Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ფაუსტი’

წლევანდელი წიგნის დღეები, ტრადიციულად, ოთხდღიანია, ხვალ დაიწყება და კვირას დასრულდება, მაგრამ ხუთშაბათს და პარასკევს ვმუშაობ, სამსახურიდან ცხვირის გამოყოფის თეორიული შანსიც კი არ მაქვს, კვირადღე სულის მოსათქმელად და გამოსაძინებლად მჭირდება.  რაღა დარჩა. შაბათის იმედად ვარ და ეს ჩემი გეგმაც ერთ დღეზეა აწყობილი.

შემოდგომის მთავარ ბიბლიოღონისძიებას 39 მონაწილე ჰყავს – გამომცემლობები, წიგნების მაღაზიები, სოციალური საწარმოები, სათამაშოების მაღაზიები, ჟურნალები, არტ-მაღაზიები. რეკორდული რიცხვია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ არჩევანი გვექნება. კატალოგებს, ცოტა არ იყოს, შეაგვიანდა, ბოლო დღეებში დაიდო, მაგრამ რაც მინდოდა, ისედაც ვიცოდი და სახელდახელო ნავიგატორის შედგენაც არ გამჭირვებია.

ჰოდა, ჩემო კარგებო, გრძელ და მოსაწყენ შესავალს გვერდი ვუქციოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მე ჩემს არჩევანს გაგიზარებთ, თქვენ თქვენი მომიყევით და სოფელიც აშენდება.

“მადიკენით” დავიწყოთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

მოლის ბიბლიოფილობის ამბავი აქაურობის სტუმრებს უკვე კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ მგონი, ის არ მითქვამს, სულით ხორცამდე მოგზაური რომ ვარ, ერთი ეგ არის, შეუმდგარი. ვერ იქნა და ვერ მოვიცალე საიმისოდ, რომ ზურგჩანთა მოვიკიდო და სადმე, ევროპაში სახეტიალოდ გავწიო; მაგრამ არაუშავს, ერთ მშვენიერ დღესაც ავდგები, ჩავალაგებ ჩემოდანში წიგნებს, ცოტა ტანსაცმელსაც დავამატებ და ამაყად მივადგები აეროპორტის ტერმინალს პრაღის ბილეთით ხელში. რატომ მაინცდამაინც პრაღის? უბრალოდ, ასე მინდა და იმიტომ! იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, ერთად რომ დავათვალიეროთ ქალაქი, ოდესღაც ბრძენი დედოფლის – ლიბუშეს ბრძანებით ვლტავის ნაპირზე რომ დაარსდა და ხუთ ბორცვზე გაშენდა.

მოკლედ, ჩავჯდები თვითმფრინავში, თან აუცილებლად მარჯვე და მოხერხებული შვეიკის ამბავი მექნება გადაშლილი, განწყობის შესაქმნელად და კოხტად დავეშვები ჰაველის აეროპორტში. ქალაქამდე როგორმე მივაღწევ, რომელიმე ცოტავარსკვლავიან სასტუმროში ბარგს დავტოვებ და, პირველ რიგში, არც კარლის ხიდის სანახავად წავალ, არც წმინდა ვიტის ტაძრის, არც პრაღის ციხესიმაგრის და არც კამპის მუზეუმის – პირდაპირ კლემენტინუმს მივაშურებ ჩეხეთის საოცარი ეროვნული ბიბლიოთეკის სანახავად. იმედია, შემიშვებენ, არ შემიშვებენ და ისეთ ფეხების ბაკუნს ავტეხ, იქნება ესკორტით შემაცილონ მთავარ დარბაზში და საცავშიც კი შემახედონ ცალი თვალით აი, ინდური და ირანული ტრაქტატები რომ უწყვიათ, იქ.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იქიდან გვარიანად დაღლილი და მოშიებული გამოვალ, ჰოდა, ვაცლავის მოედნისკენ დავადებ თავს – იქ რესტორანი ვიტოპნა მეგულება, სათამაშო რკინიგზით, აი, პატარა ორთქლმავლები რომ დადიან და ლუდის კათხებს დაატარებენ. ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ცოტას მაინც მოვწრუპავ და ლუდის გულიაშსაც აუცილებლად გავსინჯავ. მაგათ იქ საბავშვო მოედანიც აქვთ და არ გეგონოთ, ვინმეზე ნაკლებად გავერთობი.

(more…)

Read Full Post »

Rembrandt. Faust

ეს იდუმალებით მოცული ადამიანი, როგორც ამბობენ, შვაბეთის ქალაქ კიტლინგენში დაიბადა…

იმასაც ამტკიცებენ, არანაირი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, არც მაგისტრის ხარისხი ჰქონია და ახალგაზრდობაში სოფლის მასწავლებლად მუშაობდაო…

ლევიტაციაში გარკვეული წარმატებები ჰქონდაო…

ქრისტეს სასწაულებს არაფრად აგდებდაო…

შავი მაგიის დიდი მცოდნე და მოყვარული ბრძანდებოდაო…

და ბოლოს, მისთვის სულის ამოსართმევად თავად სატანა მობრძანდაო…

არავინ იცის, ვინ იყო სინამდვილეში დოქტორი იოჰან ფაუსტი.

თუმცა, ამ ბურუსის მიუხედავად, მისი პიროვნება იმდენად დიდ ინტერესსა და მითქმა–მოთქმას იწვევდა, სხვადასხვა დროს ორმა გენიოსმა მიუჩინა ადგილი თავის შემოქმედებაში.

გოეთესეულ ფაუსტზე აქამდეც საკმარისი უთქვამთ და დაუწერიათ, მე კი ძალიან მინდა, სახელგანთქმული ფერმწერის ერთ ოფორტზე გიამბოთ, რომელიც დიდმა გერმანელმა პოეტმა თავისი ტრაგედიის პირველი გამოცემის გარეკანისათვის გამოიყენა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: