Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რასიზმი’

კარგად მახსოვს, როდის წავიკითხე ეს წიგნი პირველად – გაგანია ზამთარი იყო, ისეთი კი არა, ახლა რომ იცის თბილისში – უფერული და უთოვლო – ნამდვილი ზამთარი, მსხვილი ფანტელებით, ნაცრისფრად შებურული ცით, გადათეთრებული ნაძვებით და მოყინული ცხვირებით.

მაშინ ძალიან მიყვარდა ავად გახდომა – კითხვაში ხელს არაფერი მიშლიდა და იმიტომ. ვიწექი სიცხით გათანგული და მაინც კმაყოფილი, გარშემო ნაირ-ნაირი წიგნები მქონდა შემოწყობილი, ხან რომელს დავავლებდი ხელს, ხან – რომელს, ვაყოლებდი ცხელ, მურაბიან ჩაის და ვკითხულობდი და ვკითხულობდი დაუსრულებლად…

ჰოდა, ერთ მშვენიერ საღამოს, კბენია შარფით ყელშეფუთნილი და ცხვირგაწითლებული რომ ვიჯექი საწოლში, დედამ ახალი წიგნი მომიტანა. სიცხისგან აწითლებულ ლოყაზე მაკოცა, თმა მომიჩეჩა და მოგეწონებაო, მითხრა.

არ ვიცი, სადმე არსებობს თუ არა სია, სახელწოდებით – ყველაზე კეთილი წიგნები. აი, მოვჩხრეკ და თუ აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად, აუცილებლად დავწერ ასეთ პოსტს. დამერწმუნეთ, “ნუ მოკლავ ჯაფარას“ იქ პირველ ადგილზე იქნება. არა მგონია, ვინმე შემომედავოს – წიგნი, სადაც ჭყიტა, ჯემი, დილი, ატიკუსი და რედლი-ბუა ცხოვრობენ, ამას ნამდვილად იმსახურებს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

philip roth. human stain coverგაცვეთილ თემებზე წერა სარისკო საქმეა. წიგნებისაც და პოსტებისაც – ახალს ვერაფერს იტყვი და იმიტომ.

თუმცა, მაინც მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც ეს საქმე კარგად გამოსდით და ჩემს გულწრფელ პატივისცემას იმსახურებენ.

სწორედ ამ ავტორთაგანია ფილიპ როთი  – როგორღაც მოახერხა და სრულიად ახალი წიგნი დაწერა ისეთ ათასზგის გადაღეჭილ თემაზე, რასიზმი რომ ჰქვია. ოღონდ ისე შეატრიალა, თავისუფლებისკენ სწრაფვად, საკუთარი თავის ძიების პროცესად აქცია.

ჰოდა, ამის წყალობით მოხვდა ჩემი ბლოგის ფურცლებზე მეორედ. რა თქმა უნდა, პულიტცერის პრემიის ლაურეატისა და საპატიო ორდენის ლეგიონის კომანდორისთვის ეს დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც…

სიმართლე გითხრათ, ჩაფიქრებული არაფერი მქონია, მაგრამ წიგნის მესამედიც არ წამეკითხა, რომ უკვე ვიცოდი – “ადამიანურ ლაქას” უყურადღებოდ არ დავტოვებდი.

(more…)

Read Full Post »

რომენ გარი. "თეთრი ძაღლი". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013

ასეთ წიგნებს საწამლავებს ვეძახი.

საწამლავია, აბა, რა არის, როცა ყოველი კაპილარით გრძნობ, როგორ მიჰყვება შენს სისხლს და როგორ იჟღინთები ნელ-ნელა მასში დაბუდებული ტრაგიზმით; როგორ ღრუბელივით იწოვ მრისხანებას და სასოწარკვეთილებას და ფურცელ-ფურცელ კვდები.

აჭარბებო, ვიცი, ბევრი იფიქრებს.

არ ვაჭარბებ, იოტის ოდენადაც კი.

რომენ გარი, იგივე ემილ აჟარი, იგივე ფოსკო სინიბალდი, იგივე შათან ბოგა (ერთი კლასიკად ქცეული რუსული ფილმისა არ იყოს) – რუსეთის იმპერიაში დაბადებული, ებრაული წარმოშობის ფრანგი მწერალი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და გონკურების პრემია ორჯერ მიიღო – თეთრი ძაღლის შესახებ გვიამბობს.

არადა, თეთრი სულაც არ ყოფილა – “ნაცრისფერი ძაღლი იყო, ცხვირის მარჯვენა მხარეს დასკუპებული მეჭეჭით, რომელიც თირკმელა სოკოს წააგავდა. დრუნჩი კი მთლიანად ჟღალი ბალნით ჰქონდა დაფარული“.

გერმანული ნაგაზი იყო. შავკანიანებზე დაგეშილი.

(more…)

Read Full Post »

Kathryn Stockett. The Helpსიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ამ წიგნში ახალი დამხვდებოდა რამე – თემამ, ღრმად პატივცემული ქალბატონი ჰარიეტიდან მოყოლებული, იმდენ ხელში გამოიარა, უკვე საკმაოდ მოძველებული და გაცვეთილი მეჩვენებოდა.

არა, რასაკვირველია, ვიცოდი, რომ სხვა ეპოქას ეხებოდა და საკითხიც სხვა ჭრილში იქნებოდა დანახული, მაგრამ მაინც… სკეპტიკურად განწყობილმა გადავფურცლე.

გადავფურცლე და სანამ ბოლომდე არ ჩავედი, ხელი აღარც გამიშვია.

ძალიან, ძალიან მომეწონა.

მწვავე სოციალურ პრობლემას კი ეხება, მაგრამ კარგი რომანივით საკითხავია და, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, წიგნის წყალობით ჩემს გაჩერებას გავცდი.

(more…)

Read Full Post »

olympics black power salute

სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელიაო – ეს გაცვეთილი ფრაზა ათასჯერ მაინც გექნებათ გაგონილი.

კაცმა რომ თქვას, ფრიად საეჭვო მტკიცებაა. სპორტი, დიახაც რომ, პოლიტიკაა და ეს ყველაზე კარგად, ალბათ, იმათ იციან, განსაკუთრებული დაჟინებით რომ იმეორებენ ხოლმე – ათლეტების ჭიდილთან პოლიტიკურ თამაშებს არაფერი ესაქმებაო.

მსოფლიო სპორტის ისტორია დიდ პოლიტიკას იმდენჯერ გადაუკვეთია, ფაქტებისა და კაზუსების გასახსენებლად კინკილა პოსტი ნამდვილად არ იკმარებს. ჰოდა, მოდით, დღეს მხოლოდ ერთ ამბავს მოგიყვებით – თქვენთვისაც საინტერესო იქნება და “მეოცე საუკუნის ფოტოისტორიასაც” განვაახლებ – კარგა ხანია, არაფერი დამიწერია.

(more…)

Read Full Post »

Segregated Water Fountains“მაშ, თქვენ ბრძანდებით ის პატარა ქალბატონი, ვისმა წიგნმაც დიდი ომი გამოიწვია?” – ამ სიტყვებით მიესალმა აბრაამ ლინკოლნი  თეთრ სახლში სტუმრად მყოფ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს. მაშინ რომ მათთვის ვინმეს ეთქვა – ამერიკაში ფერადკანიანთა პრობლემა ასი წლის შემდეგაც აქტუალური იქნებაო, ალბათ, არც შეერთებული შტატების მეთექვსმეტე პრეზიდენტი დაიჯერებდა და არც “ბიძია თომას ქოხის” ავტორი.

ეს ფოტოსურათი აპარტეიდის სამშობლოში – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ან რომელიმე კოლონიურ სახელმწიფოში გადაღებული არ გეგონოთ. რასობრივი სეგრეგაციის ამ კლასიკურ ნიმუშს ებრაული წარმოშობის ამერიკელმა ფოტოგრაფმა – ელიოტ ერვიტმა 1950 წელს, ჩრდილო კაროლინაში მიაკვლია.

(more…)

Read Full Post »

ამ რამდენიმე დღის წინ მეგობარს შევუთანხმდი – კაფე “ქარავანში” უნდა გვევახშმა. ერთმანეთს საღამოს შევხვდით. ციოდა, უგემური ქარი უბერავდა. ის იყო, “ქარავანის” მძიმე კარს გასაღებად დავეჯაჯგურე, რომ მაიკომ შემაჩერა – ერთი, ამას შეხედეო. შესასვლელთან, კედელზე, დიდი შავი სვასტიკა იყო მიხატული.

დეტალიზაციის მოყვარული ინტელექტუალებისთვის დავაზუსტებ – არც  მზის ინდუისტური ნიშანი, ცეცხლის ქალღმერთ აგნის  ატრიბუტი ყოფილა და არც უძველესი ქართული ბორჯღალი. ფაშისტური სვასტიკა იყო. შავი, უშნო, საზიზღარი. ძველ საბჭოთა ფილმებში რომ გვინახავს, ზუსტად ისეთი.

მოლი ბლუმის ბლოგი საჯარო ქადაგების ადგილი ნამდვილად არ არის და არც მე გახლავართ იოანე ოქროპირი, მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა, რომლითაც იმ გრაფიტის ავტორს ვერა, მაგრამ თქვენ კი მოგმართავთ  – როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა იფიქროს მეორე მსოფლიო ომგამოვლილმა, ათას უბედურებას გადარჩენილმა კაცმა 21-ე საუკუნის თბილისში, შუა ქალაქში, ეროვნული ბიბლიოთეკის კედელზე, ნაცისტური სიმბოლოს დანახვისას?

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: