Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რუსუდან გორგაძე’

წიგნები ყოველთვის ტოვებენ კვალს. კარგებიც, ცუდებიც, მოსაწყენებიც, საინტერესოზე საინტერესოებიც… ზოგის გახსენებაზე ცრემლი მოგდგება თვალზე, ზოგს ცხვირს აუბზუებ – მაგაზე დრო რამ დამაკარგვინაო, ზოგიც მხიარულად ჩაგახითხითებს; ისეთებიც არიან, თაროდან ჩამოღება და ხელახლა თვალის გადავლება ხშირად რომ მოგინდება და ისეთებიც, ყველაზე შორეულ კუნჭულში რომ მიაწყობ – თვალში რომ აღარ მოგხვდეს.

ეს წიგნი, რომელზეც ახლა ვწერ, ცოტა უცნაურია. ხელი უნდა მოგტყდეს, რომ კუთხეში მისაგდებად გაიმეტო – ძალიან კარგია და იმიტომ; მაგრამ მეორედ გადაშლაც გაგიჭირდება, ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ რაღაც დრო არ გავა და გულში სოლივით გარჭობილ ტკივილს ოდნავ მაინც არ გაგინელებს; სანამ შეკუმშული ფილტვები არ გაიხსნება და ჰაერს ხმაურიანად არ ჩაისუნთქავ. იმიტომ, რომ ეს წიგნი გტკივა, გტკივა თითოეული პერსონჟი, თითოეული სცენა, გტკივა სადღაც ქალაქის გარეუბანში ჩაკარგული “დებილების სკოლა“ თავისი ბინადრებით…

ამ სკოლაში ყველა მიტოვებულ თუ უპატრონო ბავშვს თავისი ისტორია აქვს: შავკანიან მარსელსაც, რომელმაც საშინელი ყვირილი და გაბრაზება იცოდა თურმე, ადრე დაობლებულ ნონასაც, ქერათმიან აქსანასაც, უბნის ბიჭები რომ დაატარებენ აქეთ-იქით, ირაკლისაც, რომელსაც დედა ყოველ კვირა მონახულებას ჰპირდება, მოურჯულებელ ილონასაც, ვასკასაც, სერგოს, რომელსაც თურმე სულ ცოტა ხანი უნდა ეცოცხლა… ჰო, კიდევ “დებილების სკოლის“ საამაყო გმირებს – ირას და კირილეს და, რა თქმა უნდა, ლელას, ვანოს მოკვლაზე რომ ოცნებობს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Hard to be a God cover

არკადი და ბორის სტრუგაცკები

ძნელია ღმერთობა

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ქეთი ნიკოლეიშვილი

რედაქტორი – რუსუდან გორგაძე

ყდის დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

I თავი

რუმატა წმინდა მიკას რიგით მეშვიდე, ამ გზაზე კი უკანასკნელ საფლავს რომ გასცდა, უკვე სულ მთლად ბნელოდა. ნაქები ხამახარული ულაყი, დონ ტამეოსგან ბანქოს ვალის სანაცვლოდ მიღებული, დიდი უხეირო რამე გამოდგა – ოფლში ცურავდა და, ფეხარეული, საძაგლად მიბარბაცებდა. რუმატა ფერდებზე მუხლებს უჭერდა, თხემზე ხელთათმანს უწკაპუნებდა, მაგრამ ცხენი ფეხის აჩქარებას არც აპირებდა, მხოლოდ უხალისოდ იქნევდა თავს.

გზისპირას გაბურდული ბუჩქნარი სიბნელეში კვამლის გაქვავებულ ბოლქვებს ჰგავდა. გულისგამაწვრილებლად ზუოდნენ კოღოები. ამღვრეულ ცაზე აქა-იქ ცახცახებდნენ და ბჟუტავდნენ ვარსკვლავები. დროდადრო წამოუბერავდა სუსტი ქარი, თან თბილი, თან ცივი – ასე იცოდა შემოდგომაზე ამ ზღვისპირა მხარეში, სადაც ჩახუთულ, მტვრიან დღეებს სუსხიანი ღამეები ენაცვლებოდა.

რუმატამ უფრო მაგრად შემოიხვია მოსასხამი და სადავე მიუშვა. გინდ ეჩქარა, გინდ არა – ერთ საათში შუაღამეც მოატანდა, ცისკიდურზე კი უკვე წამომართულიყო სლოკინა ტყის შავი, დაკბილული ქობა. გზას აქეთ-იქიდან დახნული მინდვრები მიუყვებოდა, ვარსკვლავების შუქზე ციალებდა ჟანგის სუნად აქოთებული ჭაობები, შავად აზიდულიყო ყორღანები და დამპალი, დიდი შემოსევის დროინდელი ხის ზღუდეები. შორს, მხარმარცხნივ, დროდადრო აბრიალდებოდა და ჩაინავლებოდა პირქუში დაისი – რომელიმე სოფელი თუ იწვოდა, უთვალავთაგან ერთი ლეშნაყორავი, ყელთოკიანი ან ნაყაჩაღარი, ახლახან უავგუსტოესის ბრძანებით სანუკველა, მადლიანა ან ანგელოზეული რომ დაერქმიათ. სრუტის ნაპირიდან უსიერ ტყემდე, ასეულობით მილზე გაწოლილიყო ეს ქვეყანა, კოღოების საბანში გახვეული, ხრამებით დაფლეთილი, ჭაობში ჩამხრჩვალი, ციებ-ცხელებით, ჭირითა და ავსუნიანი სურდოთი სნეული.

მოსახვევთან ბუჩქებს ჩრდილი გამოეყო. ულაყმა თავი აიქნია და განზე გახტა. რუმატამ აღვირი აიტაცა, მაჯაზე ჩვეულებისამებრ შეისწორა არშია, ხელი ხმლის ვადაზე ჩამოიდო და დაჟინებით დააცქერდა უცნობს.

გზის პირას მდგომმა ქუდი მოიხადა.

– საღამო მშვიდობისა, კეთილშობილო დონო, – ხმადაბლა თქვა მან, – შემინდეთ…

– რა გაგჭირვებია? – ჰკითხა რუმატამ და სიბნელეს მიაყურადა.

უხმაუროდ ვერავინ ჩასაფრდება. ყაჩაღებს ლარის ჭრიალი გასცემს, უვარგისი ლუდით გაჭყეპილ რუხებს – თავშეუკავებელი ბოყინი, ბარონის რაზმელებს – ხარბი ქშენა და რკინის ჩხარაჩხური, მონებზე მონადირე ბერებს – ხმაურიანი ფხანა. მაგრამ ბუჩქებიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არა, ეს კაცი მზირი არ უნდა ყოფილიყო. არც ჰგავდა, კაცმა რომ თქვას – ჩია, ჩასკვნილი ქალაქელი იყო, ღარიბულ მოსასახამში გახვეული.

– ნება მიბოძეთ, თქვენ გვერდით ვირბინო, – თავმოდრეკით სთხოვა მან.

– მიბოძებია, – უთხრა რუმატამ და სადავე შეარხია, – შეგიძლია, უზანგს ჩაეჭიდო.

ქალაქელი ცხენს აედევნა. ქუდი ხელში ეჭირა და გვარიანად თმაშეთხელებული კინკრიხო უპრიალებდა. ვისიმე ნოქარი იქნება, გაიფიქრა რუმატამ, ერთი მათგანი, ბარონებსა და ბითუმად მოვაჭრეებთან რომ მიდი-მოდიან, სელსა და კანაფს ყიდულობენ… გულადი ნოქარი კია, ვერაფერს იტყვი… ან იქნებ არც არის ნოქარი? იქნებ წიგნისჭიაა? დევნილი. გარიყული. ახლა ღამღამობით სავსეა გზები ასეთი ხალხით. ნოქრებზე მეტადაც კი მომრავლდნენ… ან ეგებ ჯაშუშია?

– ვინა ხარ და სადაური? – ჰკითხა რუმატამ.

– კიუნს მეძახიან, – ნაღვლიანად მიუგო ქალაქელმა, – არკანარიდან მოვდივარ.

– არკანარიდან გ ა რ ბ ი ხ ა რ, – უთხრა მისკენ დახრილმა რუმატამ.

– გავრბივარ, – დაეთანხმა ქალაქელი.

(more…)

Read Full Post »

კარგად მახსოვს, როდის წავიკითხე ეს წიგნი პირველად – გაგანია ზამთარი იყო, ისეთი კი არა, ახლა რომ იცის თბილისში – უფერული და უთოვლო – ნამდვილი ზამთარი, მსხვილი ფანტელებით, ნაცრისფრად შებურული ცით, გადათეთრებული ნაძვებით და მოყინული ცხვირებით.

მაშინ ძალიან მიყვარდა ავად გახდომა – კითხვაში ხელს არაფერი მიშლიდა და იმიტომ. ვიწექი სიცხით გათანგული და მაინც კმაყოფილი, გარშემო ნაირ-ნაირი წიგნები მქონდა შემოწყობილი, ხან რომელს დავავლებდი ხელს, ხან – რომელს, ვაყოლებდი ცხელ, მურაბიან ჩაის და ვკითხულობდი და ვკითხულობდი დაუსრულებლად…

ჰოდა, ერთ მშვენიერ საღამოს, კბენია შარფით ყელშეფუთნილი და ცხვირგაწითლებული რომ ვიჯექი საწოლში, დედამ ახალი წიგნი მომიტანა. სიცხისგან აწითლებულ ლოყაზე მაკოცა, თმა მომიჩეჩა და მოგეწონებაო, მითხრა.

არ ვიცი, სადმე არსებობს თუ არა სია, სახელწოდებით – ყველაზე კეთილი წიგნები. აი, მოვჩხრეკ და თუ აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად, აუცილებლად დავწერ ასეთ პოსტს. დამერწმუნეთ, “ნუ მოკლავ ჯაფარას“ იქ პირველ ადგილზე იქნება. არა მგონია, ვინმე შემომედავოს – წიგნი, სადაც ჭყიტა, ჯემი, დილი, ატიკუსი და რედლი-ბუა ცხოვრობენ, ამას ნამდვილად იმსახურებს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: