გაცვეთილ თემებზე წერა სარისკო საქმეა. წიგნებისაც და პოსტებისაც – ახალს ვერაფერს იტყვი და იმიტომ.
თუმცა, მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც ეს საქმე კარგად გამოსდით და ჩემს გულწრფელ პატივისცემას იმსახურებენ.
სწორედ ამ ავტორთაგანია ფილიპ როთი – როგორღაც მოახერხა და სრულიად ახალი წიგნი დაწერა ისეთ ათასზგის გადაღეჭილ თემაზე, რასიზმი რომ ჰქვია. ოღონდ ისე შეატრიალა, თავისუფლებისკენ სწრაფვად, საკუთარი თავის ძიების პროცესად აქცია.
ჰოდა, ამის წყალობით მოხვდა ჩემი ბლოგის ფურცლებზე მეორედ. რა თქმა უნდა, პულიტცერის პრემიის ლაურეატისა და საპატიო ორდენის ლეგიონის კომანდორისთვის ეს დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც…
სიმართლე გითხრათ, ჩაფიქრებული არაფერი მქონია, მაგრამ წიგნის მესამედიც არ წამეკითხა, რომ უკვე ვიცოდი – “ადამიანურ ლაქას” უყურადღებოდ არ დავტოვებდი.