Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ტელევიზორი’

ახალი წელი, ხომ იცით, როგორი ამბავია, წელიწადი მთავრდება, მთელი სამასსამოცდახუთი დღე. ზიხარ, ელოდები, ემზადები, რაღაცებს იხსენებ. კარგსაც და ცუდსაც. კარგი ყველაზე უიღბლო წელშიც გამოერევა, გამორიცხულია, არ გამოერიოს. ის კარგი გახსენდება, გეღიმება და იმედი გაქვს, რომ ცუდს ძველი წელი წაიღებს.

კიდევ ახალ წლებს იხსენებ. აიმ ჯადოსნურ ღამეებს. ვისაც რამდენი ჰქონია. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ასაკს გააჩნია. მე ოცდაათზე მეტი დამიგროვდა. რაღაცები კარგად მახსოვს. რაღაცები – არც ისე.

პატარაობაში ახალი წელი ჩემთვის  ზამთრის არდადეგები იყო, “ცისკარა” დილის თერთმეტ საათზე და ნაძვის ხის ზეიმები. მოსაწვევები მოჰქონდა დედ-მამას და იმ ზეიმებზე დავიარებოდი დიდი მონდომებით. ახალი წლის ღამე – ნაკლებად. მთლად ცხრაზე არ გვაძინებდნენ, მაგრამ არც ღამისთევა გამოდიოდა. ვუყურებდით რაღაცებს, რაც ტელევიზორში საბავშვოდ მიიჩნეოდა, დავიძინებდით, ვიღვიძებდით პირველ იანვარს, ტკბილეული, საჩუქრები, სტუმრები, ზეიმები, მულტფილმები და ასე გრძელდებოდა თოთხმეტამდე.

ახალი წლის ღამეები მერე და მერე უფრო მახსოვს. დიდობაში.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

tortsik

ეს პოსტი აქამდეც უნდა დამეწერა, მაგრამ, ხომ იცით, როგორც ხდება: აქეთ – წიგნის ფესტივალიო, იქით – დაბადების დღეოსუპერკლაუსსა და “გურულ დღიურებზე” რომ არ მომეყოლა, არაფრით გამოვიდოდა. ამას საშინაო საახალწლო აურზაურიც მიუმატეთ – უამრავი საქმე მქონდა სამზარეულოში… კარგი, ჰო, უმეტესად მაცივართან ვიყავი ატუზული და საქირქილოს აქ ვერაფერს ვხედავ! მოკლედ, როგორც იქნა, ამოვისუნთქე, მივიხედე, მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ მკითხველისთვის ახალი წელი არ მიმილოცავს.

არა უშავს. ძველით ახალი წელი, აგერ, გუშინ აღვნიშნეთ, ყურები ახლაც მტკივა წუხანდელი ბათქაბუთქისგან. ჯერ ისევ სადღესასწაულო დროით ვცხოვრობთ, აქა-იქ სადღესასწაულო სასუსნავიც მოგვეძებნება, ასე რომ, არც ეს პოსტი იქნება მეტისმეტად დაგვიანებული.

ჰოდა, მობრძანდით, ატმის ტორტის ბოლო, გაგემრიელებულ ნაჭრებზე დამეწვიეთ. თქვენ მიირთვით, მე მოლის ახალ წლებზე მოგიყვებით.

თოვლის ბაბუასთან სტუმრად პირველად ექვსი თვისა ვიყავი, ღია მწვანე ფუმფულა კომბინიზონში ჩაფუთნილი. დედას ახლაც უკვირს, რას ვფიქრობდი, სად მიმყავდა ბავშვიო… იმ პირველი საახალწლო ზეიმიდან ბევრი რამ მახსოვს-მეთქი, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ სანიმუშოდ კარგად რომ ვიქცეოდი, თოვლის ბაბუას გასუსული და თვალებდაჭყეტილი რომ მივჩერებოდი და მას მერე საახალწლო ღონისძიება რომ არ გამომიტოვებია, ფაქტია. ჰკითხეთ ჩემებს, დაგიდასტურებენ.

(more…)

Read Full Post »

weekend

ამქვეყნად ყველაზე მეტად ჩემი ბიბლიოთეკა, ჟოლოს ნაყინი და შაბათ-კვირა მიყვარს.

ბიბლიოთეკა და ნაყინი გასაგებია, მაგრამ შაბათ-კვირა აქ რა მოსატანიაო, მხარს აიჩეჩს, ალბათ, ვინმე.

თუმცა, შესაძლოა, არც არავის გაუკვირდეს, მით უმეტეს, მათ, ვისაც ჩემსავით აუტანელი რეჟიმი აქვს.

დილიდან გვიან ღამემდე რომ მუშაობ, ოციოდე გვერდის წაკითხვას მხოლოდ სამარშრუტოში ახერხებ და შინ დაბრუნებული, ტელევიზორს მხოლოდ იმისთვის რთავ, საფეხბურთო მატჩის ფონზე მკვდარივით რომ ჩაგეძინოს, რა გასაკვირია, თუ უიქენდს ციურ მანანასავით ელოდები.

მეც რა გული მომითმენს, ამ ბედნიერ დღეებზე ერთი პოსტი მაინც არ დავწერო და სტუმრებს მოლის ნეტარი უსაქმურობის ამბები არ გავუზიარო.

კართაგენელი ბლოგერების ძველთაძველი ანდაზაა – შაბათ-კვირისთვის მზადება პარასკევს უნდა დაიწყოო და, სულო ცოდვილო, მართალიც კია. ოღონდ, ამ ოხერი სამსახურის  გამო, პარასკეობით იმდენი საქმეა ხოლმე, მოსალოდნელი განცხრომით წინასწარ ტკბობას ვინ ჩივის, სახლისკენ ძლივს მოვლასლასებ.

(more…)

Read Full Post »

ჯანდაბას, უკვე დროა :(

IAKOM TQVA

სკოლაში ქართულ ხალხურ ანდაზებს კი გვასწავლიდნენ, მაგრამ “დილის ძილი პატარძლის მზითევს ჯობიაო” –  რომ გვითხრეს, ან გაკვეთილებს ვაცდენდი, ან გულისყურით არ მომისმენია. სხვათა შორის, სულ ტყუილად…

ჩემები დღესაც სიცილით იხსენებენ, როგორ ვაპროტესტებდი ცხრა საათზე საძინებლისკენ გაგზავნას – ამდენი დრო ძილში რატომ უნდა გაიფლანგოს-მეთქი… გულახდილად გეტყვით, ეფექტიან თაიმ-მენეჯმენტზე მეტად სატელევიზიო პროგრამა მაწუხებდა – ყველაფერი საინტერესო თერთმეტის მერე იწყებოდა. ბავშვებს კი ღამის ტეხას გვიკრძალავდნენ, ერთადერთი გამონაკლისი შაბათი იყო, ისიც “ილუზიონის” ხათრით.

რა ვიცოდი მაშინ, რომ ის ავადსახსენებელი ხალხური სიბრძნე ჩემთვის ასეთი საჭირბოროტო საკითხი გახდებოდა. ჰოდა, იმდროინდელი ცოდვებისთვის ახლა ვისჯები და გემრიელი, უშფოთველი და უდრტვინველი ათსაათიანი ძილი ლამის ოცნებად მაქვს ქცეული.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: