Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რექს სტაუტი’

kindle

ამბობენ, ადამიანი ასაკთან ერთად იცვლებაო… ხმაურიან კლუბში თუხთუხს ტელევიზორის წინ, ფუმფულა სავარძელში მოკალათებას არჩევს, წვიმიან ამინდში ქუჩაში ხეტიალს – მყუდრო კაფეს და ფინჯან ყავას, გადაბმულ ღამისთევას – გემრიელ დილის ძილსო…

ოცდაცამეტი წლის გადმოსახედიდან უკვე შემიძლია, გითხრათ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ ზოგი რამ მაინც უცვლელი რჩება – სათამაშოებისა და საჩუქრების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და  დღემდე არ გამნელებია.

ორიოდე კვირის წინ გაკვრით ვახსენე – “ამაზონზე” დავხეტიალობ და რიდერს ვარჩევ-მეთქი. აი, ისიც – ჩემი პირველი “ქინდლი”, ახალი სათამაშო, რომელიც, ამავდროულად, საყვარელი ადამიანის საჩუქარია.

(more…)

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, დეტექტივების მოყვარულ მკითხველს სათაურის დანახვისთანავე ერთი კონკრეტული ასოციაცია გაუჩნდება და გაახსენდება, რომ მანჰეტენზე, დასავლეთის #35 ქუჩაზე ცხოვრობს ჩამრგვალებული, ჭამა-სმასა და ორქიდეებზე შეყვარებული კაცი, სახელად ნირო ვულფი. ის მთელ დღეებს კაბინეტში ატარებს, კამიუს “დაცემას” და ჰომეროსის “ილიადას” კითხულობს,  გარეთ გამოსვლას ვერ იტანს, ხოლო ყოველგვარი ტრანსპორტი ფანატიკურად სძულს. თუ მაინცდამაინც გარისკა და ავტომობილით მგზავრობა გადაწყვიტა, საჭესთან აუცილებლად მისი მარჯვენა ხელი, შეუცვლელი თანაშემწე, პირადი მცველი და უამრავი სხვა ფუნქციის შემთავსებელი არჩი გუდვინი უნდა იჯდეს. ყოველდღე, რამდენიმე საათით ვულფი სახლის სახურავზე, ორანჟერეაში, თავის საყვარელ ორქიდეებს სტუმრობს და ერთადერთი, ვისაც ამ დროს მასთან საუბარი შეუძლია, მებაღე თეოდორ ჰორსმანია. ასევე არ გირჩევთ, დახვეწილ გურმანს მაშინ ესტუმროთ, როდესაც ის პირადი მზარეულის – ფრიც ბრენერის მიერ მომზადებულ კულინარიულ შედევრს აგემოვნებს.

ვულფი ყველაზე ზარმაცი ადამიანია ამქვეყნად – დროის დასაზუსტებლად კედელზე ჩამოკიდებული საათისკენ თავის მიბრუნებაც კი ეზარება. გუგულის როლს ისევ და ისევ ერთგული არჩი გუდვინი ასრულებს ხოლმე. დღის განმავლობაში ვულფი უზომოდ ბევრ ლუდს მიირთმევს და ბოთლის თავსახურებს გულმოდგინედ აგროვებს; თამბაქოს სუნს იმდენად ვერ იტანს, რომ საკმარისია, მის კაბინეტში სიგარეტს მოუკიდოთ, ჰონორარის თანხას მაშინვე ორიოდე ნული ემატება. ერთი სიტყვით, ჩერნოგორიაში დაბადებული ამერიკის მოქალაქე ნირო ვულფი იოლად და სასიამოვნოდ საურთიერთო ადამიანთა რიცხვს აშკარად არ მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, სტუმრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და არც არის გასაკვირი –  ის ხომ ერთ-ერთი უდიდესი დეტექტივია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე წიგნის ფურცლებზე უცხოვრია…

(more…)

Read Full Post »

ჩემი შარშანდელი წიგნები

ქართველ ბლოგერებს ერთი ოქროს წესი აქვთ – დეკემბრის ბოლოს შემაჯამებელ პოსტებს წერენ და ახალ წელს ვალმოხდილნი ხვდებიან. ირლანდიური გვარ-სახელის მიუხედავად, მეც ქართველი ბლოგერი ვარ და ტრადიციას ნამდვილად არ დავარღვევდი, მაგრამ დეკემბრის ბოლოს (ანუ ათი დღის წინ) ბლოგი საერთოდ არ მქონდა და შემაჯამებელი პოსტის ნაცვლად შემწვარი გოჭის ყურებზე ვფიქრობდი.

სამაგიეროდ, ახლა მაქვს და ახლა დავწერ. დიდი ამბავი, ცოტას თუ დავაგვიანებ. 14 იანვრამდე მაინც საახალწლო რეჟიმში ვცხოვრობთ.

შემაჯამებელი პოსტის თემად, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ირჩევენ. მოლი ბლუმმა აბა სხვა რაზე უნდა დაწეროს – შარშან წაკითხულ ძალიან კარგ და ძალიან ცუდ წიგნებს გავიხსენებ.

ზაზა ბურჭულაძის “adibas”-ზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მოწონებით ყველას მოეწონა. ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა – უბრალოდ კარგი წიგნია, მეტი არაფერიო  ( მგონი, “უბრალოდ კარგი წიგნობაც” საკმარისია).  ჩვეულებრივიაო, არავის უთქვამს.

თავის დროზე “ალი და ნინო”-ზე ამბობდნენ, ერთ ღამეში წასაკითხიაო. “adibas”-ის კითხვა ღამის 12-ზე დავიწყე, მერე ორჯერ გადავდე, სიამოვნების გახანგრძლივებას ვაპირებდი და დილისთვის ვინახავდი. ვერ მოვწყდი. 2 საათისთვის მოვრჩი.  ჩემი მეგობარი მართალია – განსაკუთრებულს არაფერს ამბობს ზაზა, თითქოს ყველაფერი ნაცნობია, ათასჯერ ნანახი და გაგონილი, მაგრამ ომზე და თბილისზე ასეთი წიგნი ჯერ არავის დაუწერია. “adibas”-ი ნამდვილი თბილისი ლაივია. სამწუხაროდ, თბილისი 2008 წლის ზაფხულის შემდეგ არ შეცვლილა და არა მგონია, უახლოეს ხანებში შეიცვალოს.
(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: