Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ტაბუ’

 Édouard Manet. The Luncheon on the Grass. 1863

მიყვარს ადამიანები, ყალბ მორალისტებს და ფსევდოპურიტანელებს ხელთათმანს დაუნდობლად რომ უტკაცუნებენ სახეში.

მართალია, მე თავად ვერ დავიკვეხნი, ოდესმე საზოგადოება შოკში ჩამიგდია-მეთქი, მაგრამ მომწონს, სხვა თუ აკეთებს ამას.

ამას წინათ ჩემს “ვერნისაჟს” გადავხედე და გული მომიკვდა, ისეთი მიტოვებული მეჩვენა იქაურობა. თან ბოლო დროს რაღაც მეამბოხე განწყობა მეძალება და ბევრი აღარ მიფიქრია, წერა დავიწყე.

თავიდანვე უნდა ვაღიარო – ეს ტილო ჩემი საყვარელი შედევრების რიცხვს არ მიეკუთვნება.

საერთოდ, შედევრად არც კი მიმაჩნია.

ძალიან კარგი მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი რომ არის, ამას არც უარვყოფ; ფუნჯის ენერგიულ მონასმებსაც ვხედავ, ავტორმა თითქოს განგებ რომ დატოვა დაუსრულებლობის ეფექტის შესაქმნელად; სინათლის მძლავრ, თვალისმომჭრელ ნაკადსაც, იმდროინდელი ფერწერისთვის უცხო და უჩვეულო რომ იყო; განზრახ დარღვეულ სიმეტრიასაც. მაგრამ ყველაზე მეტად თვალში თავად სიუჟეტი მხვდება – სწორედ ის შოკისმომგვრელი სიუჟეტი, რის გამოც ფერმწერი ნატიფი ხელოვნების სალონიდან უბოდიშოდ გამოაპანღურეს; სამაგიეროდ, “განკიცხულთა სალონში” ჯერ გამოფენილიც არ იყო, რომ უკვე უამრავი ხალხი ეხვეოდა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ჯონ მაქსველ კუტზეე. "სირცხვილი". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2012

ადათები ცხოვრებას გვიმსუბუქებენო, წერია ამ წიგნში.

გვიმსუბუქებენ და თანაც როგორ – მოკალათდი საკუთარ ნაჭუჭში, მოიქეცი ისე, როგორც უხსოვარი დროიდან იქცეოდნენ შენი წინაპრები, ღმერთი არ გაგიწყრეს, გატკეპნილი ბილიკიდან არ გადაუხვიო და ყველაფერი რიგზე იქნება; რეპუტაცია შეუბღალავი დარჩება, კარიერა შეუფერხებლად აუყვება აღმართს, პატივისცემა და მოწიწება არ მოგაკლდება. არც შური და ბოღმა, სხვათა შორის.

ოღონდ, ჯვარი გწერია და, თუ ამ ნიჟარაში სული შეგეხუთა, თუ ჩარჩო მხრებით გამოანგრიე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, ისეთ ქვათაცვენაში მოჰყვები, მტრისას და ავისას.

მერე რა, თუ ამ ჰაერს მელანი ისააქსის ნორჩი სხეულის თავბრუდამხვევი სურნელი აქვს.

მერე რა, თუ “მასში რაღაც აფროდიტეს, ქაფიანი ქალღმერთის, თრთოლის მსგავსი იგრძნობა?!”

არ გაბედო და არ დაივიწყო, რომ შენ პროფესორი დევიდ ლური ხარ, რესპექტაბელური პიროვნება, საზოგადოების გამორჩეული წევრი, და ზნეობრივი ნორმების დაცვაც განსაკუთრებული სიმკაცრით მოგეთხოვება.

შენ რა, შექსპირის სონეტებით და დანტეს ციტატებით იმისთვის ლაპარაკობ, რომ ოცდაათი წლით უმცროს გოგოს დაახვიო თავბრუ?!

დავიჯერო, მაღალზნეობრივი მოქალაქეების აღშფოთებული შეძახილები არ გესმის?!

არ გაბედო-მეთქი!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: