Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ფსევდომორალიზმი’

ჩვენი ამბავი ხომ იცით, ტრადიციები გვიყვარს.

არ აქვს მნიშვნელობა, ღირებულია თუ აზრს მოკლებული, ნამდვილი თუ გამოგონილი, ძველი და დროით გამოცდილი თუ ახალი, კაცმა არ იცის, როგორ დამკვიდრებული.

“შენი გადახდილიაც” ახალია, აგერ, ჩვენს თვალწინ ფესვგამდგარი. ზუსტი თარიღის დადგენა არ მიცდია, მაგრამ არ მგონია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაცნობისთვის მგზავრობის საფასურის გადახდა ფარნავაზიდან მოგვდგამდეს და ქართლის ცხოვრებაში იხსენიებოდეს.

დაპატიჟებაში თავისთავად ცუდი არაფერია, ადამიანის პატივისცემის ფრიად უწყინარი ხერხია, სანამ უბრალოდ სასიამოვნო ჟესტიდან დაუწერელ კანონად არ იქცევა და ვალდებულებად არ ჩამოგეკიდება კისერზე.

დაუწერელ კანონებს მზიურ წილხვედრში დაწერილზე მეტი ძალა რომ აქვს, ცნობილი ამბავია. სხვისი Oblico Morale-ს კონტროლზე ალესილი საზოგადოებაც დაუწერელი წესების შესრულებას ასკეც გაფაფიცებით აკვირდება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა. აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს…

(more…)

Read Full Post »

ქართულ ენაზე, ენის სიწმინდესა და გამართულ მეტყველებაზე რომ წერ, ძალიან უნდა იფრთხილო, თუნდაც ყველაზე კეთილი განზრახვით დაწერილი ტექსტი ჭკუის სწავლებაში, ურაპატრიოტულ მოწოდებებსა და ქსენოფობიურ გამოხტომაში არ გადაგეზარდოს.

სხვისთვის ჭკუის სწავლება და ურაპატრიოტიზმი ჭირივით მეზარება. ან მე ვის რა უნდა ვასწავლო. ჩემს ამბებს მოგიყვებით. დასარიგებლად და რჩევისთვის არა, ისე, შინაურულად.

ენა, მოგეხსენებათ, ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ვითარდება. ის, რაც დღეს შეცდომად ითვლება, ხვალ, შესაძლოა, ნორმად აღიარონ. აგერ, ვიღაცები ამბობენ, “გამარჯობათ” სწორი ფორმააო. მე მაინც ჩვეული “გამარჯობა” მირჩევნია. პატივისცემის გამოხატვას ზედმეტი “თ”-ს გარეშეც მოვახერხებ.

ენის ცოდნაც, ერთი ცნობილი სიგარის არ იყოს, მხოლოდ ენის ცოდნაა და მეტი არაფერი. თავანკარა ქართულით მოსაუბრე ნაძირლებიც შემხვედრია და ყოვლად გადასარევი ხალხიც, სამ სიტყვაში ხუთ შეცდომას რომ უშვებენ. მოკლედ რომ მოვჭრა, უხეირო ქართულს, ფეისბუქზე, ბლოგებზე და ყველგან, სადაც ვკითხულობ, თვალს ვარიდებ. უბრალოდ, ზოგჯერ მართლა სასაცილოა, ჭკუას ისე გარიგებენ, მეოთხეკლასელს რომ მსგავსი შეცდომებით მეწერა, თინა მასწავლებელი საკლასო ოთახში არ შემიშვებდა.

(more…)

Read Full Post »

 Édouard Manet. The Luncheon on the Grass. 1863

მიყვარს ადამიანები, ყალბ მორალისტებს და ფსევდოპურიტანელებს ხელთათმანს დაუნდობლად რომ უტკაცუნებენ სახეში.

მართალია, მე თავად ვერ დავიკვეხნი, ოდესმე საზოგადოება შოკში ჩამიგდია-მეთქი, მაგრამ მომწონს, სხვა თუ აკეთებს ამას.

ამას წინათ ჩემს “ვერნისაჟს” გადავხედე და გული მომიკვდა, ისეთი მიტოვებული მეჩვენა იქაურობა. თან ბოლო დროს რაღაც მეამბოხე განწყობა მეძალება და ბევრი აღარ მიფიქრია, წერა დავიწყე.

თავიდანვე უნდა ვაღიარო – ეს ტილო ჩემი საყვარელი შედევრების რიცხვს არ მიეკუთვნება.

საერთოდ, შედევრად არც კი მიმაჩნია.

ძალიან კარგი მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი რომ არის, ამას არც უარვყოფ; ფუნჯის ენერგიულ მონასმებსაც ვხედავ, ავტორმა თითქოს განგებ რომ დატოვა დაუსრულებლობის ეფექტის შესაქმნელად; სინათლის მძლავრ, თვალისმომჭრელ ნაკადსაც, იმდროინდელი ფერწერისთვის უცხო და უჩვეულო რომ იყო; განზრახ დარღვეულ სიმეტრიასაც. მაგრამ ყველაზე მეტად თვალში თავად სიუჟეტი მხვდება – სწორედ ის შოკისმომგვრელი სიუჟეტი, რის გამოც ფერმწერი ნატიფი ხელოვნების სალონიდან უბოდიშოდ გამოაპანღურეს; სამაგიეროდ, “განკიცხულთა სალონში” ჯერ გამოფენილიც არ იყო, რომ უკვე უამრავი ხალხი ეხვეოდა.

(more…)

Read Full Post »

Gustav Klimt. The kiss

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…

ოდესღაც ერთი მხატვარი ცხოვრობდა. ოღონდ ის არა, სახლ-კარი რომ გაყიდა და აქტრისა მარგარიტას მილიონი ვარდი გაუფინა ფეხქვეშ.

ეს სხვა მხატვარი იყო – სახელად გუსტავ კლიმტი ერქვა და ავსტრიელი ბრძანდებოდა, ვენელი.

ქალები უყვარდა ძალიან. ახლა მექალთანე არ გეგონოთ – უბრალოდ, მის ფერწერაში ისინი ბატონობდნენ – საიდუმლოებით მოცული, სინაზით აღსავსე ქალები. ეს კაცი სხვანაირად ხედავდა მათ შინაგან სამყაროს და სხვანაირადაც ხატავდა. მერე რა, რომ საზოგადოება ამას გამოწვევად უთვლიდა და სახეში ნასროლი ხელთათმანივით რეაგირებდა ხანდახან – კლიმტი მაინც წერდა, ვნებისა და სურვილის საბურველში ახვევდა თავის მოდელებს და ულამაზეს პორტრეტებს ქმნიდა. ფალოსური სიმბოლოები კი, რომელსაც ის ასე ხშირად იყენებდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა სიცოცხლის მარადიულობაზე მინიშნება.

მორალის დამცველები ბორგავდნენ და შფოთავდნენ, კლიმტი კი ქმნიდა – ძაღლი ყეფდა, ქარავანი მაინც მიდიოდა… წინააღმდეგობა მხატვრის მეამბოხე სულში მხოლოდ აღვივებდა ნაპერწკალს.

(more…)

Read Full Post »

Tidal Basin bathing beach

მეგობარმა მითხრა ამას წინათ  – მეოცე საუკუნის ფოტოისტორიას განსაკუთრებული სიამოვნებით ვკითხულობ და შემაჯამებელ პოსტსაც ველოდები, მაინტერესებს, როგორი მოზაიკა დაიხატებაო.

პროექტის დასასრულამდე ჯერ ადრეა, თუმცა, ფინალურ აკორდზე მეც ვფიქრობ. არ ვიცი, როგორი გამოვა, ძალიან კი მინდა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ადექვატურიც იყოს – ოცი კადრი ყველაზე დრამატული ასწლეულის დასახატად მეცოტავება… იმას ნამდვილად ვცდილობ, არც ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი არ გამომრჩეს და საქვეყნოდ ცნობილ ნამუშევრებს რამდენიმე შედარებით უცნობი, თუმცა მრავლისმთქმელი ფოტოც შევურიო.

ეს სურათი, შესაძლოა, ვინმეს უშნო ხუმრობა, დადგმული სცენა ან პაროდიული შარჟი ეგონოს – იმდენად კარიკატურულად გამოიყურება. არადა, ნამდვილი ამბავია და ისტორიამ მთავარი გმირის სახელიც კი შემოგვინახა. ზორბა მამაკაცი პოლიციელი ბილ ნორტონია, პლაჟზე გამოსულა, სანტიმეტრით შეიარაღებულა და ქალბატონებს საცურაო კაბების სიგრძეს უმოწმებს – ახალი კანონით. მუხლიდან 6 ინჩზე მეტად დამოკლებული ქვედაბოლოს ტარება აკრძალულია და პორნოგრაფიად ითვლება. სურათი შუაგულ ვაშინგტონშია გადაღებული, გაგანია მეოცე საუკუნეში, 1922 წელს.

(more…)

Read Full Post »

ზაზა ბურჭულაძე. ხატია ფსუტურის ფოტო

ზაზა ბურჭულაძე. ხატია ფსუტურის ფოტო

ვისაც ახალი ამბებისთვის სისტემატურად თვალის დევნება სჩვევია, დღევანდელი პოსტის თემას სათაურითაც იოლად მიხვდება. ნიუსებისადმი გულგრილ მკითხველს დეტალების მოძიება აქა და აქ შეუძლია. მე კი ორი სიტყვით გიამბობთ, რაში იყო საქმე.

5 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, ზაზა ბურჭულაძეს თავს დაესხა აღშფოთებული სუბიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთ პოლიტიკურ თოკ-შოუში გაჟღერებულმა მწერლის მოსაზრებებმა და მისი მოთხრობიდან წაკითხულმა ნაწყვეტმა გააღიზიანა. სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკურიც მოჰყვა და ზაზა ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა.

მეშვიდე დღეა, ფეისბუქზე და ბლოგოსფეროში ამ ამაზრზენ ფაქტზე რეაქციას ვაკვირდები და, საღად მოაზროვნე ადამიანების პროტესტთან ერთად, ჩემდა გასაკვირად, არც თუ კანტიკუნტად ასეთ კომენტარებსაც ვაწყდები  – “მეტის ღირსი იყოო…”

ეს ფრიად კაცთმოყვარე პოზიცია, ძირითადად, ორი არგუმენტით არის გამყარებული – ზაზა, მწერალი კი არა, ერთი უზნეო გრაფომანიაო და ასეთ სიბინძურეს რომ წერდა, აბა (გულზე მჯიღის ცემით და იქედნური ქირქილით), რა ეგონაო…

თქვენის ნებართვით, პირველით დავიწყებ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: