Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შოკოლადი’

 

 

SONY DSC

სათაურმა თუ გაგაკვირვათ და ეს დაბეგვილი სნიკერსი რაღა ჯანდაბააო, იფიქრეთ, ნუ აჩქარდებით – პოსტის ბოლოს ყველაფერს აგიხსნით.

მანამდე შოკოლადზე ვილაპარაკოთ.

ერთხელ უკვე დავწერე შოკოლადზე, მაგრამ, უკბილო ხუმრობისა არ იყოს, ჩემი ბლოგია და მოტოციკლს იქ დავკიდებ, სადაც მინდა. თემის გამეორება არავის აუკრძალავს.

ესეც არ იყოს, შოკოლადია, სამარხვო წვნიანი ხომ არა – ნამდვილად იმსახურებს მეორე პოსტს.

კოლეგა ბლოგერს ეწერა ერთგან, შოკოლადი იმასაც კი უყვარს, ვისაც ჰგონია, რომ არ უყვარსო.

მე ასეთ ფილოსოფიურ სიღრმეებს ვერ ვწვდები. სამაგიეროდ, მგონია კი არა, ზუსტად ვიცი, რომ შოკოლადი ღრმა ბავშვობიდან მიყვარს.

ჯერ კიდევ იმ დროიდან, მამას მოსკოვიდან და ლენინგრადიდან რომ ჩამოჰქონდა და საბავშვო ბაღში ჯიბეებგამოტენილი დავდიოდი – სხვებისთვისაც ხომ უნდა მეწილადებინა. სკოლაშიც რომ მატანდა ბებია თითო ფილას – გონებას ხსნისო. წიგნი დამრჩენია შინ, რვეული, ჩანთაც კი. შოკოლადი – არასოდეს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Tiramisù poster

მართალია, კალენდარზე უკვე აპრილია, მაგრამ გაზაფხული მაინცდამაინც არ იგრძნობა, ასე არ არის?! ქარმა და წვიმამ, გამოგიტყდებით, უკვე გვარიანად მომაბეზრა თავი და ერთი პატარა დღესასწაული, მგონი, არ გვაწყენდა; ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ვერანდაზე ჯერ ისევ ცივა და იმასაც კი ვფიქრობ, ბუხარი ხომ არ გამეჩაღებინა, თქვენ რას იტყვით?

მინდა, გითხრათ, რომ ვინც ამისთანა ამინდში მოლისთან სტუმრობა არ დაიზარა, ნამდვილად არ ინანებს – დღევანდელი დესერტი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტთ და ყელსაც ჩაიკოკლოზინებთ; ოღონდ იქამდე, როგორც გვჩვევია, მცირე ისტორიას გიამბობთ.

ამბობენ, რომ ეს სასუსნავი სადღაც მე-17 საუკუნეში, ტოსკანის ჰერცოგის – კოზიმო მედიჩის პატივსაცემად მოამზადეს გენუელმა მზარეულებმა; დაიკაპიწეს მკლავები, მოიმარაგეს ნაღების ყველი მასკარპონე, ესპრესო, ღვინო მარსალა, კვერცხი, შაქარი, ჰაეროვანი ბისკვიტები, დატრიალდნენ ღუმელთან და… ისეთი დესერტი გამოუვიდათ, მისმა ბრწყინვალებამ რეცეპტის გარეშე ფლორენციაში დაბრუნება აღარ ისურვა თურმე.

(more…)

Read Full Post »

being ill

მესამე კვირაა, ავად ვარ.

არა, სერიოზული არაფერია, ტრავმატოლოგების და ქირურგების დახმარება არ დამჭირვებია. უბრალოდ, ამინდებია გაუგებარი, მე კი ჟოლოს ნაყინი, ჩემი ბიბლიოთეკის გარდა, ყველაფერს მირჩევნია… ჰოდა, გავცივდი.

გავცივდი და ვერაფრით მოვახერხე გამოკეთება.

ანდა, როგორ მოვახერხებდი, როდესაც ამის ერთადერთი წამალი არსებობს – კაბინეტის კარი უნდა გამოიკეტო – ერთი კვირა ნუ შემაწუხებთო, ლოგინში ჩაწვე გემრიელად, პომპონიანი ქუდი ჩამოიფხატო, გვერდით “ქინდლი” ან რომელიმე ახალი წიგნი მოიდო, ტელევიზორი ჩართო, ბევრი იკითხო, ბევრ მულტფილმს უყურო, უამრავი ცხელი ჩაი დალიო საყვარელი, კროსვორდისნახატიანი ჭიქით და ბევრი იძინო…

მე კი, ჩაწოლას ვინ ჩივის, ისევ სამსახურში დავლასლასებ და გამოძინებას შაბათ-კვირასაც კი ვერ ვახერხებ.

(more…)

Read Full Post »

Quick Cheddar Cheese Fondue

თქვენი არ ვიცი, მე კი ძალიან მომენატრა ვერანდაზე სტუმრების ჟრიამული. კარგად მახსოვს, ბოლოს ზამთრის ბაღში მოვიყარეთ თავი, ჩაის შევექცეოდით და ჩინებულად ვიხალისეთ. მართალია, სუფთა ჰაერზე  გადაბარგება ცოტა ნაადრევად მოგვივიდა – გადარეული მარტი არ გვასვენებს, მაგრამ გაციების ნუ შეგეშინდებათ – თბილი, ღუნღულა პლედები მაქვს მომარაგებული, თანაც დღეს ცხელი კერძის შემოთავაზებას ვაპირებ და, იმედი მაქვს, არ გამეყინებით.

სანამ სასუსნავს ჩამოვარიგებდე, შეგიძლიათ, ჩემი ახალი “ქინდლი” დაათვალიეროთ –  ტრაბახში კი ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ძალიან მიხარია ამ კონკურსში გამარჯვება და რა ვქნა. ქევან, გახედე ერთი თაიას, რა აყვირებს, მგონი, ხეზე აძვრა და ვეღარ ჩამოდის. სოფიმ – მოგეხმარებიო და უკვე ორი თეფში გამიტეხა – აშკარად აჯობებს, მე თვითონ დავტრიალდე, თქვენ კი მოხერხებულად მოკალათდით და დღევანდელი მენიუს შესახებ ორიოდე სიტყვით გიამბობთ.

წეღან სიცივე ტყუილად არ მიხსენებია – ფონდიუ, რომლითაც დღეს თქვენთან თავის მოწონებას ვაპირებ, ზუსტად გასათბობად გამოიგონეს შვეიცარიელმა მწყემსებმა. რა უნდა ექნათ საწყლებს –  ყურყუტებდნენ თოვლით დაფარულ ალპებში და თან მხოლოდ გამხმარი ყველის კვერი, ცოტაოდენი ხმელი პური და ღვინო ჰქონდათ. ზამთრის თოვლიან, უსასრულო ღამეებში, ვერც კოცონი შველოდათ და და ვერც ცხვრის ტყავისაგან შეკერილი ტყაპუჭი. უვლიდნენ გარშემო ფარას, კანკალებდნენ და თბილ სამზარეულოზე, ცხელ საჭმელსა და ცოლის ალერსზე ოცნებობდნენ.

(more…)

Read Full Post »

1519 წელს სახელგანთქმულმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა მექსიკის დედა­ქალაქი ტენოჩტიტლანი დაიპყრო და იმპერატორ მონტესუმას სასახლის საწყობებში კაკაოს გამხმარი მარცვლების უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა.

არავინ იცის, ვინ გაანდო თავზეხელაღებულ დამპყრობელს ამ მარცვლებისაგან ჯადოსნური სასმელის დამზადების რეცეპტი… შესაძლოა, თავად აცტეკთა დატყვევებულმა იმპერატორმა, თავისუფლების მოპოვების იმედით… ისტორია ამის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ღვთაებრივ სასმელს ერნან კორტესს მშვენიერი მექსიკელი თარჯიმანი მალინჩე უმზადებდა, რომელიც უცხოტომელი დამპყრობლის სიყვარულმა ისე დააბრმავა, რომ მისი მსტოვრობა იკისრა და სარეცელი გაიზიარა.

ალბათ, საღამოობით, მონტესუმას დიდებული სასახლის ვრცელ დარბაზებში მონებივრე კორტესს მალინჩე უამბობდა ლეგენდას მებაღე კვეცალკოატლზე, რომელიც ღმერთებმა  ულამაზესი ბაღების გაშენების უნარით დააჯილდოვეს… უამბობდა, როგორ გამოზარდა კვეცალკოატლმა პატარა, უშნო ხე და როგორ დაამზადა მისგან მწარე და არომატული სასმელი, რომელიც ადამიანს სევდას უქარვებდა და დაღლილობას ერთი ხელის მოსმით უფანტავდა…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: