Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სტივენ კინგი’

მისტერ მერსედესი ჯოილენდი "დიოგენე", 2014

მისტერ მერსედესი ჯოილენდი
დიოგენე“, 2014

ამ წიგნს მოუთმენლად ველოდი.

როგორც წესი, ახალ თარგმანებს ჯერ რუსულად ვკითხულობ ხოლმე – თუ მაინტერესებს, ვერ ვითმენ და რა ვქნა. თუმცა ამჯერად ტრადიცია დაირღვა და სტივენ კინგის “მისტერ მერსედესი“ თავიდანვე ქართულად ვიგდე ხელთ – “დიოგენედან“ წამოვაცუნცულე ცინცხალი თარგმანი.

ავტორისადმი ჩემი დამოკიდებულება საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მითუმეტეს, ვისაც ძველი პოსტი აქვს წაკითხული; ამიტომ არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ მყიდველთა პირველ რიგებში ვიდექი, მაგრამ, ზაფხულიდან მოყოლებული, რეჟიმი მქონდა ისეთი, წასაკითხად აქამდე ვერ მოვიცალე.

სამაგიეროდ, შაბათ-კვირა დავგეგმე ჩინებულად – მოვკალათდი სავარძელში, გავეხვიე პლედში, მოვიდგი ყავის უზარმაზარი ფინჯანი და დავიწყე.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

stephen king. The Mist

ქართულ გამომცემლობებს “სტივენ კინგის ვირუსი”  შეეყარათ-მეთქი, რომ გითხრათ, ოდნავ, სულ ოდნავ გადავაჭარბებ.

თუ არ გჯერათ, თავად დათვალეთ.

დიოგენემ” ოთხი ბუთქუნა ტომი ხომ გამოსცა, “ბნელი კოშკის” სერიაც დაქოქა და “მისტერ მერსედესის“, ცინცხალი, ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანის, ქართულ თარგმანსაც გვპირდება – ბევრი არ დააგვიანდებაო.

პალიტრამ” ჯერ “და ბუა მოვიდა…” გადმოაქართულა, მერე – “უიმედოთა ქალაქი” და სულ ახლახან, საფესტივალოდ, ისეთი თითებჩასაკვნეტი საკითხავი ამოაცოცა კალათიდან, თქვენი მოწონებული.

ჰო, “ნისლზე” გიყვებით. კინგის მოთხრობების კრებულზე.

ამ კვირადღეს ფეხი არსად გამიდგამს. ვირუსისა რა მოგახსენოთ და ცოტა კი შემაცია. ჰოდა, ვიწექი შინ ნებივრად, ნიგვზიანი ბადრიჯნის დიეტაზე გახლდით (ოჯახის ექიმმა გამომიწერა ნაცნობობით), ველოდებოდი ფეხბურთს და ვკითხულობდი ერთიმეორეზე გულისგასახეთქ ამბებს.

(more…)

Read Full Post »

the gunslinger cover 3

ბევრჯერ მითქვამს აქაც და სხვაგანაც – ბიბლიოსერიები და ტომეულები ბავშვობიდან მიყვარს.

რა ჯობია, თაროზე რომ ჩამოამწკრივებ ნომრების მიხედვით და თვალსა და გულს ერთად ახარებს.

ისე არ გამიგოთ, თითქოს მარტო კოხტად მიწყობილი ტომების სილამაზე მხიბლავდეს. არც უმაგისობაა, ვინ ოხერი დავობს, მაგრამ მთავარი ხიბლი, როგორც ხვდებით, სხვა რამაა.

აი,  ბავშვობაში რომელი გერჩივნათ – სქელი წიგნი, დიდხანს რომ ჩაგიკოკლოზინებდათ ყელს, თუ თხელი, უცებ რომ ჩაგადნებოდათ ხელში? ჰოდა, აქაც ასეა. ბევრი ტომი ბევრ საკითხავს ნიშნავს და ნამდვილმა ბიბლიოფილმა მეტი რა უნდა ინატროს…

ოღონდ ამ ტომეულებს ერთი ნაკლი აქვთ – ჯერ პირველის გამოსვლამდე უნდა დაგაწყდეს ნერვები, მერე მეორეს უნდა ელოდო, მერე – მესამეს და ასე…

აგერ, “დიოგენეს” ყველა მაგარი წიგნი, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამგვარ სერიებად აქვს გამოცემული.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებსაც აპრილში ველოდებით

firm coverმოლის ბლოგზე, ამ ბოლო დროს, ერთი სასიამოვნო და სასარგებლო ტრადიცია დამკვიდრდა – თქვენი მასპინძელი დროდადრო გამომცემლობებს ეხმიანება და მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო სიახლეების გრძელზე გრძელი სია მოაქვს.

დღეს იმ წიგნებზე ვაპირებ მოყოლას, აპრილის თვეში რომ გამოჩნდება მაღაზიებში და, ბიბლიოფილებო ამა ქვეყნისა, ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.

პალიტრა L“-ს გონკურის პრემიის ახალი მფლობელის – მიშელ როსტენის “შვილი” გადმოუქართულებია; 21 წლის გარდაცვლილი ბიჭის ამბავი, თავად რომ ყვება სიკვდილის შემდეგ, ამო საკითხავი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინ თქვა, რომ წიგნები მხოლოდ გასართობად იწერება? თემაა ისეთი, გულგრილად გვერდს ვერ აუვლი; ავტორსაც უვარგია – საუკეთესო დებიუტისთვის გონკურს ასე ჰაიჰარად არავის აძლევენ; ჰოდა, ვნახოთ და განვსაჯოთ.

(more…)

Read Full Post »

Different Seasons cover

წარმოიდგინე…

იცი, რა?

რა და, რომ თორმეტი წლის ხარ და ცხოვრება ერთი გრძელი, ამაღელვებელი თავგადასავალი გგონია. თორმეტი წლისა ხარ და გყავს შენი კბილა, შენსავით ფათერაკებს მოწყურებული სამი მეგობარი, რომლებიც სახელის მოსახვეჭად თუნდაც გველეშაპს შეებმებიან ხმალდახმალ. მაგრამ, აბა, სადღა ნახავ ჩვენს დროში გველეშაპს… ჰოდა, ერთიც ვნახოთ, დიდი ბიჭების საუბარს მოჰკრავ ყურს, დაკარგული ყმაწვილის გვამი რომ უნახავთ ტყეში. უნახავთ და ვერ კი ამხელენ. რას გაამხელენ – მაშინ ხომ ისიც უნდა თქვან, ნაპარავი მანქანით ვიყავითო… შენც ადგები, აიყოლიებ ყონაღებს და წკვარამ ღამეში იმ გვამის საპოვნელად დაადგები გზას.

მაგრამ ჯერ მხოლოდ თორმეტი წლისა ხარ და, რა თქმა უნდა, არ იცი, რომ სწორედ ეს ამბავი დაასვამს სამუდამო დაღს შენსა და შენი მეგობრების ცხოვრებას. იმ წერტილად იქცევა, საიდანაც შინ ვეღარ დაბრუნდები. რომ იმ ღამეს უზრუნველი ბავშვობა სამუდამოდ მოგიხურავს კარს…

(more…)

Read Full Post »

გიორგი მაისურაძე. Kill Tbilisi. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

ფინიკიელ ბლოგერებს უთქვამთ, შვებულება იმისთვის არსებობს, ბევრი იძინო, ბევრი იუსაქმურო, ბევრი ითამაშო, ბევრ მულტფილმს უყურო და, რა თქმა უნდა, ბევრი იკითხოო.

თავისუფლების თოთხმეტ დღეს, კაცმა რომ თქვას, შინაც მშვენივრად გავატარებდი, მაგრამ წელს ხეტიალის გუნებაზე ვარ… შვებულების ბრძანებაზე მელანი არ იქნება შემშრალი, საყვარელ ზურგჩანთას მოვიკიდებ, დავკრავ ფეხს და ზღვაზე გადავიკარგები.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ათას წვრილმან-მსხვილმანთან ერთად ცხრა მთას იქით წასაღებ წიგნებსაც ვარჩევ განსაკუთრებული გულმოდგინებით.

(more…)

Read Full Post »

the doors

ეს ამბავი იცით თუ არა, არც კი ვიკითხავ – რაზეც გინდათ დაგენაძლევებით, რო იცით. კინოს მოყვარული კაცისთვის მაგ ფილმის უნახაობა იგივეა, სასმლის მცოდნედ მოგქონდეს თავი და კალვადოსი კი არ გაგესინჯოს. აი, კინგის მიხედვით როა გადაღებული, ეს კი იქნება ყველამ არ იცოდეს… „მწვანე მილიო“, „მწვანე ბილიკიო“ – როგორ აღარა თარგმნიან; ნიკა სამუშიამ კიდევ ახლახან – „მწვანე გზაო“. მე რო მკითხოთ, „მწვანე ბილიკი“ მირჩევნია, მაგრამ ეგ არ არი მთავარი; მთავარი ის არი, რო ემაგ ბილიკს თუ გზას, ერთხელაც იქნება, სუყველა გავივლით.

ერთი კაციც ემზადება თავისი მწვანე გზის გასავლელად. ამერიკის ფედერალურ ციხეში ემზადება. „ცივ მთას“ რო ეძახიან, აი, იმ განყოფილებაში. ე ბლოკში. რაღა მიხვედრა უნდა, რო სიკვდილმისჯილთა ადგილია ეგა. მანდ მოჰყავთ ელექტროსკამზე დასასმელად განწესებულები. იმათი საკნებიდან იწყება „დიდი შიშხინასკენ“ მიმავალი მწვანე ლინოლეუმით მოგებული გზა.

იმის მტკიცებას არ დავიწყებ, უდანაშაულო ხალხს ელექტროსკამზე არა სვამენ-მეთქი… იქნება მომხდარა ეგრეც. ოღონდ აქ მოსულებიდან ერთიც არ არი მამა აბრამის ბატკანი. თვითონაც იციან ეგა. ზედამხედველებმა ხო იციან და იციან. ოღონდ ისიც იციან, რო ამ ხალხს წარსულთან უკვე გასწორებული აქ ანგარიში. იმიტომაც არი, ავ სიტყვას არ წამოიცდენს არც ერთი. დაუწერელი კანონია. მაგათი კანონი, „ცივი მთის“ რაინდებისა…

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: