Feeds:
ჩანაწერები
Comments

Posts Tagged ‘ქართული ჟურნალები’

ამას წინათ, ერთერთ პრეზენტაციაზე, პრეზენტატორმა, სხვა რაღაცებთან ერთად, ასეთი რამ თქვა, თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში ორი, გამოკვეთილად პოპულარული, ჟანრი დომინირებს – ბიოგრაფიული რომანი და საბავშვო პროზაო.

მასშტაბურ დასკვნებს ვერიდები, რაც არ ვიცი, იმაზე საუბარი ძალიან არ მიყვარს. ოღონდ ქართულ გამომცემლობებს თვალს, დიდი ხანია, ვადევნებ და საკუთარი ბავშვობაც გადასარევად მახსოვს. ფაქტია, ბავშვები ძალიან მომთხოვნი და მადლიერი მკითხველები არიან. ყველაზე მადლიერი, მე ვიტყოდი.

თავად განსაჯეთ – მკითხველთა მრავალრიცხოვანი არმია, რომელსაც არც ავტორის პოლიტიკური შეხედულებები აინტერესებს, არც სხვა პრეფერენციები, არც ჩინ-მედლები, პრემიები და რეგალიები, არც ფეხის ზომა და თვალის ფერი. მხოლოდ საინტერესო, ხარისხიან, გემოვნებით შერჩეულ, ლამაზად დასურათებულ საკითხავს ითხოვს. აქაოდა, პატარაა, რას მიხვდებაო – ნურას უკაცრავად, სიყალბეს ვერ შეაპარებ.

სამამულო გამომცემლობების კატალოგებს რომ გადახედოთ, საბავშვო-საყმაწვილო კოლექცია თითქმის ყველას მოეძებნება. ზოგისთვის ეს ხაზი პრიორიტეტულია, ზოგისთვის – ნაკლებად, მაგრამ პატარებს სულ უყურადღებოდ არავინ ტოვებს. ასეც უნდა იყოს. ერთგულ მკითხველზე იმთავითვე უნდა იზრუნო.

დალხენით ამ ჩვენს მზიურ წილხვედრში ვის ულხინს, საბავშვო ლიტერატურას რომ ჰქონდეს საქმე აწყობილი. საწუხარი იმდენია, ნახევარს ვერ ჩამოთვლი. წუწუნით თავს არ შეგაწყენთ, არ მიყვარს წუწუნი, რამდენიმე დაკვირვებას გაგიზიარებთ. ისე, შინაურულად.

(more…)

Read Full Post »

literaturuli palitra covers

ძველ ბიბლიოთეკებში, თუ გახსოვთ, წიგნების გვერდით საგანგებო სტენდები იყო, ჟურნალებით სავსე.

საბავშვო, ფერადნახატებიანი კი არა, სერიოზული, სქელ-სქელი, ლიტერატურული ჟურნალებით.

“ცისკარი”, ‘მნათობი”, “საუნჯე”, “ლიტერატურული საქართველო”, “ჭოროხი” – აჭარის მწერალთა კავშირის გამოცემა; რუსულებიც მოიძებნებოდა აქა-იქ.

მაშინ მე საბავშვოებსა და ფერადნახატებიანებს უფრო ვეტანებოდი და ამათ მაინცდამაინც არც ვაქცევდი ყურადღებას. გემო მერე გავუგე, დიდობაში, საჯაროს საცავებსა და პერიოდიკის დარბაზში ქექვისას.

ჟურნალები ერქვა, თორემ ბარე ორ წიგნს აჯობებდა და, რაც მთავარია, ისეთი რაღაცები იბეჭდებოდა, იმ დროს წიგნად გამოცემას ვინ აღირსებდა. ჟურნალში იოლი იყო შეპარება. ჰოდა, ბეჭდავდნენ.

ახლა სხვა დროა, არც წიგნები გვაკლია, არც ახალი თარგმანები, გამომცემლობებიც გადასარევად მუშაობენ, მაგრამ ლიტერატურულ პერიოდიკას აქტუალობა არ დაუკარგავს. მეც ერთი დიდი თარო მუდამ ახალ-ახალი ჟურნალებით მაქვს სავსე.

დღეს სწორედ ერთ მათგანზე მოყოლას ვაპირებ.

“ლიტერატურულ პალიტრას” კარგა ხანია ვკითხულობ. ჯერ ჩემს ჯიხურში ვყიდულობდი, ნინო დეიდა მინახავდა სხვა რაღაცებთან ერთად; მერე, ერთ დილას, გოგონამ დამირეკა, გამოწერაზე ხომ არ იფიქრებთ, ადვილზე ადვილია, თქვენ მხოლოდ დაგვთანხმდით, ბლანკების შევსებით არ შეგაწუხებთო.

(more…)

Read Full Post »

ჟურნალები როგორ მიყვარს, ხომ იცით. ახალ ჟურნალს, “ჰიდრომელიორატორის მაცნეც” რომ იყოს, აუცილებლად ჩავხედავ. მერე რა, რომ ჰიდრომელიორაციისა არაფერი გამეგება – ან კროსვორდი იქნება ბოლო გვერდზე, ან იუმორის კუთხე, ან კარგად გადაღებული სურათი, ან “ჰიდრომელიორაცია დამწყებთათვის”… მოკლედ, საინტერესოს მაინც ვიპოვი.

ახლა წარმოიდგინეთ ჩემი ინტერესი, როცა საქმე კულინარიულ გამოცემას ეხება )

რამდენი ხანია, საჩემო კულინარიულ ჟურნალს ვეძებ. აი, ისეთს, ერთხელ რომ აედევნები და ახალი ნომრის ჩასუსვნას სასიამოვნო და ურღვევ ტრადიციად აქცევ. თემაა ისეთი, აქტუალური და საყოველთაო, გამოცემების სიმცირეს არ ვუჩივით, მაგრამ ზოგისა შინაარსი არ მომეწონა, ზოგისა – ხარისხი, ზოგი ყველაფრით კარგი იყო, მაგრამ პირველი ნომრების მერე ისე უკვალოდ გაქრა, მე კი არა, იქაურმა ჟურნალისტებმაც ვერაფერი გაუგეს.

ჰოდა, ათიოდე დღის წინ ფეისბუქზე ერთ მშვენიერ გვერდს გადავაწყდი. მშვენიერ გვერდს და მშვენიერ ჟურნალს. დავათვალიერე, რაც ჰქონდათ გამოფენილი და მეორე დღეს ჩემს ჯიხურს მივადექი – გეთაყვა, ეს წითელყდიანი “კულინART”-ი მომეცით-მეთქი.

ჩავაგდე ჩანთაში (მე შენ გეტყვი, არ ჩამეტეოდა – ერთი ციცქნაა), წავიკითხე და ძველ ნომრებს დავუწყე ძებნა – ნაკლული არქივი არ მიყვარს. ან რა საყვარელია, თაროზე რაღაცები რომ გაკლია.

მოკლედ, “კულინარტი“.

(more…)

Read Full Post »

ჩემი ბავშვობის ბათუმიდან, სხვა საინტერესო რაღაცებთან ერთად, კიოსკებიც მახსოვს.

ჰო, ზუსტად ასე ვეძახდით – კიოსკები.

ახლა კი ვიცი, რომ ჯიხურია სწორი ფორმა, მაგრამ მაშინ ასე ვიყავით მიჩვეული და მეხსიერებასაც კიოსკებად შემორჩა. ჯიხური-მეთქი, რომ ვთქვა, ასე მგონია, რაღაც დააკლდება ჩემს ტკბილ და თბილ მოგონებებს.

ყველგან იყო, ყველა ქუჩაზე – კინო “თბილისთან”, ლენინზე, პიონერთა პარკთან, მეექვსე სკოლასთან, “ინტურისტის” ფოიეში… ყველგან.

განა რა იყიდებოდა? თითქოს განსაკუთრებული არაფერი – სამკერდე ნიშნები, უცნაური კალმები, ციცქნა ბლოკნოტები, პატარ-პატარა სუვენირები და, წარმოიდგინეთ, ბავშვისთვის ეს რამხელა განძი იყო…

და ჟურნალ-გაზეთები.

არა, ჟურნალ-გაზეთები (განსაკუთრებით – ჟურნალები) შინაც არ მაკლდა. ყველას რაღაც ჰქონდა გამოწერილი და მეც მომდიოდა “ნორჩი ლენინელი”, “დილა”, “მურზილკა” და “ვესიოლიე კარწინკი”, მოგვიანებით – “პიონერი”, ლატვიური საჭადრაკო პერიოდიკა. ვარდო ფოსტალიონს მოჰქონდა და არ მახსოვს, ოდესმე ერთი ნომერი მაინც დაკარგულიყოს. მოკლედ, თვიდან თვემდე საკითხავი არ მაკლდებოდა, მაგრამ კიოსკებში მაინც შევიხედავდი ხოლმე – სულ ჰქონდათ რაღაც უცხო და საინტერესო; არ მახსოვს, ხელცარიელი წამოვსულიყავი.

(more…)

Read Full Post »

"არილი". 2013 წლის აგვისტო და სექტემბერიძველი ამბით დავიწყებ.

2001 წელი იყო თუ 2002, ზუსტად არ მახსოვს. პარლამენტში ვმუშაობდი. საქმე ცოტა მქონდა, თავისუფალი დრო – ბევრი. ჰოდა, მოცალეობის ჟამს იქაურ ბიბლიოთეკაში დავდიოდი. იყო ამაში რაღაცა ეკოს ლაბირინთისეული – ოთხი სართულით ქვემოთ უნდა ჩასულიყავი, ხიდი გადაგევლო და ორი ლიფტი გამოგეცვალა; სამაგიეროდ, იჯექი შენთვის წყნარად და არავინ გიშლიდა ხელს.

უბედურება ის იყო, სტანდარტული, “საპარლამენტო“ წიგნები ჰქონდათ იქ – სქელ-სქელები და მოსაწყენები… კიდევ – რამდენიმე სულელური, ფერადი ჟურნალი და “არილი”. ორად ორი ნომერი.

არადა, ის დროა, ლიტერატურული პერიოდიკა კი არა, ხეირიანი გამოცემაც სანთლით არის საძებარი და საკითხავს საჯარო ბიბლიოთეკის საცავებიდან ვეზიდები. და უცებ – “არილი”. ახალი თარგმანები, ახალი ავტორები, უჩვეულოდ გემოვნებიანი გარეკანი. დავინტერესდებოდი, აბა, რა იქნებოდა.

ერთხელ ჩავედი იმ “არილის” ხათრით, მეორედ ჩავედი და მესამედ ბიბლიოთეკარს ვთხოვე, ამათ ზევით წავიღებ-მეთქი. კი, ბატონოო, – მაინცდამაინც არ გაუპროტესტებია.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: