ამ ბოლო დროს სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდს განსაკუთრებული ყურადღებით ვათვალიერებ და ყველა ნაცნობ რედაქტორს წუწუნა პიემებით შევუწუხე გული.
ჩვეულებრივი ამბავია :) ახალი თარგმანის გამოცემა იგეგმება და მე, როგორც წესი, მოთმინება არ მყოფნის.
ამჯერად უელბეკის “მორჩილებას” ველოდები.
მესიე მიშელის თავგადადებული მკითხველი ვარ-მეთქი, ვერ დავიჩემებ. რაღაცები მომწონს, რაღაცები – არა. ოღონდ, “მორჩილება” ის წიგნი არ არის, გულგრილად გავაყოლო თვალი და მერე, რომელიმე ფესტივალიდან ფასდაკლებული წამოვიღო.
წელს, ხუთ იანვარს, “Charlie Hebdo“-ზე ტერორისტული თავდასხმის დღეს, ათას სხვა ამბავთან ერთად, ესეც გავრცელდა: უელბეკმა ახალი რომანის სარეკლამო კამპანია შეწყვიტაო.
ჰოდა, მანდ გავიგე პირველად, “მორჩილება” რომ ჰქონდა დაწერილი.
ცოტა ხანში “სულაკაურმა” რელიზი გაავრცელა: უფლებები ვიყიდეთ, ჩვენ ვთარგმნითო.