Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ყველი’

Tiramisù poster

მართალია, კალენდარზე უკვე აპრილია, მაგრამ გაზაფხული მაინცდამაინც არ იგრძნობა, ასე არ არის?! ქარმა და წვიმამ, გამოგიტყდებით, უკვე გვარიანად მომაბეზრა თავი და ერთი პატარა დღესასწაული, მგონი, არ გვაწყენდა; ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ვერანდაზე ჯერ ისევ ცივა და იმასაც კი ვფიქრობ, ბუხარი ხომ არ გამეჩაღებინა, თქვენ რას იტყვით?

მინდა, გითხრათ, რომ ვინც ამისთანა ამინდში მოლისთან სტუმრობა არ დაიზარა, ნამდვილად არ ინანებს – დღევანდელი დესერტი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტთ და ყელსაც ჩაიკოკლოზინებთ; ოღონდ იქამდე, როგორც გვჩვევია, მცირე ისტორიას გიამბობთ.

ამბობენ, რომ ეს სასუსნავი სადღაც მე-17 საუკუნეში, ტოსკანის ჰერცოგის – კოზიმო მედიჩის პატივსაცემად მოამზადეს გენუელმა მზარეულებმა; დაიკაპიწეს მკლავები, მოიმარაგეს ნაღების ყველი მასკარპონე, ესპრესო, ღვინო მარსალა, კვერცხი, შაქარი, ჰაეროვანი ბისკვიტები, დატრიალდნენ ღუმელთან და… ისეთი დესერტი გამოუვიდათ, მისმა ბრწყინვალებამ რეცეპტის გარეშე ფლორენციაში დაბრუნება აღარ ისურვა თურმე.

(more…)

Read Full Post »

Caesar Salad with Crab

ასეთ არეულდარეულ ამინდში, დამეთანხმეთ, ბუხართან მიფიცხებას არაფერი სჯობს. თუ ცეცხლის მხიარულ ტკაცატკუცს არ დავჯერდებით და რაიმე გემრიელ სასუსნავსაც გამოვძებნით, მთლად უკეთესი. მით უმეტეს, რომ კარგა ხანია, ზამთრის ბაღი მიჩუმებულია და მოწყენილი – თქვენებური აურზაური ნამდვილად არ აწყენდა.

ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მასპინძელმა პატარა მზაკვრობა ჩაიფიქრა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხარ-თეძოზე წამოწვება და გაქაფული მოლი აქეთ-იქით ირბენს თეფშებით ხელში, ძალიან ცდება. ერთი ძველთაძველი და ფრიად პატივსაცემი სიბრძნე ხომ გახსოვთ? დიახ, დიახ, “ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს”-ო, რომ გვასწავლის. ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი კერძი ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვამზადოთ და მირთმევითაც ერთად მივირთვათ. წინსაფრები უკვე მოვიმარაგე, თავშესაქცევი ისტორია კი, როგორც ყოველთვის, ჩემზე იყოს.

მოდით, ფუნქციები თავიდანვე გავინაწილოთ, რომ არავინ დაგვეჩაგროს. თამარა სალათის ფოთლებს მიხედავს – წინასწარ ჩავაწყვე ცივ წყალში, რომ უფრო ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს. ახლა მხოლოდ შემშრალება და ხელით დაფლეთა სჭირდება – დანასთან შეხება გემოს უკარგავს.

მერი, შენ ორცხობილა უნდა მოგვიმზადო – პური მაგიდაზეა, პატარა კუბიკებად დაჭერი და ტაფაზე მოხალე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, კარგი?

(more…)

Read Full Post »

Quick Cheddar Cheese Fondue

თქვენი არ ვიცი, მე კი ძალიან მომენატრა ვერანდაზე სტუმრების ჟრიამული. კარგად მახსოვს, ბოლოს ზამთრის ბაღში მოვიყარეთ თავი, ჩაის შევექცეოდით და ჩინებულად ვიხალისეთ. მართალია, სუფთა ჰაერზე  გადაბარგება ცოტა ნაადრევად მოგვივიდა – გადარეული მარტი არ გვასვენებს, მაგრამ გაციების ნუ შეგეშინდებათ – თბილი, ღუნღულა პლედები მაქვს მომარაგებული, თანაც დღეს ცხელი კერძის შემოთავაზებას ვაპირებ და, იმედი მაქვს, არ გამეყინებით.

სანამ სასუსნავს ჩამოვარიგებდე, შეგიძლიათ, ჩემი ახალი “ქინდლი” დაათვალიეროთ –  ტრაბახში კი ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ძალიან მიხარია ამ კონკურსში გამარჯვება და რა ვქნა. ქევან, გახედე ერთი თაიას, რა აყვირებს, მგონი, ხეზე აძვრა და ვეღარ ჩამოდის. სოფიმ – მოგეხმარებიო და უკვე ორი თეფში გამიტეხა – აშკარად აჯობებს, მე თვითონ დავტრიალდე, თქვენ კი მოხერხებულად მოკალათდით და დღევანდელი მენიუს შესახებ ორიოდე სიტყვით გიამბობთ.

წეღან სიცივე ტყუილად არ მიხსენებია – ფონდიუ, რომლითაც დღეს თქვენთან თავის მოწონებას ვაპირებ, ზუსტად გასათბობად გამოიგონეს შვეიცარიელმა მწყემსებმა. რა უნდა ექნათ საწყლებს –  ყურყუტებდნენ თოვლით დაფარულ ალპებში და თან მხოლოდ გამხმარი ყველის კვერი, ცოტაოდენი ხმელი პური და ღვინო ჰქონდათ. ზამთრის თოვლიან, უსასრულო ღამეებში, ვერც კოცონი შველოდათ და და ვერც ცხვრის ტყავისაგან შეკერილი ტყაპუჭი. უვლიდნენ გარშემო ფარას, კანკალებდნენ და თბილ სამზარეულოზე, ცხელ საჭმელსა და ცოლის ალერსზე ოცნებობდნენ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: