Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სამეცნიერო ფანტასტიკა’

Hard to be a God cover

არკადი და ბორის სტრუგაცკები

ძნელია ღმერთობა

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ქეთი ნიკოლეიშვილი

რედაქტორი – რუსუდან გორგაძე

ყდის დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

I თავი

რუმატა წმინდა მიკას რიგით მეშვიდე, ამ გზაზე კი უკანასკნელ საფლავს რომ გასცდა, უკვე სულ მთლად ბნელოდა. ნაქები ხამახარული ულაყი, დონ ტამეოსგან ბანქოს ვალის სანაცვლოდ მიღებული, დიდი უხეირო რამე გამოდგა – ოფლში ცურავდა და, ფეხარეული, საძაგლად მიბარბაცებდა. რუმატა ფერდებზე მუხლებს უჭერდა, თხემზე ხელთათმანს უწკაპუნებდა, მაგრამ ცხენი ფეხის აჩქარებას არც აპირებდა, მხოლოდ უხალისოდ იქნევდა თავს.

გზისპირას გაბურდული ბუჩქნარი სიბნელეში კვამლის გაქვავებულ ბოლქვებს ჰგავდა. გულისგამაწვრილებლად ზუოდნენ კოღოები. ამღვრეულ ცაზე აქა-იქ ცახცახებდნენ და ბჟუტავდნენ ვარსკვლავები. დროდადრო წამოუბერავდა სუსტი ქარი, თან თბილი, თან ცივი – ასე იცოდა შემოდგომაზე ამ ზღვისპირა მხარეში, სადაც ჩახუთულ, მტვრიან დღეებს სუსხიანი ღამეები ენაცვლებოდა.

რუმატამ უფრო მაგრად შემოიხვია მოსასხამი და სადავე მიუშვა. გინდ ეჩქარა, გინდ არა – ერთ საათში შუაღამეც მოატანდა, ცისკიდურზე კი უკვე წამომართულიყო სლოკინა ტყის შავი, დაკბილული ქობა. გზას აქეთ-იქიდან დახნული მინდვრები მიუყვებოდა, ვარსკვლავების შუქზე ციალებდა ჟანგის სუნად აქოთებული ჭაობები, შავად აზიდულიყო ყორღანები და დამპალი, დიდი შემოსევის დროინდელი ხის ზღუდეები. შორს, მხარმარცხნივ, დროდადრო აბრიალდებოდა და ჩაინავლებოდა პირქუში დაისი – რომელიმე სოფელი თუ იწვოდა, უთვალავთაგან ერთი ლეშნაყორავი, ყელთოკიანი ან ნაყაჩაღარი, ახლახან უავგუსტოესის ბრძანებით სანუკველა, მადლიანა ან ანგელოზეული რომ დაერქმიათ. სრუტის ნაპირიდან უსიერ ტყემდე, ასეულობით მილზე გაწოლილიყო ეს ქვეყანა, კოღოების საბანში გახვეული, ხრამებით დაფლეთილი, ჭაობში ჩამხრჩვალი, ციებ-ცხელებით, ჭირითა და ავსუნიანი სურდოთი სნეული.

მოსახვევთან ბუჩქებს ჩრდილი გამოეყო. ულაყმა თავი აიქნია და განზე გახტა. რუმატამ აღვირი აიტაცა, მაჯაზე ჩვეულებისამებრ შეისწორა არშია, ხელი ხმლის ვადაზე ჩამოიდო და დაჟინებით დააცქერდა უცნობს.

გზის პირას მდგომმა ქუდი მოიხადა.

– საღამო მშვიდობისა, კეთილშობილო დონო, – ხმადაბლა თქვა მან, – შემინდეთ…

– რა გაგჭირვებია? – ჰკითხა რუმატამ და სიბნელეს მიაყურადა.

უხმაუროდ ვერავინ ჩასაფრდება. ყაჩაღებს ლარის ჭრიალი გასცემს, უვარგისი ლუდით გაჭყეპილ რუხებს – თავშეუკავებელი ბოყინი, ბარონის რაზმელებს – ხარბი ქშენა და რკინის ჩხარაჩხური, მონებზე მონადირე ბერებს – ხმაურიანი ფხანა. მაგრამ ბუჩქებიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არა, ეს კაცი მზირი არ უნდა ყოფილიყო. არც ჰგავდა, კაცმა რომ თქვას – ჩია, ჩასკვნილი ქალაქელი იყო, ღარიბულ მოსასახამში გახვეული.

– ნება მიბოძეთ, თქვენ გვერდით ვირბინო, – თავმოდრეკით სთხოვა მან.

– მიბოძებია, – უთხრა რუმატამ და სადავე შეარხია, – შეგიძლია, უზანგს ჩაეჭიდო.

ქალაქელი ცხენს აედევნა. ქუდი ხელში ეჭირა და გვარიანად თმაშეთხელებული კინკრიხო უპრიალებდა. ვისიმე ნოქარი იქნება, გაიფიქრა რუმატამ, ერთი მათგანი, ბარონებსა და ბითუმად მოვაჭრეებთან რომ მიდი-მოდიან, სელსა და კანაფს ყიდულობენ… გულადი ნოქარი კია, ვერაფერს იტყვი… ან იქნებ არც არის ნოქარი? იქნებ წიგნისჭიაა? დევნილი. გარიყული. ახლა ღამღამობით სავსეა გზები ასეთი ხალხით. ნოქრებზე მეტადაც კი მომრავლდნენ… ან ეგებ ჯაშუშია?

– ვინა ხარ და სადაური? – ჰკითხა რუმატამ.

– კიუნს მეძახიან, – ნაღვლიანად მიუგო ქალაქელმა, – არკანარიდან მოვდივარ.

– არკანარიდან გ ა რ ბ ი ხ ა რ, – უთხრა მისკენ დახრილმა რუმატამ.

– გავრბივარ, – დაეთანხმა ქალაქელი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

დენიელ კიზი

ყვავილები ელჯერნონისთვის

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – თინათინ ხომერიკი.

რედაქტორი – თეა ქიტოშვილი.

ყდის დიზაინი – ია ნინოშვილი.

სერიის დიზაინი – ეკა ტაბლიაშვილი.

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

 

“ჭკვიანი კაცი გაიხსენებდა, რომ მზერას ორი სხვადასხვა მიზე­ზი ამღვრევს: როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა, პირიქით, სიბნელიდანსინათლეში. იგივე ითქმის სულზედაც: და­ვუკვირდეთ შემცბარსა და დაბნეულ სულს, საგანთა გარჩევის უნა­რი რომ დაჰკარგვია, მაგრამ ბრიყვულად ნუკი დავუწყებთ დაცინ­ვას, არამედ დავუფიქრდეთუფრო ნათელი ყოფიდან მოვიდა და მისთვის უჩვევმა სიბნელემ დაუვსო თვალი, თუ, პირიქით, სრული უმეცრებიდან ამაღლებულს თვალი მოსჭრა სინათლის ასევე უჩ­ვევმა ბრწყინვალებამ? ამ შემთხვევაში შეიძლება ნეტარებად დავ­სახოთ მისი ყოფა, პირველ შემთხვევაში კი მისდამი თანაგრძნობა გვმართებს. მაგრამ თუ ვინმე მაინც ვერ იკავებს სიცილს, ეს დაცინვა ნაკლებად ბრიყვული იქნება, თუკი მისი საგანია სული, რომელმაც სინათლის საუფლოდან სიბნელეში ამოყო თავი”.

  • პლატონი, „სახელმწიფო“[1]

 

ვუძღვნი დედაჩემს

და მამაჩემის ხსოვნას

 

 

მიხშეული წედეგების ანგარიწი #1

3 მრტი

ექიმმა სტრაუსმა ესე მითხრა დღეიდან ყველაფერი დაშერე რასაც ფიქროფ და გახსოვს და რაც გემართებაო. აზზე არ ვარ რატო მარა იმან თქვა ეგ ძაან მნიწნელოვანიაო რო გავიგოთ გამოდგები თუ არაო. იმედია გამოვდგები იმიტორო მის კინიანმა თქვა რო შეილება ჭკვიანი გავხდე. მინდა რო ჭკვიანი ვიყო. მე ჩარლი გორდონი მქვია დონერის საცხობში ვმუწაობ იქ მისტერ დონერი 11 დოლერს მაძლევს კვირაში და კიდე პურს და ნამცხვარს თუ მინდა. 32 შლის ვარ და იმ თვეში ჩემი დაბადებისდღეა. ექიმ სტრაუს და პერფესორ ნიმურს უთხარი კარგათ ვერ ვშერმეთქი მარა იმან თქვა არაუწავსო ისე დაშერე როგორც ლაპარაკობ და კომპუზიციებს როგორც შერ მის კინიანის გაკვეთილებზეო ბეკმენის ჩამორჩენილ მოზდილთა სასშავლო ცენტრში. იქ კვირაში სამჯერ დავდივარ რო ვისშავლო როცა მცალია. ექიმა სტრაუსმა ბევრი დაშერე ყველაფერი რასაც ფიქროფ და ხდებაო მარა მეტი ვეღარ ვფიქროფ იმიტორო აღარ ვიცი რა დავშერო ასერო დღეს მოვჩი… გულითადათ თქვენი ჩარლი გორდონი.

(more…)

Read Full Post »

20150118_141701

სამამულო ლიტერატურულ პროცესებს თვალს თუ ადევნებთ, ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ შარშანდელი ამბავი – ბათუმის ყველაზე პოპულარული წიგნის მაღაზიის მეპატრონეებმა საგამომცემლო ბიზნესსაც რომ მოუსინჯეს კბილი და მკითხველს ახალი გამომცემლობის დაარსება ახარეს.

“წიგნები ბათუმში” თავიდანვე შეეცადა საფირმო ხელწერის ჩამოყალიბებას და საკუთარი ნიშის დაბევებას – მხოლოდ ხარისხიანი ლიტერატურა და ხარისხიანი თარგმანი გვექნება, წესისთვის, მოდისა და რაოდენობისთვის არაფერს გამოვცემთ, განსაკუთრებით კი ფანტასტიკას და საბავშვო-საყმაწვილო ხაზს მივხედავთო.

ჟანრულ პროზას ჩვენში მაინცდამაინც რომ არ ულხინს, “არ ახალია, ძველია“. ფენტეზის ცინცხალი თარგმანები არ გვაკლია; აი, სამეცნიერო ფანტასტიკისა კი რა მოგახსენოთ…. არა, Sci Fi-ს სხვებიც თარგმნიან, მაგრამ ასე, პრიორიტეტულ მიმართულებად, არავის გამოუცხადებია.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოდი, დღეს “წიგნები ბათუმში”-ს უახლოეს გეგმებს გადავხედოთ. პირველი ნაბიჯი, ხომ იცით, ნახევარი საქმეა – როგორც იწყებ, ისევე აგრძელებ.

სუბიექტურობაში ნუ ჩამომართმევთ (ან ჩამომართვით, როგორც გენებოთ) მაგრამ განსაკუთრებით მიხარია, ჩვენში ძმები სტრუგაცკების თარგმნას რომ მიჰყვეს ხელი. საუკეთესო რუსი ფანტასტების ტანდემი აქამდეც გადმოუქართულებიათ, ძველი “დასახლებული კუნძულიც” შემხვედრია ბუკინისტებთან, მაგრამ სათავგადასავლო ბიბლიოთეკის ქართული კლონის რიგითი ტომი ერთია და ექსკლუზიური თარგმანი – მეორე.

(more…)

Read Full Post »

20130908_162449

ახალი ინსომნია იწყება. Sci Fi-ს, ფენტეზის, Horror-ის და მისტიკის ლიტერატურული ფესტივალი. აი, ის, შარშან რომ გავმართეთ პირველად. მთელი ღამით წიგნის მაღაზიაში რომ გამოვკეტეთ ჩვენი ინსომნიაკები და ერთიმეორეზე საშიში, გულგასახეთქი მოთხრობები ვაწერინეთ. ხანდახან თავად ავტორებსაც რომ ეშინოდათ, ისეთი :)

ორგანიზატორებს უთქვამთ, იმისთვის კი არ ვაწვალეთ ხალხი და ღამეები ვატეხინეთ, წელს ხელები დაგვებანაო; ფესტივალი ტრადიციად უნდა ვაქციოთო.

ჰოდა, მეორე სეზონს ვიწყებთ.

ახლა ყურადღებით მომისმინეთ – ფორმატი კია ნაცნობი, მაგრამ რაღაცები გავაუმჯობესეთ და რამე არ გამოგრჩეთ; ტრადიცია ტრადიციად –  და სიახლეებიც თუ არ შევაპარეთ შიგადაშიგ, არაფერი გამოვა.

(more…)

Read Full Post »

the gunslinger cover 3

ბევრჯერ მითქვამს აქაც და სხვაგანაც – ბიბლიოსერიები და ტომეულები ბავშვობიდან მიყვარს.

რა ჯობია, თაროზე რომ ჩამოამწკრივებ ნომრების მიხედვით და თვალსა და გულს ერთად ახარებს.

ისე არ გამიგოთ, თითქოს მარტო კოხტად მიწყობილი ტომების სილამაზე მხიბლავდეს. არც უმაგისობაა, ვინ ოხერი დავობს, მაგრამ მთავარი ხიბლი, როგორც ხვდებით, სხვა რამაა.

აი,  ბავშვობაში რომელი გერჩივნათ – სქელი წიგნი, დიდხანს რომ ჩაგიკოკლოზინებდათ ყელს, თუ თხელი, უცებ რომ ჩაგადნებოდათ ხელში? ჰოდა, აქაც ასეა. ბევრი ტომი ბევრ საკითხავს ნიშნავს და ნამდვილმა ბიბლიოფილმა მეტი რა უნდა ინატროს…

ოღონდ ამ ტომეულებს ერთი ნაკლი აქვთ – ჯერ პირველის გამოსვლამდე უნდა დაგაწყდეს ნერვები, მერე მეორეს უნდა ელოდო, მერე – მესამეს და ასე…

აგერ, “დიოგენეს” ყველა მაგარი წიგნი, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამგვარ სერიებად აქვს გამოცემული.

(more…)

Read Full Post »

ინსომნია 2013. ქარჩხაძის გამომცემლობა. თბილისი, 2013

ამ წიგნზე წერა ჩემთვის ერთსა და იმავე დროს იოლიც არის და ძნელიც.

იოლი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ დაბეჭდვამდე წავიკითხე – ცინცხალ ტექსტებს პირდაპირ ფოსტით ვიღებდი; რთული კი იმიტომ, რომ კრებულის აკინძვაში მცირე წვლილი მეც მაქვს შეტანილი და რიგითი მკითხველის პოზიციიდან საუბარი გამიჭირდება.

მიხვდებოდით – “ინსომნიაზე“ გიყვებით. ჟანრული პროზის პირველი ფესტივალის პერიპეტიები ისედაც არ გამოგეპარებოდათ – არც ანონსი დაკლებია, არც ხმაური და არც ყურადღება; შესარჩევი ტურის ამბებიც გეცოდინებათ და, ალბათ, იმასაც ადევნებდით თვალს, როგორ წერდნენ მოთხრობებს “Book City“-ში გამომწყვდეული ინსომნიაკები, – ამიტომ ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ; პირდაპირ იმით დავიწყებ, რომ ეს ყველაფერი უკვე წიგნად აქცია ქარჩხაძის გამომცემლობამ და “ბუქ სითიმ” პრეზენტაციასაც უმასპინძლა წინა კვირას.

ჰოდა, აგერ მიდევს კიდეც ჩემი ეგზემპლარი – ჟიურის წევრებისა და ავტორების ისეთი სამახსოვრო წარწერებით დამშვენებული, რომ კითხვისას რამდენჯერმე ცხვირიც დავაქსუტუნე.

შვიდ რჩეულს შორის საუკეთესოს გამოვლენა ჟიურიმ არ ჩათვალა საჭიროდ და მე ვინ მეკითხება; ოღონდ იმას კი გეტყვით, რომ ერთიმეორეზე გემრიელი ტექსტებია და თუ ჟანრის მოყვარული ბრძანდებით, გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

(more…)

Read Full Post »

typewriter robot

ჯერ ის მითხარით, ერთ ღამეში მოთხრობა თუ დაგიწერიათ?

არც ცარიელ, საგულდაგულოდ ჩარაზულ წიგნის მაღაზიაში დარჩენილხართ მარტო ღამით?

არა უშავს. ამქვეყნად ყველაფერი ოდესმე პირველად ხდება და 10 000 ლის გზაც, როგორც ბრძენი ჩინელი ბლოგერები ამბობენ, პირველი ნაბიჯიდან იწყება.

მით უფრო – თუ ეს ლიტერატურული კონკურსია…

მგონი, უკვე მიხვდით, რაშია საქმე, მაგრამ მაინც ბოლომდე მომისმინეთ – რძიანი ყავის ფინჯანს მოვიდგამ, სიგარეტს მოვუკიდებ (სამზარეულოში რომ სასუსნავები მეგულება, ნიგვზიანი ბადრიჯნით დაწყებული და ნაყინით დამთავრებული, იმაზე ხმას არ ამოვიღებ – დიეტაზე ვარ) და ახალ ამბებს სულ დაწვრილებით ჩამოგიჭიკჭიკებთ.

(more…)

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »

%d bloggers like this: