Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სელმა ლაგერლოფი’

ამ ორიოდე კვირის წინ mollybloomsday.com-ზე ახალი თემა წამოვიწყეთ. დროდადრო, თვეში ერთხელ ან ორჯერ, ჩვენი ბავშვობის გამომცემლობის, ფერად-ფერადი “ნაკადულის” ძალიან საინტერესო და ჩამთრევ ისტორიას გავიხსენებთ-მეთქი, დაგპირდით.

პირველ ბლოგზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ერთი, მშვენივრად დაწყებული და ვერდასრულებული ბიბლიოსერიის ამბავი მომეყოლა.

ძველი, კლასიკური “სათავგადავლო ბიბლიოთეკა” ცხადია, გეცოდინებათ. “სამი მუშკეტერი”, “საიდუმლო კუნძული”, “უთავო მხედარი”, ‘უჩინარი კაცი”, “უკანასკნელი მოჰიკანი”, ლემი, აზიმოვი, სტრუგაცკები, ბუთქუნა ტომები, გადასარევი საკითხავი (განსაკუთრებით მოზარდებისთვის), ერთი ეს იყო, რუსული ანალოგის ქართული ვერსია გახლდათ და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რუსულ ბიბლიოგრაფიას მისდევდა ბეჯითად.

მოკლედ, 1958 წელს “საბლიტგამის” მიერ “გულივერის მოგზაურობით” წამოწყებული “სათავგადასავლო ბიბლიოთეკა” “ნაკადულმა” დაასრულა. დაასრულა და 1985 წლის ერთ მშვენიერ დღეს, რედაქციაში გადაწყვიტეს, პატარა მკითხველს თავგადასავლების გარეშე ვეღარ დავტოვებთო. ოღონდ რამე ახალი და ორიგინალური ვცადოთ, არავის და არაფრის კლონს რომ არ ემსგავსება, ისეთიო.

თქმა და ქმნა ერთი იყო. ასე გაჩნდა “მცირე სათავგადასავლო ბიბლიოთეკა”.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

მოლის ორი დღე წიგნის ფესტივალზე

თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი, 23-26 მაისი, 2013

შენ ორი ხელფასი უნდა გქონდეს – ერთი წიგნებისთვის :)

რუსა

ღმერთმა წიგნის ფესტივალი ოთხდღიანი შექმნა – არსად იჩქაროო, სტენდებს შორის გულარხეინად ისეირნეო, ყველაფერი მშვიდად დაათვალიერეო, თუ რამე გამოგრჩა, სახვალიოდ მოინიშნეო.

ერთი ეგ არის, ჩემს სამსახურს ამაზე სულ სხვა აზრი აქვს და, ორ სადაგ დღეს ვინ ჩივის, შაბათსაც კი მხოლოდ ოთხი საათისთვის მოვახერხე “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ცხვირის შერგვა.

მეთხუთმეტე საიუბილეო ბიბლიოფორუმი სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო – აკას “შენს თავგადასავალზე” დაწერილი საკონკურსო პოსტი გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა, ოფიციალურ კატალოგშიც მოხვდა და ასი ლარითაც დამიმძიმა საფულე. დამეთანხმეთ, ორგანიზატორებმა საფესტივალოდ დარაზმული ადამიანისთვის ზედგამოჭრილი პრიზი შეარჩიეს.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ნეტარი ბოდიალისთვის დრო ცოტა მქონდა-მეთქი და პირდაპირ საქმეზე გადავედი.

(more…)

Read Full Post »

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა

მოლის საბავშვო ბიბლიოთეკა :)
რაღა დროს შენი საბავშვო წიგნებიაო – ჩემთვისაც უთქვამთ და მეგობრებისგანაც გამიგია – საკითხავი დაგვიწუნეს, ნამეტანი დაგგვიანებიათო.

სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.

ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.

მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.

ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ –  ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.

მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!

ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

ჩვენი ბავშვობის წიგნები

რვა წლის ვიყავი, დედამ ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრების  მომცრო, წითელყდიანი ტომი რომ მაჩუქა. იმ დროს ზღაპარი ჩემთვის ჯადოსნური პერსონაჟებით დასახლებული, საოცარი, მაგრამ მაინც რაციონალური  სამყარო იყო  – მთავარი გმირი, უამრავი  ფათერაკის მიუხედავად, გამარჯვებული რჩებოდა, ავი ძალები კი მარცხდებოდნენ. რა გასაკვირია, რომ ანდერსენის მინორული, “არაზღაპრულად” სევდიანი სიუჟეტები თავიდან მეუცხოვა კიდეც.

ხვალ  დანიელ მეზღაპრეს დაბადებიდან 206 წელი უსრულდება, თუმცა ლიტერატურული სამყარო, 1967 წლიდან, 2 აპრილს კიდევ ერთ იუბილეს აღნიშნავს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია კალის მედგარ ჯარისკაცს,  ქალთევზას, კაის და გერდას,  გულუბრყვილო მეფეს, უგვან იხვის ჭუკს, შეყვარებულ პრინცს და ნაზ პრინცესას, დამეთანხმება, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისათვის უკეთესი თარიღის შერჩევა მართლა ძნელია.

მოლი ბლუმის ბლოგზე, ძირითადად, ლიტერატურაზე ვსაუბრობთ. მეტიც – დიდი იმედი მაქვს, რომ მკითხველის სიმპათიას და კეთილგანწყობას სწორედ ამის წყალობით ვიმსახურებ, რადგან ამ ბლოგის სტუმრების აბსოლუტური უმრავლესობა ისეთივე ბიბლიოფილია, როგორიც თავად გახლავართ. ბუ­ნებ­რივია, ამ  ორმაგ თარიღს გვერდს ვერაფრით  ავუვლიდი. ამიტომ მინდა, პატარა ექსკურსია შემოგ­თავაზოთ ზოგისთვის ახლო, ზოგისათვის კი უკვე შორეულ წარსულში და ჩვენი ბავშვობის წიგნები გავიხსენოთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: