Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რეი ბრედბერი’

tsignebi-romlebmac-shegvcvales-cover-image

არც ისე დიდი ხნის წინ, ფეისბუქზე მორიგი თეგ-თამაში გავრცელდა: “წიგნები, რომლებმაც შემცვალეს”.

უწყინარი ჩელენჯი იყო, არამყვირალა. საერთო-სახალხო მღელვარება არ მოჰყოლია. არადა, თემა მომეწონა. ოღონდ საფეისბუქოდ არა. ბლოგის ფორმატი უფრო მოუხდებოდა.

ბლოგი, ჯერჯერობით, მაქვს და არც მკითხველის ნაკლებობას უჩივის. ჰოდა, დავფიქრდი, მე რას შევარჩევდი-მეთქი.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ სიაში არც ყველაზე საყვარელი წიგნები იგულისხმება, არც ისინი, სამაგიდოს რომ ეძახიან, ყველაზე ხელმოსახელთებელ თაროზე რომ გიდევს, ხშირ-ხშირად აგდებ ჩანთაში და გადაკითხვა არ გბეზრდება. რაღაც სხვაა. ჰოდა, დღეს ამ “რაღაც სხვას” გაგიზიარებთ.

მასთრიდების მიმართ ჩემი “გარდარეული სიყუარულის” ამბავი მოგეხსენებათ. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, ეს ჩვენი მოლი ყველგან “სავალდებულო საკითხავის” უაზრობას ამტკიცებს და, აგერ, საკუთარი  ჩამოუწიკწიკებიაო. ეს არც “სავალდებულო პროგრამაა” (ღმერთმა დამიფაროს, ასეც არ გავთავხედებულვარ), არც რეკომენდაციები. ოქროს წესია, გამეორება არ დამეზარება: ის, რაც ერთისთვისაა მნიშვნელოვანი, სხვას, შესაძლოა, ოდნავადაც არ აღელვებდეს. მე ჩემი იმპრესიები მაქვს, თქვენ – თქვენი.

თუ შევთანხმდით, დავიწყოთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

tsignebi-da-satamashoebi

ჩემი მეგობრის ამბით დავიწყებ. ისე მოგიყვებით, როგორც მიამბო.

“შევედი წიგნის მაღაზიაში, მშვენიერ ხასიათზე ვარ, თაროები ჩამოვიარე და “13 მიზეზს” და “მე, შენამდეს” დავავლე ხელი. იქვე კონსულტანტი დგას, ხომ ვერაფრით დაგეხმარებითო.  ვაჩვენე ეს წიგნები, თქვენ თუ წაიკითხეთ და თუ მოგეწონათ-მეთქი. შემომხედა მერაშუაშივარ მზერით – იცით, მე მარტო გოეთეს ვკითხულობო.”

აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მარტო გოეთესო.

ყოველი შემთხვევისათვის, თავიდანვე ვიტყვი: გოეთე ძალიან მომწონს. “ფაუსტიც”, “დასავლურ-აღმოსავლური დივანიც”. თქვენ წარმოიდგინეთ, “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანიც” არ მეჩვენება ურიგო და, საერთოდ, კლასიკას არაფერს ვერჩი.

ისიც ცხადზე ცხადია, რომ ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, იკითხოს ის და მხოლოდ ის, რაც გაუხარდება. მართალია, ვერაფრით მოვიფიქრე, როგორ უნდა იკითხო მარტო გოეთე (ან მარტო სერვანტესი, ან მარტო ლინდგრენი, ან მარტო ბრედბერი, ან მარტო სტრუგაცკები), მაგრამ რა ჩემი საქმეა. იმ გოგომ ხომ იცის. უნდა და კითხულობს. ჰოდა, ღმერთმა შეარგოს.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებიც მაჩუქეს <3შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგჯერ ქაქანის ხასიათზე ვდგები ხოლმე და ხან ბავშვობისდროინდელი მოგონებებით გაბეზრებთ თავს, ხან – უახლოეს წარსულში დატრიალებული ამბებით.

ერთიც იყო და, მახსოვს, იმ წიგნებზე ვწერდი, თვალსა და ხელს შუა რომ ამწაპნეს ვიღაც-ვიღაცებმა. ჰოდა, რადგან მაშინდელი სიმწარე გაგიზიარეთ, ახლა იმ წიგნებით უნდა გაიხაროთ ჩემთან ერთად, სხვადასხვა დროს მოლისთვის რომ უჩუქებიათ.  ახლა, თუ მაინცდამაინც არ გაგიხარდებათ და ცოტა შეგშურდებათ, გავიგებ, თქვენს ადგილზე მეც მსგავსი რამ დამემართებოდა.

აბა, რომ გამეგო, მარიმ და ირაკლიმ ვინმეს ჰარი ჰარისონის ფოლადის ვირთხის თერთმეტნაწილიანი ეპოპეა ჩამოუტანეს უკრაინიდანო, სრულ ჭკუაზე ვიქნებოდი?! არა, რა თქმა უნდა. ამიტომ თქვენს ოხვრას და გმინვას სრული გაგებით მოვეკიდები.

ახლა აქეთ წამობრძანდით, “პოტერიადის“ შვიდივე წიგნი უნდა გაჩვენოთ, თანაც ორ ენაზე. ქართული ვერსია ერთმა მეგობარმა მისახსოვრა, საახალწლოდ; ინგლისური კი – მეორემ, ყოველგვარი მიზეზისა და საზეიმო თარიღის გარეშე მომიცუნცულა “პროსპეროდან“.

(more…)

Read Full Post »

"დიოგენეს ბიბლიოთეკა". თბილისის წიგნის მეთოთხმეტე ფესტივალი. 2012 წლის მაისი

ერთგან უკვე დავწერე ამას წინათ – გამომცემლობები იმდენ სიახლეს გვთავაზობენ, გაფაციცებული თუ არ იყავი, რომელიმე აუცილებლად გამოგრჩება-მეთქი. ვებ-გვერდები ჩაათვალიერეთ, ფერად-ფერად კატალოგებს გადახედეთ და დამეთანხმეთ – ოდნავადაც არ გამიზვიადებია…

“მოლის ბიბლიოთეკაში” 62 ჩანაწერია და აქამდე, როგორც წესი, იმ წიგნებზე გიყვებოდით, თაროებზე და “ქინდლში” რომ მქონდა საიმედოდ შენახული. დღეს იმ ლიტერატურულ სასუსნავზე გიამბობთ, სულ მალე რომ გამოჩნდება მაღაზიებში და ყველაზე მეტად ველოდები.

(more…)

Read Full Post »

თვენახევრის წინ, ბლოგოსფეროს აღიარებულმა ექსპერტმა და ფანტასტიკის დიდმა მოყვარულმა ლორდ ვეიდერმა შოტლანდიელი ლიტერატორის დეივიდ ფრინგლის მიერ შედგენილი ასი საუკეთესი Sci Fi ნაწარმოების სია გამოაქვეყნა და საკუთარი კომენტარებიც დაურთო.

მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველებს ფანტასტიკური ლიტერატურის მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ კარგად მოეხსენებათ  – ჟანრის გულმხურვალე  თაყვანისმცემელი გახლავართ. ამას წინათ ქართული ფანტასტიკის პრობლემებზე ვწერდი. კომენტარების რაოდენობამ და შინაარსმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქართველ მკითხველთა შორის Sci Fi და ფენტეზი ფრიად პოპულარულია. არც მაესტრო ფრინგლისთან გაჯიბრებას ვაპირებ და არც ფუნდამენტური მიმოხილვის დაწერა მიფიქრია, მაგრამ მინდა, ჩემს მკითხველს პირად იმპრესიებზე აგებული  ფანტასტიკური (ყველა გაგებით) ტოპ-ოცეული შევთავაზო, რომელიც ასე გამოიყურება: 

(more…)

Read Full Post »

ქართველი მწერლები ფანტასტიკას რომ არ სწყალობენ, ვფიქრობ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. კარგა ხნის წინ,  ამ საკითხზე გახსნილ თემას თბილისის ფორუმზეც გადავაწყდი და გამიხარდა –  მარტო მე არ ვყოფილვარ ამით დაინტერესებული–მეთქი, თუმცა იმედი გამიცრუვ­და – ინფორმატიულს იმ დისკუსიას ვერაფრით დაარქმევდით და მალევე გავეშვი. არადა, გული მწყდება – ფანტასტიკა დეტექტივებზე ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს.

საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ფანტასტიკა ლიტერატურის მოდურ მიმდინარეობად ითვლებოდა. წიგნის მაღაზიები არც თარგმნილი ნაწარმოებების სიმცირეს უჩიოდნენ და არც სამამულო ავტორებისას. ახლაც მახსოვს, როგორი პოპულარობით სარგებლობდა “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკის” ოცტომეული. ცუდი ის იყო, რომ წიგნის გარეკანზე ქართულ გვარ-სახელს იშვიათად თუ წააწყდებოდით.

ამას წინათ, მოცალეობის ჟამს, ოდესღაც წაკითხული ქართული ფანტასტიკური მოთხრობების გახსენება ვცადე, დიდხანს ვიფიქრე და მხოლოდ ალექსანდრე აბაშელის 1930 წელს  დაწერილი “ქალი სარკეში” ,  ნუგზარ აფხაზავას მოთხრობების კრებული “მკაცრი სამხილი”, ვლადიმერ ასლამაზიშვილის “ციცქნას ახალი ფათერაკები”  და გურამ ფანჯიკიძის “სპირალი” გამახსენდა; კიდევ რამდენიმე არც თუ მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთხრობა… სულ ეს იყო… ამაში, ჩემი მოკლე ლიტერატურული მეხსიერების გარდა, ბრალი, ალბათ, იმასაც მიუძღვის, რომ იმ დროინდელი ქართული ფანტასტიკა ავტორებისა და ნაწარმოებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: