Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საჯარო ბიბლიოთეკა’

world book day 1საცა სამართალია, ეს დღე კალენდარში წითლად უნდა იყოს მონიშნული და ასე რომ არ არის, მკრეხელობა და მერვე მომაკვდინებელი ცოდვა მგონია; ვის გაუგონია, წიგნის საერთაშორისო დღეს ადამიანი მუშაობდეს?!

მითუმეტეს, წელს იმდენი რამ დაგეგმეს და დააანონსეს, ჯერ განრიგს რომ გადავხედე და მერე სამსახურის ორგანაიზერს, გული შემიწუხდა – პირველ შემთხვევაში, სიხარულისგან და მეორეში – პირიქით.

თუმცა, ხომ გაგონიათ, ნამდვილმა ბიბლიოფილმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო; ჰოდა, მოლი რისი მოლი იქნებოდა, აქაც გამოსავალი რომ არ მოეძებნა – სამსახურში დილაუთენია მივქანდი, სასწრაფო და გადაუდებელი საქმეები ისეთი ტემპით მოვაგვარე, კლავიატურას ბოლი ასდიოდა; და თორმეტი საათისთვის უკვე რუსთაველის თეატრისკენ მივქროდი ზურგზეჩანთამოკიდებული.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Albrecht Durer. The Four Apostles. 1526. Alte Pinakothek, Munich

შესაძლოა, ვინმემ იფიქროს კიდეც – ერთსა და იმავე ავტორზე ორჯერ რომ არ დაწეროს, ნუთუ მხატვრები გამოილიაო, მაგრამ დღეს, როცა ჩემი ვერნისაჟის განახლება გადავწყვიტე, ძალიან მომინდა, დიდი ნიურნბერგელის კიდევ ერთ შედევრზე მეამბნა თქვენთვის.

ალბრეხტ დიურერის “ოთხ მოციქულზე” იმდენი დაწერილა, ახალს უკვე ვეღარაფერს დავამატებ, სამაგიეროდ, გალერეას დავამშვენებ და ესეც დიდი საქმე მგონია.

ამბობენ, მხატვარმა ამ დიპტიქით მშობლიურ ქალაქს უკანასკნელი საჩუქარი უძღვნაო. შესაძლოა, მართლაც ასეა – მე-16 საუკუნის პირველი მეოთხედის მიწურულს, როდესაც ეს სურათი შეიქმნა, თავად დიურერი სამოც წელს უკაკუნებდა, ქვეყანაში კი რელიგიური ქარტეხილი ბობოქრობდა – ნიურნბერგმა ის-ის იყო, ოფიციალურად მიიღო რეფორმაცია.

ერთი შეხედვით, “ოთხი მოციქული” ბიბლიური სიუჟეტის ნაწარმოებია და ამაში არც არავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ არა ერთი უცნაურობა – კომპოზიციას მესამე ნაწილი აკლია. ამის გამო ხელოვნებათმცოდნეები დიდხანს თვლიდნენ, რომ ეს დაუმთავრებელი ტრიპტიქი იყო. ოღონდ საკითხავია, რატომ უნდა ეჩუქებინა მხატვარს საყვარელი ქალაქისათვის დაუსრულებელი ქმნილება, ისიც საზეიმო ვითარებაში? ამ კითხვაზე პასუხი არც ისე იოლი მოსაძებნი აღმოჩნდა და, საბოლოოდ, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სურათი უფრო ღრმა შინაარსის შემცველი გახლდათ.

(more…)

Read Full Post »

აკა მორჩილაძე "სარბიელში". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2012

ამ წიგნს განსაკუთრებით ველოდი.

ახალი ლიტერატურული ნუგბარის ხელში ჩაგდებამდე დღეები აქამდეც დამითვლია, გამომცემლობების ფეისბუქ-გვერდებიც ამიტალახებია და მაღაზიაშიც გავქცეულვარ დილაბნელზე  – რამდენიმე ეგზემპლარი ექნებათ და, არიქა, ვინმემ არ დამასწროს, ხელცარიელი არ დავრჩე-თქო…

მაგრამ ეს მაინც სხვა იყო.

თავის დროზე, მოცლილი იურისტი რომ გახლდით, საღამოობით, საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზს ვსტუმრობდი ხოლმე. “სარბიელის” შეკრულას დავითრევდი, ნომერ-ნომერ ვფურცლავდი, ჯერ ბოლო გვერდის საფირმო ფოტოკოლაჟს ჩავათვალიერებდი, მერე, სადღაც შუაში, ერთი წვერმოშვებული კაცის სილუეტით დამშვენებულ მოკლე ტექსტს ვეძებდი, “გიო ახვლედიანის სვეტი” რომ ეწერა თავზე.

საკითხავი ბლომად იყო მანდ, მაგრამ წლობით ნაგროვებ მტვერს უფრო იმ სვეტების გამო ვყლაპავდი.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ რამდენიმე თვის წინ, “სულაკაურთან” რომ იკითხეს – აკა “სარბიელისთვის” რომ წერდა, თუ გახსოვთო.

როგორ არ მახსოვს-მეთქი, აღტაცებული ჭყლოპინი დამთავრებული არ მქონდა, ესეც მოაყოლეს – რას იტყვით, წიგნად რომ გამოვცეთო…

(more…)

Read Full Post »

მოლი ბლუმის ბლოგზე, კარგად მოგეხსენებათ, მეტწილად, ინტელექტუალები იკრიბებიან და, რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებას თუ არ ჩავთვლით, ყველაზე ხშირად მაინც წიგნებზე საუბრობენ – მთავარ კატეგორიას შემთხვევით როდი ჰქვია “მოლის ბიბლიოთეკა”.

ამ ათიოდე დღის წინ, პატარა ბიბლიოფილის – როკერმელომანის ეს მშვენიერი პოსტი წავიკითხე და  ბავშვობა გამახსენდა  – ახლა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ოდესღაც არც ინტერნეტი არსებობდა, არც ონლაინ-რესურსები, მე და ჩემი თაობის მკითხველები კი სტელაჟების, კატალოგების, გაცრეცილი ფორმულარების, ფურცლების შრიალსა და სიჩუმეში ჩაძირული სამკითხველო დარბაზებისა და მუდამ შუბლშეკრული ბიბლიოთეკარების ეპოქაში გავიზარდეთ.

ბათუმში, ჩემი სახლის ყველა ოთახში წააწყდებოდით წიგნებით გაძეძგილ თითო კარადას მაინც, თბილისიდან და მოსკოვიდან ჩამოტანილი რუსულენოვანი ლიტერატურით და “საბჭოთა აჭარის”  მეტნაკლებად ღირებული ყველა გამოცემით დახუნძლულს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მესამე კლასამდე ჩემთვის საინტერესო საკითხავის  გარეთ მოძიება არც დამჭირვებია. თუმცა, უსასრულო და ამოუწურავი სხვა რა არის, ეს რომ ყოფილიყო… ამიტომაც,  ერთ მშვენიერ კვირა დღეს, კინოდან მომავალმა, საბავშვო ბიბლიოთეკაშიც შევყავი ცხვირი და შინ პირველი “ნადავლით” – “ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალით”  ხელდამშვენებული დავბრუნდი.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: