Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სტიგმა’

ჯონ მაქსველ კუტზეე. "სირცხვილი". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2012

ადათები ცხოვრებას გვიმსუბუქებენო, წერია ამ წიგნში.

გვიმსუბუქებენ და თანაც როგორ – მოკალათდი საკუთარ ნაჭუჭში, მოიქეცი ისე, როგორც უხსოვარი დროიდან იქცეოდნენ შენი წინაპრები, ღმერთი არ გაგიწყრეს, გატკეპნილი ბილიკიდან არ გადაუხვიო და ყველაფერი რიგზე იქნება; რეპუტაცია შეუბღალავი დარჩება, კარიერა შეუფერხებლად აუყვება აღმართს, პატივისცემა და მოწიწება არ მოგაკლდება. არც შური და ბოღმა, სხვათა შორის.

ოღონდ, ჯვარი გწერია და, თუ ამ ნიჟარაში სული შეგეხუთა, თუ ჩარჩო მხრებით გამოანგრიე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, ისეთ ქვათაცვენაში მოჰყვები, მტრისას და ავისას.

მერე რა, თუ ამ ჰაერს მელანი ისააქსის ნორჩი სხეულის თავბრუდამხვევი სურნელი აქვს.

მერე რა, თუ “მასში რაღაც აფროდიტეს, ქაფიანი ქალღმერთის, თრთოლის მსგავსი იგრძნობა?!”

არ გაბედო და არ დაივიწყო, რომ შენ პროფესორი დევიდ ლური ხარ, რესპექტაბელური პიროვნება, საზოგადოების გამორჩეული წევრი, და ზნეობრივი ნორმების დაცვაც განსაკუთრებული სიმკაცრით მოგეთხოვება.

შენ რა, შექსპირის სონეტებით და დანტეს ციტატებით იმისთვის ლაპარაკობ, რომ ოცდაათი წლით უმცროს გოგოს დაახვიო თავბრუ?!

დავიჯერო, მაღალზნეობრივი მოქალაქეების აღშფოთებული შეძახილები არ გესმის?!

არ გაბედო-მეთქი!

(more…)

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ მყვირალა სათაურების მოყვარული არ გახლავართ, ამა თუ იმ საკითხის რეზონანსულობით ბოროტად არასოდეს მისარგებლია და თემის შერჩევას ტელევიზიებისა და ფეისბუქის კარნახის გარეშეც მშვენივრად ვახერხებ ხოლმე. დღეს ჩვეულებას გადავუხვევ – არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა იმაზე, რასაც, აგერ, უკვე მეოთხე დღეა, მთელი ჯინეტი განიხილავს.

ალბათ, უკვე მიხვდით – ხუთშაბათს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ამაზრზენ ფაქტს და ზოგადად, იმ პრობლემას ვგულისხმობ, ჩვენდა სამარცხვინოდ, ოცდამეერთე საუკუნეშიც რომ აქტუალურია.

არ მგონია, ახლა ისეთი რამ გითხრათ, აქამდე რომ არსად წაგიკითხავთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ანბანური ჭეშმარიტებები დროდადრო უნდა გაიმეორო, რადგან განსაკუთრებული მონდომებით სწორედაც რომ მათ ვივიწყებთ.

ადვოკატის მოქმედი ლიცენზიის მიუხედავად, ვექილად ნამდვილად არ გამოვდგები, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი – აბსოლუტურად ლეგიტიმურ, მშვიდობიან მსვლელობაში უხეში და ძალისმიერი ჩარევა ისეთი უკანონო და ამორალური საქციელია, მარტო დემონსტრანტებს კი არა, მთელ საზოგადოებას რომ აზიანებს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: