Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘შექსპირი’

my books

23 აპრილი წიგნის დღეა.

კაცმა რომ თქვას, ბიბლიოფილებისთვის ყოველი დღე წიგნისა არ არის? და კალენდარში წითლად მონიშვნა სულაც არ სჭირდება, მაგრამ იუნესკოს ამბავი ხომ იცით – ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ, გამოფენები გავმართოთ, საჩუქრები დავარიგოთ, ლამაზი და მხიარული ტრადიციები დავნერგოთო…

შექსპირის და სერვანტესის გარდაცვალების დღეა და, სადაც სამართალია, ბიბლიოგურმანები ისედაც უნდა აღნიშნავდნენო.

ჰოდა, ზეიმობენ ასე, თითქმის ოცი წელია.

ყველგან, სადაც წიგნები უყვართ – რომშიც, პარიზშიც, მადაგასკარზეც და თბილისშიც.

ქართულ წიგნის დღეს პირველად სამი წლის წინ დავესწარი – ახალწამოჩიტული ბლოგერი გახლდით და ასეთ საკბილოს ხელიდან როგორ გავუშვებდი; დედაენის ბაღში ვიბოდიალე, კარგ მუსიკას მოვუსმინე, კარგი ხალხი ვნახე და მოწონებული წიგნებიც წამოვაყოლე ხელს.

ჰოდა, ტრადიციაც დამკვიდრდა. მადლობა ღმერთს და კრეატიულ ხალხს – 23 აპრილს ყოველთვის რაღაც ხდება. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მკითხველებს რომელიმე ბაღში ან სკვერში უყრის თავს; მაღაზიები განსაკუთრებულ ფასდაკლებებს გეგმავენ, გამომცემლობებს საგანგებოდ მომზადებული სიახლეები გამოაქვთ – ერთი ამბავია, მოკლედ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ღმერთმა აიღო მზის რამდენიმე კაშკაშა სხივი, რიჟრაჟის ყველა მომაჯადოებელი ფერი, მთვარის კაეშანი, გველის სილამაზე, კნუტის სიცელქე, ბულბულის ხმა, გველის სილამაზე, ბეწვეულის ალერსიანი სითბო, ცეცხლის მცხუნვარება, ყინულის სიმყიფე, თაფლის სიტკბო, ანდამატის მიმზიდველობა-და ერთმანეთში აურია; მერე, მოსაყირჭებელი რომ არ ყოფილიყო,  დაუმატა ვარსკვლავთა ციმციმი, ქარის მოუსვენრობა, ღრუბლების ცრემლთა დენა, მელას ეშმაკობა, ბუზის აბეზარობა, ჯორის სიჯიუტე, ზვიგენის გაუმაძღრობა, ობობას ოსტატობა, ქამელეონის ფერისცვალება, თაგვის შიში, ძუ ვეფხვის ეჭვიანობა, წურბელას შურისგება, გველის შხამიანობა, ოპიუმის მათრობელობა, ზვავის ულმობელობა და სხვა სტიქიური უბედურება. ყოველივე ეს მან შეაზავა, გამოკვეთა სხეული და შთაბერა სიცოცხლე…

ასე მოევლინა ქვეყანას ქალი, რომლის მოდგმას მოლი ბლუმის ჯეოპარდის დღევანდელი ტური ეძღვნება.

Good luck!

(more…)

Read Full Post »

book and rose day

შაბათ დილას მთელი მსოფლიოს ბიბლიოფილები ჩინებულ ხასიათზე და სასიამოვნო მოლოდინით დამუხტულნი გაიღვიძებენ – უკვე 15 წელია, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღედ არის გამოცხადებული. რასაკვირველია, სასიამოვნოა, რომ წელიწადის 365 დღიდან ერთი უპირობოდ შენი კუთვნილებაა, თუმცა მთავარი აქ სხვა რამ გახლავთ – თითქმის ყველა ქვეყანაში 23 აპრილს წიგნის გამოფენა-გაყიდვა იმართება ხოლმე და ბიბლიოფილებს შეუძლიათ, დილიდან სანუკვარ გარემოში იტრიალონ. რა შეედრება საათობით ბოდიალს თაროებსა და სტელაჟებს შორის, საღებავშეუმშრალი ფურცლების სურნელით გაჟღენთილ ჰაერს და იმის შეგრძნებას, რომ ირგვლივ მხოლოდ შენიანები არიან – წიგნის სიყვარულით შეპყრობილი მანიაკები, რომლებიც ხარბი გამომეტყველებით დასუნსულებენ აქეთ-იქით და ცდილობენ, ლიტერატურული ნუგბარი სხვამ არ აწაპნოს ცხვირწინ.

1995 წელს, როდესაც იუნესკოს მორიგ სესიაზე ამ თარიღის დღესასწაულად გამოცხადებას გეგმავდნენ, არჩევანი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა –  23 აპრილს გარდაიცვალა კაცი, რომლის ჯულიეტას მთელი მსოფლიოს მიჯნურები დღემდე უგზავნიან ბარათებს და გულისნადებს უზიარებენ – ინგლისური დრამატურგიის გენია უილიამ შექსპირი;  ამავე დღეს მოევლინა ქვეყანას მორის დრიუონი – შუა საუკუნეების საფრანგეთის მხატვრული ისტორიის შემოქმედი; მწუხარე  სახის რაინდისა და ერთგული სანჩო პანსას ლიტერატურული მამის – მიგელ დე სერვანტესის და განთქმული ისტორიკოსის, ინკების ისტორიის თავგამოდებული მკვლევარის –  გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალებაც 23 აპრილით გახლავთ დათარიღებული.

ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს პატარა და ლამაზი ისტორია, რომლის შესახებ, ალბათ, ბევრმა ადამიანმა იცის, მაგრამ მე მაინც მინდა, ჩემს მკითხველებს ვუამბო.

(more…)

Read Full Post »

იყო დრო, როცა წერილები ყოველგვარი მარკების გარეშე მოგზაურობდნენ დანიშნულების ერთი წერტილიდან მეორემდე. წვივმაგარ ცხენებზე ამხედრებულ მალემსრბოლებს უბით, აბგით, ფართოფარფლიანი ქუდებით გადაჰქონდათ ზოგჯერ უმნიშვნელო, ზოგჯერ კი ფასდაუდებელი ცნობების ან  სახელმწიფო თუ პირადი საიდუმლოებების შემცველი ბარათები. უწყინარი საფოსტო მტრედის ფეხზე გამობმულ წერილს ხომ  საერთოდ არანაირი მარკა არ სჭირდებოდა. თუმცა, გამოხდა ხანი და ფოსტის მუშაობის გასაადვილებლად დღის სინათლე პატარა, მართკუთხა ქაღალდებმა იხილეს.

მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, 1840 წელს გამოშვებული “Pennie Black”  უპრეტენზიო  შავ ფერში იყო გადაწყვეტილი. მას შემდეგ 172  წელია გასული. ამ დროის განმავლობაში ფერის, სიუჟეტისა და დიზაინის მიხედვით განსხვავებული უამრავი მარკა შეიქმნა, თუმცა, რასაკვირველია, მარკების თემა დღეს ძველებურად აქტუალური აღარ არის.  ბუთქუნა კონვერტები და ხელით ნაწერი წერილები წარსულს ჩაბარდა. ადამიანთა უმრავლესობა, უკვე კარგა ხანია, მეგობრებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტის და სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობს,  მაგრამ მარკებს ფილატელისტებისთვის (და არა მარტო მათთვის) მიმზიდველობა არ დაუკარგავს.

მარკა ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტი და ერთგვარი სავიზიტო ბარათია  (უფრო მეტიც – ჯუჯა სახელმწიფო სან–მარინოს ხაზინა ძირითადად მარკებით ვაჭრობის გზით ივსება), ამიტომ, ბუნებრივია, მის იერსახეს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან და  სიუჟეტს დაკვირვებით არჩევენ. მარკებზე გამოსახავენ ცნობად სახეებს, მონარქიულ ქვეყნებში  – სამეფო ოჯახის წევრებს, ღირშესანიშნავი მოვლენებისადმი მიძღვნილ კომპოზიციებს,  მცენარეებს და ცხოველებს, არქიტექტურულ და ბუნებრივ ძეგლებს, მწერლებს და არც თუ იშვიათად – ლიტერატურულ პერსონაჟებს.

(more…)

Read Full Post »

1818 წელს შოტლანდიელმა ექიმმა ტომას ბაუდლერმა შექსპირის პიესებიდან ვიქტორიანული მორალისთვის მიუღებელი ყველა სიტყვა და პასაჟი ამოიღო. შედეგად მკითხველმა “საოჯახო შექსპირის” სახელით ცნობილი გამოცემა მიიღო, ინგლისური ენა კი ნეოლოგიზმი “ბაუდლერიზებით” გამდიდრდა.

ლიტერატურული 2011 წელი ამერიკაში ბაუდლერიზაციის მორიგი აქტით იწყება.   NewSouth Books-ი, თებერვლის შუა რიცხვებისათვის, მარკ ტვენის “ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის“ რედაქტირებული, თანამედროვე პოლიტკორექტულობის ნორმებთან შეხამებული ვერსიის გამოცემას გეგმავს.  წიგნიდან სიტყვებს  “nigger” და “injun” (წითელკანიანი) ამოიღებენ.

პროექტის ავტორს, მარკ ტვენის შემოქმედების მკვლევარს ალან გრიბენს თუ დავუჯერებთ, მწერალი ამ სიტყვებს მარტო “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალში”  219-ჯერ იყენებს. გრიბენის განცხადებით, ახალ გამოცემაში “nigger”-ს და “injun”-ს “მონა” ჩაანაცვლებს.

ამერიკული ლიტერატურის შედევრის რედაქტირების მცდელობას უკვე მოჰყვა აღშფოთებულ მკითხველთა ელექტრონული წერილების წვიმა. პროექტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ მარკ ტვენის ენა ამერიკის ისტორიის ნაწილია, კონკრეტული ეპოქის რეალობას ასახავს და კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე კრიტერიუმების შესაბამისად შეცვლა მწერლის შეურაცხყოფაა. ამასთან,  იზრდება გრიბენის მომხრეთა რიცხვიც. ტვენის „გაკეთილშობილების“ იდეას, ძირითადად, აფროამერიკელები მიესალმებიან და იხსენებენ, რომ  “ჰეკლბერი ფინის თავგადასავლის”  საჯაროდ კითხვისას არაერთხელ ჩავარდნილან უხერხულ მდგომარეობაში.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: