– რითი გაგვიმასპინძლდებიან? – ჰკითხა გამხიარულებულმა კარლსონმა.
– უპირველეს ყოვლისა, ტორტს მოგვართმევენ. ზედ რვა სანთელი ენთება.
– უჰ, რა გამახარე! – ხელები მოიფშვნიტა კარლსონმა, – მაგრამ მეცა მაქვს ერთი წინადადება.
– აბა, თქვი!
– არ შეიძლება ვთხოვოთ დედაშენს, რომ ერთი რვასანთლიანი ტორტის ნაცვლად რვა თითოსანთლიანი გამოგვიცხოს?
ადრეული ბავშვობიდან შემომრჩა ეს მოგონება: გვიან ღამით, საინტერესო გადაცემა ან წიგნი რომ შეგიყოლიებს, წევხარ შენთვის მყუდროდ, საბნიდან ცხვირამოყოფილი, არავინ გაწუხებს, და ამ ნეტარ სიჩუმეში სამზარეულოდან მიქსერის ზუზუნი გესმის – დედა ტორტს აცხობს.
პურს დიდი ხანია აღარ ვყიდულობთ. არც სააღდგომო ღვეზელს. ისეთი კულინარიული გუნდი გვყავს, შეფმზარეული დედის მეთაურობით, ერთ თავმოყვარე საფუნთუშეს ეყოფა. ხაბაზობაც გვეხერხება და ნაირ-ნაირი ნამცხვრებიც გადასარევად გამოგვდის.
ტორტიც შინაური გვირჩევნია :)