Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საჩუქრები’

ყველაფერი დაიწყო აგვისტოში. დამსახურებულ შვებულებაში გახლდით, ურცხვი არაფრისკეთებით და ნეტარი უსაქმურობით ვტკბებოდი. თიფოთმა მომწერა, შენთვის საჩუქარი შევარჩიე, ოღონდ სიურპრიზია, არაფერს არ გეტყვი, თავად ნახავო.

თიფოთის გემოვნებას უპირობოდ ვენდობი. ეჭვიც არ შემპარვია, მართლა განსაკუთრებული საჩუქარი ექნებოდა შეგულებული. ოღონდ, მოთმენის რა გითხრათ, ნამდვილი კარლსონი ვარ, ასეთი სიურპრიზების მშვიდად ლოდინი მიჭირს :) როგორღაც მივიტანე თავი, გავხსენი კოხტად შეფუთული შეკვრა და კარგა ხანს ხმა ვერ ამოვიღე – საგანგებოდ ჩემთვის დამზადებული დეკორატიული ხის დაფა იყო, მნიშვნელოვანი სიმბოლოებითა და წარწერებით გაწყობილი, ხელით მოხატული, ულამაზესი და უსაყვარლესი.

ასე გავიცანი Birdie და მისი სრულიად ჯადოსნური მეპატრონე – მაგდა სოლოღაშვილი :)

ოდნავ თუ მიცნობთ, არ გაგიკვირდებათ, მხოლოდ ერთ, თუნდაც განსაკუთრებულად ლამაზ დაფაზე ვერაფრით ვერ შევჩერდებოდი. სასწრაფოდ მოვიძიე Birdie-ის ფეისბუქის გვერდი, სიახლეები გამოვიწერე და ოთხი თვის თავზე უკვე ოთხი ფანტასტიკური ხელნაკეთობა მაქვს შინ (სინამდვილეში ხუთი, მაგრამ ერთი გავაჩუქე) – ჩემი ყველაზე ფერადი კოლექცია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

tortsik

ეს პოსტი აქამდეც უნდა დამეწერა, მაგრამ, ხომ იცით, როგორც ხდება: აქეთ – წიგნის ფესტივალიო, იქით – დაბადების დღეოსუპერკლაუსსა და “გურულ დღიურებზე” რომ არ მომეყოლა, არაფრით გამოვიდოდა. ამას საშინაო საახალწლო აურზაურიც მიუმატეთ – უამრავი საქმე მქონდა სამზარეულოში… კარგი, ჰო, უმეტესად მაცივართან ვიყავი ატუზული და საქირქილოს აქ ვერაფერს ვხედავ! მოკლედ, როგორც იქნა, ამოვისუნთქე, მივიხედე, მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ მკითხველისთვის ახალი წელი არ მიმილოცავს.

არა უშავს. ძველით ახალი წელი, აგერ, გუშინ აღვნიშნეთ, ყურები ახლაც მტკივა წუხანდელი ბათქაბუთქისგან. ჯერ ისევ სადღესასწაულო დროით ვცხოვრობთ, აქა-იქ სადღესასწაულო სასუსნავიც მოგვეძებნება, ასე რომ, არც ეს პოსტი იქნება მეტისმეტად დაგვიანებული.

ჰოდა, მობრძანდით, ატმის ტორტის ბოლო, გაგემრიელებულ ნაჭრებზე დამეწვიეთ. თქვენ მიირთვით, მე მოლის ახალ წლებზე მოგიყვებით.

თოვლის ბაბუასთან სტუმრად პირველად ექვსი თვისა ვიყავი, ღია მწვანე ფუმფულა კომბინიზონში ჩაფუთნილი. დედას ახლაც უკვირს, რას ვფიქრობდი, სად მიმყავდა ბავშვიო… იმ პირველი საახალწლო ზეიმიდან ბევრი რამ მახსოვს-მეთქი, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ სანიმუშოდ კარგად რომ ვიქცეოდი, თოვლის ბაბუას გასუსული და თვალებდაჭყეტილი რომ მივჩერებოდი და მას მერე საახალწლო ღონისძიება რომ არ გამომიტოვებია, ფაქტია. ჰკითხეთ ჩემებს, დაგიდასტურებენ.

(more…)

Read Full Post »

GOT board game

მშვენიერი რამაა ეს “ამაზონი”.

ამერიკა არ აღმომიჩენია, ადრეც მშვენიერი იყო ალბათ, უბრალოდ, მე არ ვიყენებდი. რაც მჭირდებოდა, თბილისშიც მოიძებნებოდა და მერე, ხომ იცით, ლოდინზე უარესი არაფერია. ჰოდა, ლოდინი მეზარებოდა სწორედ. რა ვქნა, სული ცხვირში მაქვს – ახალი სათამაშო მაშინვე უნდა ჩავიხუტო გულში და შინ წამოვაცუხცუხო; ადგილი მოვუძებნო, შემოვასკუპო თაროზე და ხშირ-ხშირად გავხედო  – ნამდვილად აქ არის თუ არა.

მოკლედ, ასეთი ნელთბილი დამოკიდებულება მქონდა ონლაინ შოპინგის მიმართ, მაგრამ მერე და მერე რაღაცები შეიცვალა.

ქინდლს“, მაგალითად, მხოლოდ “ამაზონზე” ვყიდულობ. თბილისში სად იყიდებაო, რომ მკითხოთ, ვერც გიპასუხებთ. მარტივი გზაა, კომფორტული და, რაც მთავარია, მშვიდად არეგისტრირებ, რეგისტრირებულ “ქინდლს” კი უამრავი პატარ-პატარა უპირატესობა აქვს.

კიდევ – მაგნიტები, სუვენირები, წიგნები…. ვინ მოთვლის! “ამაზონს” საყვარლობები არ დაელევა და მოლის – ფანტაზია. საკმარისია, რამე გამახსენდეს, გაგანია მუშაობაშიც რომ ვიყო, მაშინვე ძებნას ვიწყებ, ვპოულობ, ვათვალიერებ, მეგობრებს ვუგზავნი, ვეზუზუნები, საექსპერტო დასკვნას ვითხოვ და ვიწერ.

დღეს კი მართლა დიდი დღეა – განსაკუთრებულ სათამაშოზე უნდა მოგიყვეთ. აბა, სურათს ახედეთ. დიახ, დიახ, სწორედ ის არის – A Game of Thrones: The Board Game Second Edition.

(more…)

Read Full Post »

my christmas tree

ძვირფასო სანტა!

ტრადიციები და რიტუალები რომ მიყვარს, ძველი ამბავია და, მგონი, ბლოგსაც ეტყობა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მესიმპათიურება. ზუსტად შარშანწინ პირველად მოგწერე წერილი. გამოგიტყდები, დიდი იმედი არ მქონია, რომ  შენამდე მოაღწევდა, მაგრამ, სასწაულები თურმე მხოლოდ ზღაპრებში არ ხდება…

ჯერ მაშინ ამივიდა შუბლზე თვალები, სამ იანვარს, ბლოგის დაბადების დღეზე, ერთის ნაცვლად ორი სანტა რომ მესტუმრა (მეორე, ალბათ, კანადიდან) და მეორედ იმ დღეს უნდა გენახა ჩემი გაოცება, საახალწლოდ შენი პასუხი რომ მომიფრიალა ფოსტამ,  იქნებ, გესტპოსტად გამოგადგესო.

მოკლედ, ერთი ძველი ფილმისა არ იყოს, ყოველ ახალ წელს – არა, აბანოში რა დამრჩენია – ან შენ გწერ, ან შენს ბარათს ვკითხულობ…

ოღონდ, შენ კი იცი და, მკითხველმა ისე არ გამიგოს, თითქოს მხოლოდ დეკემბრის მიწურულს გეხმიანებოდე. მეგობრებთან ასე მოქცევა ვის გაუგონია! ტელეფონის ნომრები დიდი ხანია გავცვალეთ და ლაპლანდიასთან დაკავშირებაც არ მიჭირს. ახლა, მთელ მიმოწერას ვერ გამოვაქვეყნებ, უხერხულია, მაგრამ იმას კი უნდა მოვყვე, ბათუმში რომ გნახე, ამ ზაფხულს.

(more…)

Read Full Post »

ერიკ-ემანუელ შმიტი. "ოსტენდელი მეოცნებე". გამომცემლობა "პალიტრა L". თბილისი, 2013გუშინწინ მეგობარმა ერიკ-ემანუელ შმიტის “ოსტენდელი მეოცნებე” მისახსოვრა. კაფეში ვისხედით, პიტნის ჩაის სურნელს ვისუნთქავდით და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალნაყიდ წიგნებს ვათვალიერებინებდით ერთმანეთს. არ წამიკითხავს და მაინტერესებს-მეთქი, ვთქვი და ჩემკენ გამოაჩოჩა მაშინვე, გქონდესო. თავპატიჟი არ გამომიდვია – ასეთ ამბებში მოკრძალებით არ გამოვირჩევი.

კითხვა რომ დავიწყე, ვიფიქრე, ცოტა არ იყოს, ნაფტალინის სუნი ასდის-მეთქი. რაღაცნაირად ძველმოდური და ჩრჩილშეპარული მომეჩვენა, თითქოს ბებიის სკივრიდან ძველი, მაქმანებიანი კაბა ამოვიღე გასამზეურებლად.

კარგა ხანს გამყვა ეს შეგრძნება. პირველ ნოველაში მაინც ყველაფერი მეტისმეტად ჰგავდა ზღაპარს – იდუმალი პრინცი, ხეიბარი გოგონა, სამახსოვროდ დარჩენილი თეთრი ხელთათმანი… ფინალიც თითქო ისეთი უნდა ყოფილიყო, თხრობის დასაწყისიდან თუ არა, შუაში მაინც აუცილებლად რომ მიხვდება მკითხველი, მაგრამ…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი თავბრუდამხვევი ფინტი ჩამიტარა ავტორმა, კარგა ხანს ვიჯექი პირდაფჩენილი, როგორც მზის წნულში დარტყმის შემდეგ ემართებათ ხოლმე, და სულის მოთქმას ვცდილობდი. ავდექი კიდეც, გავიარ-გამოვიარე და მეორე მოთხრობა უკვე მეტი სიფრთხილით და მოლოდინით გადავფურცლე.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებიც მაჩუქეს <3შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგჯერ ქაქანის ხასიათზე ვდგები ხოლმე და ხან ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გაბეზრებთ თავს, ხან – უახლოეს წარსულში დატრიალებული ამბებით.

ერთიც იყო და, მახსოვს, იმ წიგნებზე ვწერდი, თვალსა და ხელს შუა რომ ამწაპნეს ვიღაც-ვიღაცებმა. ჰოდა, რადგან მაშინდელი სიმწარე გაგიზიარეთ, ახლა იმ წიგნებით უნდა გაიხაროთ ჩემთან ერთად, სხვადასხვა დროს მოლისთვის რომ უჩუქებიათ.  ახლა, თუ მაინცდამაინც არ გაგიხარდებათ და ცოტა შეგშურდებათ, გავიგებ, თქვენს ადგილზე მეც მსგავსი რამ დამემართებოდა.

აბა, რომ გამეგო, მარიმ და ირაკლიმ ვინმეს ჰარი ჰარისონის ფოლადის ვირთხის თერთმეტნაწილიანი ეპოპეა ჩამოუტანეს უკრაინიდანო, სრულ ჭკუაზე ვიქნებოდი?! არა, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვენს ოხვრას და გმინვას სრული გაგებით მოვეკიდები.

ახლა აქეთ წამობრძანდით, “პოტერიადის“ შვიდივე წიგნი უნდა გაჩვენოთ, თანაც ორ ენაზე. ქართული ვერსია ერთმა მეგობარმა მისახსოვრა, საახალწლოდ; ინგლისური კი – მეორემ, ყოველგვარი მიზეზისა და საზეიმო თარიღის გარეშე მომიცუნცულა “პროსპეროდან“.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: