Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘რადიო “თავისუფლება”’

otar sephiashvili

ახლა, ალბათ, ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ ჩვენს დროს კინოს დღე არსებობდა.

ფილმებს სხვა დღეებშიც ვუყურებდით – ხან რუსული არხი გამოიმეტებდა რამეს, ხან კინოში წავიდოდით, არდადეგები ხომ ლამის მხოლოდ “ცისკარას” ხათრით მიხაროდა… დილის ძილიც კი არ მენანებოდა – თერთმეტ საათზე პირდაბანილი და გამოწკეპილი ვიჯექი ეკრანთან (სად იყო მაშინ საძინებელში ტელევიზორის ფუფუნება).

კინოს დღედ მაინც შაბათი მიიჩნეოდა.

“ილუზიონის” დღე.

მოვილევდი სკოლას (ვსწავლობდით მაშინ შაბათობით), ჭადრაკს და ასე, რვის მერე იწყებოდა ნანატრი უსაქმურობა.

“ილუზიონს” ველოდით მთელი ოჯახი.

ალბათ ისე მოვკვდები, არასოდეს დამავიწყდება მუსიკალური ქუდი,  “Le Tonnerre De Dieu”-ს აწ უკვე ლეგენდარული საუნდტრეკი. თუმცა მე უფრო ძველი დასაწყისიც მახსოვს, სტატიკური კადრით და გულბრყვილო, სასაცილო მუსიკით.

არც ის თმაჭაღარა კაცი დამავიწყდება, განუმეორებელი, საყვარელზე საყვარელი დიქციით კინოზე რომ ჰყვებოდა.

ოთარ სეფიაშვილი – “კაცი-ილუზიონი”.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Tbilisi State puppet theatre

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. დავით ჩაჩანიძის ფოტო

ძველი ამბით დავიწყებ.

ჩემი ბავშვობის ყველაზე გემრიელ მოგონებებს თუ იკითხავთ, ბულვართან, ატრაქციონებსა და პლომბირთან ერთად აუცილებლად დაგისახელებთ კინოთეატრ “პიონერს”, დელფინარიუმს და თოჯინების თეატრს სტალინის ქუჩაზე.

კვირაობით დავყავდით დედას მე და ჩემი და-ძმა, საგანგებოდ გამოწყობილები, თმადავარცხნილები და კმაყოფილებისგან გაბღენძილები. მერე იქვე, პატარა კაფეში, ნება-ნება მივირთმევდით კაკაოს და ნანახს ვიხსენებდით. მაგრამ  განსაკუთრებული ეშხი თანაკლასელებთან ერთად წასვლას ჰქონდა. ჩამოდგებოდნენ  დიდი, უცნაური ავტობუსები სკოლასთან, წაგვასხამდნენ ყველას ერთად, ავავსებდით პატარა დარბაზს, ჩაქრებოდა შუქი და იწყებოდა საოცრება…

სპექტაკლებს ახლაც ზეპირად მოგიყვებით-მეთქი, ვერ დავიჩემებ. “წითელქუდა“ მახსოვს, “სამი გოჭი“, “კომბლე“ და ქართული ზღაპრები. კიდევ – საახალწლო წარმოდგენები: ფერადი შუქი, სცენას რომ ანათებდა, და დღესასწაულის უკიდეგანო შეგრძნება, აი, ისეთი, ფეიერვერკებიანი დღესასწაულის.

ერთი სიტყვით, ამ სიბერეშიც ტკბილად ვიგონებ თოჯინებს და დღემდე მწყდება გული, ბათუმში მოზარდ მაყურებელთა თეატრი რომ არ იყო – ეგებ ახლა უკეთესი თეატრალი ვყოფილიყავი. ბავშვობის შთაბეჭდილებების ძალა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ…

ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ  ფეისბუქზე შეშფოთებულმა სტატუსებმა იმატა, თბილისის თოჯინების თეატრს შენობა თავზე დაენგრა და პატრონი არ ჩანსო.

(more…)

Read Full Post »

ალხაზ ხარბედია. "პირადი ბიბლიოთეკა"; "მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან".სამიოდე წლის წინ “პარნასში” ერთი გემრიელი წიგნი ვიგდე ხელთ.

“პირადი ბიბლიოთეკა” ერქვა. მალხაზ ხარბედიას სვეტები იყო, “24 საათისთვის” დაწერილი და ერთად აკინძული. ავტორის თქმით, “რაღაც საშუალო სალაღობო რეცენზიებსა და მოკლე წინასიტყვაობებს შორის”.

დიდი ტირაჟით, მგონი, არც გამოსულა; სანამ “პარნასში” ვტრიალებდი, ორი გოგო შემოქაქანდა, არიქა, მოგვეცით, ხომ მიიღეთო. ერთი კვირის შემდეგ, მეგობრისთვის საჩუქრად რომ დავაპირე ყიდვა და მაღაზიას შევეხმიანე, აღარ გვაქვსო, მითხრეს.

კარგი წიგნების კითხვა ხომ სიამოვნებაა – კარგ წიგნებზე დაწერილი წიგნების დაგემოვნებაც ცხონება ყოფილა. სარამაგუს “იესოს სახარება”, კიარან კარსონის “სამყურას ჩაი”, აკას “უდაბნოს გლახები”, “კარლსონი”, “პატარა პრინცი” და კიდევ ორმოცაათამდე მშვენიერი წიგნის რევიუ… ზოგისა წაკითხვა მომინდა, ზოგისა – გადაკითხვა. ჩანთაში მეგდო და ვიზოგავდი იშვიათი ტკბილეულივით.

ჰოდა, არ გაგიკვირდებათ – მალხაზ ხარბედიას ახალი კრებული გამოვეცითო, “დიოგენემ” როგორც კი დააანონსა, წამიც არ დამიხანებია, – მე, რა თქმა უნდა, ცხვირიც ვერ გავყავი სამსახურიდან, – მეგობარი ვაფრინე.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: