Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სალომე ბენიძე’

წლევანდელი ზაფხული ყველა გაგებით ცხელი იყო – ტემპერატურის ნიშნული რამდენს უკაკუნებდა, გახსენებაც არ მინდა, სამსახურში კი, მოზღვავებული საქმეების გამო, ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ორთქლის ქვაბში. მიუხედავად ამისა, ახალი წიგნების წასაკითხად მაინც ვიცლიდი და იმპრესიებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ, ჩემი ამბავი ხომ იცით, არ დაგზარდებით.

ერთი სიტყვით, ბიბლიოთეკაც გვარიანად შევავსე და არც საღამოობით გახლდით მოწყენილი; ახალი სეზონის პირველი ლიტერატურული პოსტისთვის კი, ბევრი ფიქრის შემდეგ, ერთი დელფინიანი წიგნი შევარჩიე, რომელიც სულ ახლახანს წავიკითხე, ჩემი მეგობრის შეშინებული ზარის შემდეგ, ალცჰაიმერის პრევენციაზე თუ გსმენია რამეო, შუაღამის პირს რომ დამაფეთიანა.

ვიცი, უკვე ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა, რომ წერას ლიზა ჯენოვას ცინცხალ თარგმანზე ვაპირებ… “ჯერ კიდევ ელისი“ – იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის ამბავია, ჰარვარდის ფსიქოლოგიის პროფესორს – ელის ჰოულენდს საკუთარ გონებასთან და თვითმკვლელ ნეირონებთან რომ უწევს.

რამდენი დაავადებაა ამქვეყნად, რომლებზეც გვსმენია, არა მარტო გვსმენია, ზოგჯერ ახლოსაც ჩაუვლიათ, ხანდახან იმდენად ახლოს, რომ ტკივილი და სიცარიელე დაუტოვებიათ; თუმცა, მაინც ყველას გვგონია, რომ ჩვენ არასოდეს შეგვეხებიან, არადა…

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ლიზა ჯენოვა

ჯერ კიდევ ელისი

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

პირველი ქართული გამოცემა, ბათუმი 2015

 

მთარგმნელი – ანა გიგუაშვილი

რედაქტორები – მარიამ კორინთელი, სალომე ბენიძე

დიზაინი – მაია ხუტიაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

კორექტორი – თამთა ჯინჭარაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

სექტემბერი, 2003 წელი

ელისი საძინებელში, თავის მაგიდასთან იჯდა. პირველ სართულზე, ოთახიდან ოთახში აჩქარებით მოსიარულე ჯონის ფეხის ხმა და ბრახაბრუხი ყურადღებას უფანტავდა. ელისს გაფრენამდე უნდა დაემთავრებინა კოგნიტური ფსიქოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიმოხილვა, მას კი ერთი და იგივე წინადადება უკვე სამჯერ ჰქონდა წაკითხული და აზრის გამოტანა ვერ მოეხერხებინა. მაღვიძარა რვის ნახევარს უჩვენებდა. პირველ სართულზე თანდათან გაძლიერებულმა ხმაურმა ელისი მიახვედრა, რომ ჯონი სახლიდან, რაც შეიძლება, სწრაფად გასვლას ცდილობდა, მაგრამ, როგორც ეტყობოდა, რაღაც დაკარგა და ვერაფრით პოულობდა. ელისმა კალმის ბოლო ტუჩებთან მიიტანა და მაჯის საათს დახედა. წინასწარ იცოდა, რაც მოხდებოდა.

– ელი?

კალამი მაგიდაზე დადო, ღრმად ამოისუნთქა და კიბეზე დაეშვა. ჯონი ტახტის წინ დაჩოქილი დახვდა, ბალიშების ქვეშ ხელს აფათურებდა, ჩანდა, რაღაცას ეძებდა.

– გასაღები?

– სათვალე. გეხვეწები, ახლა არ დამიწყო, მაგვიანდება.

ელისმა თვალი მის გაბრაზებულ მზერას გააყოლა, ბუხრის თავისკენ, სადაც ანტიკვარული, მუდამ ზუსტად მომართული საათი რვას უჩვენებდა. საათებმა მათ სახლში იშვიათად უწყოდნენ ნამდვილი დრო. ელისი უკვე იმდენჯერ მოტყუვდა, რომ მხოლოდ თავის „ბლექბერის“ ენდობოდა. საათების აჯანყების დასტურად, მიკროტალღური ღუმლის საათი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ჯერ მხოლოდ დილის შვიდი იყო.

სათვალე იქ იყო – არც რამის ქვეშ, არც რამის უკან, არც თვალს მოფარებული; იდო თავისთვის, სამზარეულოს გრანიტის გლუვ, მოწესრიგებულ ზედაპირზე, გაუხსნელი წერილების გროვით სავსე, სოკოს ფორმის მინის ლარნაკის გვერდით. როგორ შეიძლებოდა, უჭკვიანეს ჯონს, მეცნიერს, ასეთი აშკარა რამ მხედველობიდან გამორჩენოდა?!

რა თქმა უნდა, ხანდახან მისი ნივთებიც იკარგებოდნენ მიუვალ, პატარა კუნჭულებში, მაგრამ მათი ძებნით არც არასდროს არავინ შეუწუხებია და არც დახმარება უთხოვია. ჯონმა არც იცოდა, რომ გუშინ მისმა ცოლმა მთელი დილა „ბლექბერის“ დამტენის ძებნაში გაატარა, ჯერ სახლში და შემდეგ – ოფისში. ბოლოს დანებდა და ახალი დამტენი იყიდა, თურმე, მხოლოდ იმისთვის, რომ იმავე საღამოს, მოგვიანებით, ძველი დამტენი აღმოეჩინა, ჩვეულ ადგილას, საწოლის გვერდით შეერთებული. ალბათ, ორივეს ნაცვლად ყოველდღიურობაზე ფიქრმა და საშინლად გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა გამოფიტა ასე. ან, სულაც, ასაკის მატებამ.

ჯონი სამზარეულოს კარში იდგა, მაგრამ ელისს არ უყურებდა – ცოლის ხელში ჩაბღუჯულ სათვალეზე გაშტერებოდა მზერა.

– შემდეგში, როცა რამის მოძებნა დაგჭირდება, ეცადე წარმოიდგინო, ვითომ ქალი ხარ, – ღიმილით უთხრა ელისმა.

– კარგი,შენს მაისურს ჩავიცვამ ხოლმე. ელი, გთხოვ, მართლა დამაგვიანდა!

– არადა, მიკროტალღურმა ღუმელმა, ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვსო, – თქვა ელისმა და სათვალე მიაწოდა.

– გმადლობ.

ესტაფეტის მორბენალი რომ გამოართმევს ხოლმე ნიშანს და გაიქცევა, ისე ჩაბღუჯა სათვალე ჯონმა და შემოსასვლელისკენ გაიქცა.

– შაბათს, რომ ჩამოვალ, სახლში დამხვდები? – შეკითხვა დააწია ელისმა, თან თვითონაც გაჰყვა შემოსასვლელისკენ.

– არ ვიცი, შაბათს ლაბორატორიაში ძალიან დაკავებული ვარ, – ამ სიტყვებთან ერთად ჯონმა ჩანთა, მობილური და გასაღები აიღო, – მშვიდობიან ფრენას გისურვებ, ლიდიას ჩაეხუტე, აკოცე და ეცადე, არ იჩხუბოთ.

(more…)

Read Full Post »

ახალ “ინსომნიაზე” უნდა მოგიყვეთ.

ოფიციალურ გვერდზე ანონსს უკვე ნახავდით. პირობებიც წერია იქ, ვადებიც, ელფოსტის მისამართიც, ჟიურის შემადგენლობაც. მოკლედ, ყველაფერი.

მაგრამ მეც რომ არ დავწერო, არაფრით გამოვა. ერთი პერსონალური პოსტი “ინსომნიას”, ღმერთი, რჯული, ნამდვილად ეკუთვნის.

ორი წლის წინ, ზუსტად ორი წლის წინ, ნატო დავითაშვილმა მომწერა – კოშკას ახალი იდეა აქვს, ექსტრემალი ლიტერატორების კონკურსს ვმართავთ და ჟიურის წევრობაზე რას იტყვიო.

დიდი მადლობა, ამაზე უარს რა მათქმევინებს-მეთქი, გადავირიე სიხარულით.

ჰოდა, ახლა მესამე წრეზე მივდივართ.

ასე რომ, თუ ვინმეს ეჭვის ნატამალი ღრღნიდა, შეუძლია, მშვიდად იძინოს – ყველაზე ორიგინალური, გიჟური და ფანტასტიკური იდეაც, თუ მოინდომე, გადასარევად ისხამს ხორცს. ჩაკეტილი მაღაზიიდან ონლაინ ტრანსლაციის ორგანიზებაც ხერხდება და ერთიმეორეზე უკეთესი ტექსტებიც იწერება ერთ ღამეში.

(more…)

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, ყველას გახსოვთ, რომ მაისის ბოლოს თბილისის წიგნის ფესტივალი გველოდება.

მართალია, თარიღი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში მოწანწალე ძველი და ერთგული მრევლისთვის ძნელი გამოსათვლელი არ უნდა იყოს. თვის ბოლოს მოუწევს, ალბათ.

მინდა გითხრათ, მაინცდამაინც დიდი დრო არ არის დარჩენილი. ჰოდა, მოლის ბლოგიც წინასაფესტივალო რეჟიმზე გადადის.

დაწყებით კი ყოვლად გადასარევი ამბით დავიწყებ.

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” ბლოგერების კონკურს იწყებს.

ოფიციალურ რელიზს უკვე ნახავდით. მე ცოტა უფრო ვრცლად მოგიყვებით. ეშმაკი, გეცოდინებათ, დეტალებშია.

მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც პერსონალური ბლოგი აქვს და დღემდე ერთი პოსტი მაინც გამოუქვეყნებია. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე წერთ ან რამდენად ხშირად, ერთხელ ბლოგერი მუდამ ბლოგერიაო, ძველებს უთქვამთ.

(more…)

Read Full Post »

სალომე ბენიძის თარგმანი  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სალომე ბენიძის თარგმანი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რა არის მაინც ეს ტექნიკური პროგრესი! მიიწევს და მიიწევს წინ, შეუჩერებლად, ვულკანის ლავასავით, და ისეთ კუთხე-კუნჭულებში ყოფს ცხვირს, სადაც, წესით, არაფერი ესაქმება. აი, მაგალითად, ჩრდილოეთ პოლუსზე.

კი მაგრამ, რას აშავებსო, იკითხავთ. რას და, სანტა კლაუსის ელფებს შობამდე კარგა ხნით ადრე მოუთავებიათ სათამაშოების ჯადოსნურ ქარხანაში ფუსფუსი, საჩუქრებიც ყველა ბავშვისთვის შეუფუთავთ, იქაურობაც დაუკრიალებიათ, ცხენირმებიც დაუპურებიათ და ემუდ-ზე მიიჩქარიან – ელფთა მხიარული ულვაშების დაჯილდოებაზე. და ეს – სულ ზებგერითი “სახრახნისი 33“-ის და სხვა უსწრაფესი ხელსაწყოების წყალობით.

კარგი და, ურიგო რა არის ამაშიო, დარწმუნებული ვარ, ესეც წამოგცდებათ. რა, ჩემო ბატონო, და ის, რომ ჩვენი სანტა შობამდე მთლად უსაქმოდ დარჩენილა და სხვა რა გზა აქვს, მოწყენილობისგან ცხენირმებს ითვლის შუაღამისას ხელის თითებზე:

  1. რუდოლფი;
  2. დაშერი;
  3. დონერი;
  4. კომეტი;
  5. ფრანსერი;
  6. ვიქსენი;
  7. დანსერი;
  8. კუპიდონი;
  9. ბლითზენი;
  10. რენდი.

რენდი?!

რაო? ვინ რენდი? საიდან გაჩნდა? სანტას მარხილს უხსოვარი დროიდან ცხრა ცხენირემი მიაქროლებს, ახლა კი – რენდიო!

თურმე, ნუ იტყვით და, სათადარიგო ყოფილა.

(more…)

Read Full Post »

 

20140921_213706

ჩემი “საბა”

არ მგონია, ვინმეს დავიწყებოდა, მაგრამ მაინც იმით დავიწყებ, რომ ხვალ “საბაა“, წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა, რუსთაველის თეატრში და “რუსთავი-2”-ის ღია ეთერში, ოცდაორში ოცდაორზე.

საერთო აზრი “საბაზე” კი არა, ნობელის ლიტერატურულ პრემიაზეც არ არსებობს. ზოგი ემადლიერება, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს – წიგნების ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს გამოვლენა რა ახირებაა, ჩემთვის საუკეთესო ის არის, რაც მე მომწონსო, მაგრამ ფაქტია, “საბაზე” მაინც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, ყველაზე დაწვრილებით განიხილავენ, შორთლისთში მოხვედრა ყველაზე მეტად უხარიათ და გამარჯვებითაც ყველაზე მეტად ამაყობენ.

ჰოდა, მოლი ამ ამბავს როგორ გამოტოვებდა. მით უფრო, ჩანთაში კუწკუწა მოსაწვევი უდევს და ორშაბათს ნომინანტებზე ნაკლებად არ ელოდება :). სანამ წლევანდელი ტრიუმფატორების ვინაობა გაგვიგია, მოდი, ერთად გადავხედოთ ნომინანტთა სიას – რა გვაქვს და რას ველით.

შეხსენება ზედმეტი მგონია, მაგრამ კიდევ ერთხელ და ძალიან მოკლედ – ფორმატზე: ჯერ ლონგლისტი ივსება მთელი წლის ლიტერატურული მონაგარით, მერე მკაცრად გასაიდუმლოებული ჟიური არჩევს რჩეულთა შორის რჩეულებს – შორთლისტს და ბოლოს უკვე – ლაურეატებს.

ვიდრე საქმეზე გადავალ, რამდენიმე აუცილებელი განმარტება უნდა გავაკეთო. რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მე ვინ ვარ, რომ ეს წესი არაფრად ჩავაგდო :)

შორთლისტში ჩემი მეგობრებიც არიან, ადამიანები, რომელთა წარმატებაც გულით მახარებს და ყოველთვის და ყველგან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ახლა ზედმიწევნით ობიექტური ვარ – წიგნებზე ვყვები და სხვანაირად არ გამოვა, ერთი კარგი ქართული ფილმისა არ იყოს, პირადი გრძნობები გვერდზე უნდა გადავდო.

(more…)

Read Full Post »

თბილისის წიგნის ფესტივალი – ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს

pragis sasaflao cover

ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.

* * *

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.

ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: