, შავი ყუთით ხომ არ მოაქვთო.

როგორ და… ახლავე მოგიყვებით.

ძველი ამბებია, უმთავრესად – ბავშვობისდროინდელი.

პირველი წიგნი, სიმართლე გითხრათ, არ მიყიდია. მშობლების უკიდეგანო ბიბლიოთეკის ქექვისას გადავაწყდი. წიგნებით გაძეძგილი რომელიღაც კარადის წინ მქონდა ფეხი მორთხმული მორიგი უსაქმურობის ჟამს და არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებდი (გამოყრილ წიგნებს მერე დედა ალაგებდა, მაგრამ ასეც ნუ დავწვრილმანდებით).

ჰოდა, ვჩხრეკ ამ კარადას და უცებ ახალ წიგნს გადავაწყდი. ჩემთვის ახალს, თორემ კაი ხნის იყო, ეტყობოდა. ფერადი ყდა ჰქონდა, საყვარლად მოხატული, სათაურიც ოკრობოკრო ასოებით ეწერა და რაღაც საბავშვოს მივაგენი-მეთქი, ვიფიქრე. თან ფორმატი ჰქონდა უცნაური, ჟურნალს უფრო ჰგავდა.

(more…)

Read Full Post »

Chemi rcheuli

“ჩემი რჩეული”. პალიტრა L

აი, ხომ არსებობს წიგნები, ზეპირად რომ იცი.

გადაშლი, მგონი, მეასედ, კითხულობ და ყველაფერი გახსოვს – სახელები, გვარები, ამბები, რეპლიკები, ვინ რა თქვა, ვის სად გაეცინა… ნიუანსები გახსოვს, დეტალები.

მათი პირველწაკითხვით მოგვრილი ემოციაც გახსოვს. ელდა და გაოგნება…

ძველი ამბავია.

მეექვსე კლასში ვარ. გურიაში ვისვენებ, დედულეთში. ზაფხულია. წვიმს, წვიმს,  ცა ფეხად ჩამოდის. ვისაუზმეთ. საქმე არ მაქვს. გარეთ რა გავა… ადამისდროინდელ ტელევიზორში, ერთადერთ არხს რომ იჭერს წვალებით, საინტერესო არაფერია, ჰოდა, მივადექი წიგნების კარადას.  ჩვენში დარჩეს და, უკეთესი ამინდიც რომ ყოფილიყო, მაინც იმავეს ვიზამდი :)

მე ახლაც ძალიან მიყვარს სოფლის ბიბლიოთეკებში ქექვა. ისეთ რამეს იპოვი, თბილისში, პრიალაყდიანი ბესტსელერებისა და თავბრუდამხვევი სიახლეების გადამკიდეს, სულ რომ არ მოგაგონდებოდა. ძველი წიგნებიო, რად ვარგაო, სასაცილო და გულუბრყვილო გამოცემებიაო; არადა, ზოგჯერ ისეთ სასუსნავს გადააწყდები, შენი მოწონებული…

მოკლედ, მივადექი წიგნებით გატენილ კარადას. ვათვალიერებ. ერთი გადმოვიღე, მეორე, მესამე და უცებ  – ნოდარ დუმბაძე. “მარადისობის კანონი”.

(more…)

Read Full Post »

ჩემი პირველი ლინდგრენი <3ბიბლიოთეკა რომ ჩემი სიამაყეა, მგონი, უკვე მთელმა საქართველომ გაიგო და დაკვირვებული მეგობრები იმასაც შეამჩნევდით, რომ ფეისბუქ-ალბომები სულ წიგნების სურათებით მაქვს გაძეძგილი.

ყოველგვარი ყალბი მოკრძალების გარეშე გეტყვით, უყურადღებოდ არც ერთი კადრი არ დარჩენილა, დაინტერესებული მნახველი არ დაჰკლებია, მაგრამ ამ შაბათს მაინც განსაკუთრებული და არნახული ჟრიამული მქონდა კედელზე. ნაცნობ-უცნობი შეიყარა, სიცილაკების და კომენტარების ცვენა იყო :) ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, სიამოვნებისგან სულ ხელებს ვიფშვნეტდი.

არადა, რომელიმე აქტუალური და მოდური ბიბლიო-სერიის ფოტო კი არ გამომიქვეყნებია, არც მორიგი საამაყო შენაძენი გამომიმზეურებია – ასტრიდ ლინდგრენის ძველთაძველ ტომს გადავუღე სურათი, კარლსონს და პეპის.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: