Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ტერემოკი’

ჯეიმს ჯოისის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კარგად მოეხსენებათ, რომ ყოველ წელს, 16 ივნისს, დუბლინში, ათასობით მადლიერი მკითხველი იყრის თავს და “ულისეში” ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერილ ლეოპოლდ ბლუმის გზას იმეორებს.

ბლოგის სტუმრებმა კი ასევე მშვენივრად იციან, რომ მათი მასპინძელი დიდი გურმანია, თუმცა მოლი ბლუმის გასტრონომიული ტურის შესახებ ბევრი არაფერი სმენიათ. მართალია, ეს მარშრუტი, ჯერჯერობით, არც ისე ცნობილია, სამაგიეროდ, უდაოდ გემრიელია და რაც მთავარია, შორეული ირლანდიის დედაქალაქში  კი არა, აქვე, ჩვენი მშობლიური თბილისის ქუჩებზე გადის.

სასუსნავებზე უარის თქმა ძალიან რომ მიჭირს, კარგა ხანია, არავისთვის აღარ არის საიდუმლო და მეც, ფავორიტ კაფე-რესტორნებში, თვიდან თვემდე, რაბლეს გმირებისათვის შესაფერი გულმოდგინებით დავსუსნსულებ.

მოლი ბლუმის კულინარიული მარშრუტი ნუცუბიძის ფერდობზე, პანატერიით იწყება. ამ მყუდრო და სტუმართმოყვარე დაწესებულების წყალობით, წლებია, პიცა სხვაგან არ გამისინჯავს. თუ შემთხვევით იმ მხარეს მოხვდებით და ჩემს გემოვნებას ენდობით, აუცილებლად შეუკვეთეთ “ცეზარი” ქათმის ხორცით და ლორით, ახლად გამომცხვარი, ცხელ-ცხელი საფირმო “როტონდა” დააყოლეთ და, რაც მთავარია, დესერტად უგემრიელესი ნამცხვრებიც არ დაგავიწყდეთ.

(more…)

Read Full Post »

coffee and croissantბოლო დღეებია, მეტისმეტად სტრესულ სიტუაციაში ვცხოვრობ – დიეტაზე ვარ…

მათთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია, ფრენკ ლოიდ რაიტის სიტყვებს მოვიშველიებ: “გახდომისათვის საკმარისია, უარი თქვათ სამ რამეზე – საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე”.

ვერაფერს იტყვი, ფორმულა უმარტივესია, მაგრამ, სულო ცოდვილო, რატომღაც რეალიზება მიძნელდება ხოლმე…

მიძნელდება რა – გული არ მიმდის, თვალთ არ მიბნელდება და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქუჩის საცხობების ლარიანი ხაჭაპურისკენაც არ გამირბის თვალი (გამორიცხულია, ოდესმე გამექცეს), მაგრამ გუშინწინ საკუთარი თავი სამსახურის სასადილოს კართან აღმოვაჩინე, ბურატინოსავით ხელგაშვერილი, დიდი ნაბიჯებით მიმავალი და კბილებში საფულით… როგორ მოვხვდი იქ, მომკალით და არ მახსოვს…

მერე იყო და “მაკდონალდსის” ნაყინით მომავალ ბავშვს ისეთი თვალებით მივაშტერდი, საწყალი დედას ამოეფარა ზურგს უკან…

წუხელ მთელი ღამე “პანატერეაში” ვიჯექი, შუბლზე თმაჩამოყრილი, გამხდარი მიმტანი კომეტასავით დაქროდა წინ და უკან და ყოველ მოსვლაზე უზარმაზარ, ცხელ–ცხელ “როტონდას” მოარბენინებდა… ახლა თავად განსაჯეთ, გამოღვიძების მერე როგორ ხასიათზე დავდგებოდი – აშკარად საშიში ვიყავი საზოგადოებისათვის.

როგორც იქნა, სამუშაო დღეც გადავაგორე, მოსაწყენ სემინარსაც გავუმკლავდი და სხვა, რუტინულ, წვრილმანებსაც, ახლა ვზივარ შინ, ჩემს ოთახში, და ვცდილობ, მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველს რაიმე ინტელექტუალური საზრდო შევთავაზო, მაგრამ ამაოდ – თავში “დონატების” “ცეზარის”, “Near opera”-ს კიევური კოტლეტის და ლაზური ხაჭაპურის  და “ტერემოკის” ლორიან–ჰოლანდიურყველიანი ბლინის მეტი არაფერი მიტრიალებს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: