Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რენესანსი’

lucas cranach the elder painting

საოცრად პრაგმატული კაცი გახლდათ უფროსი ლუკას კრანახი. ზემო ფრანკონიაში, ხელმოკლე მხატვრის ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა, ჯერ იყო და, ძალიან ჭკვიანურად აირჩია მფარველი – საქსონიის კურფიურსტი ფრიდრიხ ბრძენი; აზნაურის წოდების მიღების შემდეგ კი ჯერ სამხატვრო სახელოსნოს ჩაუდგა სათავეში, მერე წიგნებით ვაჭრობას მიჰყო ხელი, ჰოდა, გახდა კიდეც ვიტენბერგის ყველაზე მდიდარი ბიურგერი; ეგ კიდევ არაფერი – ბურგომისტრადაც აირჩიეს რამდენჯერმე.

ამ პროზაულ საქმიანობაში ჩაფლული კრანახი რელიგიური ამბებისთვისაც იცლიდა – რეფორმაციის თავგამოდებული მომხრე და მარტინ ლუთერის მეგობარი გახლდათ, მის პორტრეტებსაც ხშირად წერდა და გერმანულად მისივე თარგმნილი ბიბლიის გამოცემაც ითავა თავის დროზე.

შესაძლოა, ასეთმა დატვირთულმა ცხოვრებამ ოდნავ გაანელა მასში შემოქმედებითი აღმაფრენა – კრიტიკოსები საყვედურობენ, თავისი პერსონაჟების სულიერ სამყაროში შეღწევაზე დიდად არ იჭყლეტდა ტვინსო; იქნებ ასეც იყოს და კრანახი არ არის ის ფერმწერი, მსოფლიო ხელოვნებისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი რომ იქნებოდა, მაგრამ დღეს მაინც ვაპირებ, მის ერთ ნახატზე გიამბოთ, საქართველოში რომ ინახება და “მაჭანკალი“ ჰქვია.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.

ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.

ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.

(more…)

Read Full Post »

Leonadro da Vinci. The Last Supperმას შემდეგ, რაც წმინდა ლუკამ ყალამს მოჰკიდა ხელი და წილად ხვდა ბედნიერება, სამყაროს პირველი ფერმწერი გამხდარიყო, უამრავი შედევრი შეიქმნა. ზოგიერთი მათგანი საუკუნეთა მანძილზე განადგურდა, ზოგმა მედგრად გაუძლო დროის ქარტეხილს და ჩვენამდე მოაღწია. მათი დიდი ნაწილი სახელგანთქმულ მუზეუმებშია დავანებული და ხელოვნების მოყვარულთა მზერას ატკბობს. ძნელია, უფრო სწორედ, შეუძლებელია მათი ერთმანეთან შედარება და რომელიმეს გამორჩევა – საბედნიეროდ, ასწლეულებმა მრავლად შემოგვინახა გენიოსების სახელებიც და ფასდაუდებელი ქმნილებებიც.  თუმცა, მაინც არსებობს ნახატები, რომელთა შესახებ ფერწერისადმი ყველაზე გულგრილად განწყობილ ადამიანებსაც კი სმენიათ.

მეთხუთმეტე საუკუნის მიწურულს, რესენსანსის ყვავილობის ხანაში, მეცენატი და ტირანი ლოდოვიკო სფორცა საყვარელი მეუღლის სიკვდილმა მცირე ხნით გამოსტაცა თავაშვებულებისა და უზნეობის მორევს. მილანის ჰერცოგმა რამდენიმე დღის განმარტოვებული გლოვის შემდეგ გადაწყვიტა, ცნობილი ბიბლიური სიუჟეტის დახატვა ებრძანებინა და ეს რთული მისია იმ ეპოქის უკვე აღიარებულ ფერმწერს –  ლეონარდო და ვინჩის დააკისრა. პატივმოყვარე მმართველი, ალბათ, ფრიად განაწყენდებოდა, რომ სცოდნოდა, რომ შორეულ მომავალში მის სახელს ძირითადად ამ ფაქტთან დაკავშირებით გაიხსენებდნენ.

(more…)

Read Full Post »

Albrecht Durer. Melencolia I. 1514. Engraving

კაცი, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც კი ხელს მოკიდებდა…

ვისი მემკვიდრეობა დღეს მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებშია გამოფენილი…

ვის ავტოპორტრეტებს ერთმანეთს ლუვრი და პრადო ეცილებოდნენ…

ვისი გეოგრაფიული და ვარსკვლავური, ხეზე ნაკვეთი რუკები მარტო მხატვრული კი არა, მეცნიერული თვალსაზრისითაც ფასდაუდებელია…

და ვისი სახელიც პირველ რიგში გვაგონდება, როგორც კი ვინმე გრავიურას ახსენებს.

ალბრეხტ დიურერი – უნგრელი ემიგრანტის ვაჟი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ევროპულ ქსილოგრაფიაში და პატარა გერმანულ ქალაქს თითქმის ოთხასი წლით ადრე გაუთქვა სახელი, სანამ იქ ყველასთვის ცნობილი სასამართლო პროცესი დაიწყებოდა.

მისი შემოქმედება სავსეა იდუმალი სიმბოლოებით, თუმცა არც ერთ ქმნილებას არ გამოუწვევია იმდენი მითქმა-მოთქმა, როგორიც “მელანქოლიას” – გრავიურას, რომელსაც, ყველა დანარჩენისგან განსხვავებით, არა მხოლოდ სათაური აქვს წარწერილი, არამედ თარიღიც.

(more…)

Read Full Post »

La Tempesta

კარგად მოგვეხსენება, რომ იტალია ფერწერის შედევრების სიმცირეს არ უჩივის, ხოლო ვენეცია – ერთ–ერთი ყველაზე სანუკვარი და სანატრელი ადგილია ხელოვნების მოყვარულთათვის. აქ დაბინავებული საგანძურით დასატკბობად, ალბათ, წყალზე გაშენებულ ქალაქში ნახევარი სიცოცხლის გატარებაც არ იქნება საკმარისი, თუმცა, აქაც არსებობს ტილოები, რომლებიც, ვენეციაში ერთი დღით სტუმრობის შემთხვევაშიც კი, აუცილებლად უნდა ნახოთ.  აკადემიის გალერეის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ექსპონატი – რენესანსის ეპოქის ფერმწერის, ჯორჯონეს ტილო „ჭექა–ქუხილი“, ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ასეთი შედევრების რიცხვშია.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: