ბლოგერ მკითხველებს ჩემზე უკეთ მოეხსენებათ, ვორდპრესულ ხლართებში ნაკლებად გათვითცნობიერებულებს კი გეტყვით, რომ სამზარეულოში, თქვენთვის ცხელ-ცხელი პოსტები რომ ცხვება, ერთი ასეთი კუთხეა – Search Engine Terms, იმ სიტყვებითა და ფრაზებით გამოჭედილი, ვიზიტორებს კომპასივით რომ მოუმარჯვებიათ და ბლოგს მოსდგომიან.
ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ვირტუალურ საკუჭნაოში ათასნაირი სიტყვა და ფრაზა ხვდება. სულო და გულო, რას აღარ წააწყდები! ზოგჯერ ისეთ მაძიებელს გადაეყრები, გაოცებისაგან თვალები შუბლზე აგიცოცდება – აქ როგორ მოხვდაო. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მათი გამომზეურება სახალისო კომენტარების თანხლებით კი ქართველ ბლოგერთა ძველი და ურყევი ტრადიციაა.
Search Term-ებს, ცხადია, მეტწილად ბლოგის თემატიკა განაპირობებს და არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ კულინარიურ რესურსზე სიტყვათსაცავი ძირითადად სალათებით, რეცეპტებითა და ნამცხვრებით არის გაძეძგილი, Fashion-ბლოგზე – ცნობილი ბრენდებით, მუსიკალურ ბლოგს სხვანაირად აგნებენ, სამხედროს – სხვანაირად…
მოლი ბლუმის ბლოგზე წიგნები, ავტორები და ლიტერატურული პერსონაჟები ჭარბობენ.