Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საბჭოთა კავშირი’

1980 წლის ზაფხულს მოსკოვი უჩვეულოდ მოწესრიგებული შეხვდა.

ხუმრობა საქმე ხომ არ იყო – საბჭოეთის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიადას მასპინძლობდა.

კომუნისტებს მთელი მსოფლიოსთვის უნდა დაემტკიცებინათ – აქაც თქვენზე უკეთესები ვართო. ჰოდა, ქუჩები გააკრიალეს, მაღაზიები დეფიციტური საქონლით გამოტენეს, მაწანწალები და მეძავები ქალაქიდან გაასახლეს და რკინის რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრეს.

მოკლედ, სპორტული იდილია ვერავის და ვერაფერს უნდა დაერღვია.

თუმცა, დრაკონულ ზომებს ხელი არ შეუშლია ათასობით მოსკოველისთვის, 28 ივლისის ცხელ დილას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილიყო. საამისო მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ – ვლადიმერ ვისოცკის ემშვიდობებოდნენ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Alicia Martin. Biografias 2

ნათქვამია, გემოვნებაზე არ დავობენო, მით უფრო, ლიტერატურულზე, მაგრამ ეს ყბადაღებული გემოვნება მხოლოდ გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ რომ გვიყალიბდება, რა ვქნათ? ან ჩვენს საბრალო თავებში ადრეულ წლებში დალექილ მაკულატურას რა მოვუხერხოთ?

თქვენი არ ვიცი, მე კი იმ დროს ვარ გაზრდილი, ხეირიანი წიგნი სანთლით რომ იყო საძებნელი. არადა, კითხვა ისე მიყვარდა, მხატვრულ ლიტერატურას ვინ ჩივის, “საბჭოთა აჭარას” ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ნეკროლოგებს არ ვტოვებდი. ჰოდა, ჩემს ბიბლიოწარსულს კარგად თუ მოვქექავთ, იმდენ არაფრის მაქნის წიგნს აღმოვაჩენთ, ერთ სასაფლაოს ნამდვილად ეყოფა.

არა მგონია, მოლი ბლუმის ბლოგის სტუმრებს პარმენ ლორიას შესახებ რამე სმენოდეთ, მე კი ეს ბედნიერება თავზე საყრელად მქონდა ბავშვობაში – შინ ამ “კლასიკოსის” ხუთტომეული მოგვეძევებოდა და, ვინაიდან ყურადღებას არავინ მაქცევდა, სხვა წიგნებთან ერთად ისინიც სულმოუთქმელად ჩავაბულბულე. ყველაზე მწარედ “განთიადი ხევში” მახსოვს. ოღონდ, შინაარსს ნუ მომაყოლებთ – საამისოდ ნამდვილად არ მემეტებით.

იაკინთე ლისაშვილის “ერთგულება” რამდენჯერმე გამომგლიჯეს ხელიდან, მაგრამ “რად გინდა ეს სისულელე” არც თუ დამაჯერებელი არგუმენტი აღმოჩნდა და “აკრძალული ხილი ტკბილია”-ს პრინციპით მეორედაც გადავიკითხე. ვინ მაძალებდა, ან თავი რატომ არ შემეცოდა, არ ვიცი…

(more…)

Read Full Post »

Afghan Girl. Steve McCurry. National Geographic Magazine. June, 1984

1984 წლის გაზაფხულის მიწურულს, “National Geographic”–ის კორესპონდენტი – სტივ მაკკარი პაკისტანში, ავღანელი ლტოლვილების ბანაკში მოხვდა.

კადრები, რომლებსაც ფოტოგრაფი გაწამებულ, ნაშიმშილებ, ახლობლების დაკარგვით შეძრულ ადამიანებს უღებდა, ისეთივე იყო, როგორიც სხვა, მსგავს თემაზე შექმნილი უამრავი სურათი და არაფრით გამოირჩეოდა. ყოველ შემთხვევაში, თავად მაკკარი ასე თვლიდა – მისი მიზანი იყო, ჟურნალის მკითხველებისათვის დელიკატურად მიეწოდებინა შეერთებული შტატების პოლიტიკური თვალსაზრისი – საბჭოთა კავშირი უსამართლო, დამპყრობლურ ომს აწარმოებდა ავღანეთში და ამის გამო ათასობით უდანაშაულო ადამიანი ღია ცის ქვეშ რჩებოდა, სამშობლოს, ოჯახის და თავშესაფრის გარეშე.

რას იფიქრებდა ამერიკელი კორესპონდენტი, რომ ნაზირ–ბაგჰის ბანაკში, დევნილი პატარებისთვის გახსნილ სკოლაში პუშტუნი გოგონა ელოდა, ძონძებში გამოხვეული, ჭუჭყიანი სახით და გასაოცარი, უძირო მწვანე თვალებით… გოგონა, რომელის გამოსახულება სულ ცოტა ხანში მსოფლიოს მოივლიდა და ავღანელთა გამათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცეოდა.

(more…)

Read Full Post »

ქართველი მწერლები ფანტასტიკას რომ არ სწყალობენ, ვფიქრობ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. კარგა ხნის წინ,  ამ საკითხზე გახსნილ თემას თბილისის ფორუმზეც გადავაწყდი და გამიხარდა –  მარტო მე არ ვყოფილვარ ამით დაინტერესებული–მეთქი, თუმცა იმედი გამიცრუვ­და – ინფორმატიულს იმ დისკუსიას ვერაფრით დაარქმევდით და მალევე გავეშვი. არადა, გული მწყდება – ფანტასტიკა დეტექტივებზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს.

საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობად ითვლებოდა. წიგნის მაღაზიები არც თარგმნილი ნაწარმოებების სიმცირეს უჩიოდნენ და არც სამამულო ავტორებისას. ახლაც მახსოვს, როგორი პოპულარობით სარგებლობდა “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ოცტომეული. ცუდი ის იყო, რომ წიგნის გარეკანზე ქართულ გვარ-სახელს იშვიათად თუ წააწყდებოდით.

ამას წინათ, მოცალეობის ჟამს, ოდესღაც წაკითხული ქართული ფანტასტიკური მოთხრობების გახსენება ვცადე, დიდხანს ვიფიქრე და მხოლოდ ალექსანდრე აბაშელის 1930 წელს  დაწერილი “ქალი სარკეში” ,  ნუგზარ აფხაზავას მოთხრობების კრებული “მკაცრი სამხილი”, ვლადიმერ ასლამაზიშვილის “ციცქნას ახალი ფათერაკები”  და გურამ ფანჯიკიძის “სპირალი” გამახსენდა; კიდევ რამდენიმე არც თუ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთხრობა… სულ ეს იყო… ამაში, ჩემი მოკლე ლიტერატურული მეხსიერების გარდა, ბრალი, ალბათ, იმასაც მიუძღვის, რომ იმ დროინდელი ქართული ფანტასტიკა ავტორებისა და ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა.

(more…)

Read Full Post »

“საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობს!” – სასტუმრო “ლენინგრადის” ადმინისტრატორის და საბჭოთა ქალთა კომიტეტის წევრის ლუდმილა ივანოვას ამ პათეტიკურ შეძახილს კომუნისტური აბსურდის ანთოლოგიაში ღირსეული ადგილი უჭირავს და ციტირების სიხშირით მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების ბარე ორ აფორიზმს არ ჩამოუვარდება. ფსევდო-მორალიზმის და პურიტანობის კლასიკურ ნიმუშს ანეკდოტებშიც შეხვდებით, ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზეც და კინოფილმებშიც. “ლენინგრად-ბოსტონის” ტელეხიდის გაოგნებული ამერიკელი მონაწილეების რეაქციას კი ჩანაწერის ეთერში გასვლიდან 25 წლის შემდეგაც ღიმილით იხსენებენ.

დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ პირველ კომუნისტურ სახელმწიფოში, ბუნებრივია, სექსიც არსებობდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ეროტიკაც. 1964 წელს, დიდი სტალინის ერთგული თანამებრძოლის, ნიტიკა ხრუშოვის ზეობის ჟამს, “ფლეიბოის” საბჭოთა ვოიაჟისა და რკინის ფარდის მიღმა გადაღებული ეროტიკული ფოტოსესიის შესახებ ლორდ ვეიდერმა ისე დაწერა (Sex in USSR და გაშიშვლებული სტალინა), სათქმელი არაფერი დატოვა. მე სხვა ამბავს მოგიყვებით.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: