Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ჟანრული პროზა’

 

კითხვა სიამოვნებაა. სხვათა შორის, ერთადერთი სიამოვნება, რომელიც არც ამორალურია და არც ასუქებს. სიამოვნებას წესები, დათქმები, შეზღუდვები და ვალდებულებები არ უხდება.

მარტივი ჭეშმარიტებაა, ღმერთმანი, მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების საპირისპიროდ რამდენი სიბრიყვეც მომისმენია და წამიკითხავს, იმდენი სიკეთე და კარგი წიგნი თქვენ.

ტრანსპორტში კითხვა მარიაჟობააო, ქინდლში წაკითხული წიგნი წაკითხულად არ ითვლებაო, დეტექტივი მდარე ჟანრია და ფანტასტიკა – საბავშვო საკითხავიო.

ვისაც როგორც უნდა, ისე ჩათვალოს. ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ამტკიცოს თუნდაც გაუვალი სიბრიყვე, იკითხოს მხოლოდ გოეთე (ან მხოლოდ სერვანტესი, ან მხოლოდ სტრუგაცკები) და წლის ბოლოს, კაი ბუღალტერივით, წაკითხული გვერდები თვალოს. ერთი ლეგენდარული ლიტერატურული პერსონაჟის არ იყოს, სხვის საქმეში არ ვერევი მე და სხვისთვის (ჭკუის) სწავლება ჭირივით მძაგს, მაგრამ ზუსტად იმ სხვას არ ასვენებს გამჩენი და ის სხვა ცდილობს, მიკარნახოს, რა ვიკითხო, სად და როგორ.

ზაფხულში, ხალხმრავალ წიგნის მაღაზიაში, ასეთ დიალოგს (სინამდვილეში – მონოლოგს) შევესწარი. თავად ახალგაზრდა ქალი თხუთმეტიოდე წლის გოგოს ამუნათებდა, რა დროს შენი ზღაპრებია, რით ვერ გაიზარდეო.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ქარიან დღეებში თბილად მოკალათება და კითხვა განსაკუთრებით მიყვარს. ვინმე მადლიანი  ცხელ, სურნელოვან ყავასა და რაიმე სასუსნავს თუ შემომაწოდებს სამზარეულოდან, მთლად გადასარევი. და “პალიტრა L”-მაც თუ იზრუნა და ახალი საკითხავით მომამარაგა, ამაზე უკეთესს ხომ საერთოდ ვერაფერს ვინატრებ. განსაკუთრებით, თუ ეს საკითხავი დეტექტივია, იმიტომ, რომ იდუმალი მკვლელობების მიმართ მოლის გაუნელებელი სიყვარულის შესახებ მარტო ბლოგის სტუმრებს კი არა, მთელ დუნიას მოეხსენება.

არ ვიცი, რა ისესხა მარტმა ამისთანა აპრილისგან, მაგრამ ბოლო დღეებში თბილისში ისეთი გრიგალი ამოვარდა, ხეს ყვავილი არ შეარჩინა და მე – თავზე ქუდი. ჰოდა, მეც ჭკუა ვიხმარე და საღამოობით შინიდან ფეხი არ მომიცვლია. ვიჯექი ჭრელ პლედში ჩაფუთნილი და პალიტრის ახალი პროექტის – “ნამდვილი დეტექტივის“ პირველ წიგნს ვკითხულობდი.

ის, რომ თარგმანი ჩვენი ტკივილია და კარგი ქართული ვერსიისთვის არც მარტო უცხო ენის საფუძვლიანი ცოდნა კმარა, არც – მშობლიურის, ადრეც ბევრჯერ მითქვამს და აღარ მივუბრუნდები – როგორც ჩანს, დროისა და რესურსის სიმცირე ამ პრობლემას დიდი და ავტორიტეტული მედიაჰოლდინგებისთვისაც გადაუჭრელს ხდის. ამიტომ, უდაბნოსა შინა ღაღადს არ მოვყვები და ისევ როს მაკდონალდის “შიშს“ მივუბრუნდები.

(more…)

Read Full Post »

ყველაფრის მოდა გამიგია და ლიტერატურული ჟანრისა – არა. მოდაა, აბა, სხვა რა უნდა დავარქვა ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებულ ანტიუტოპიებს, სადაც თავზე ხელაღებული, შეუპოვარი თინეიჯერები პოსტაპოკალიპტურ სამყაროს უპირისპირდებიან და, რა თქმა უნდა, იმარჯვებენ, დროდადრო ყოველგვარი ლოგიკისა და დამაჯერებელი სცენარის გარეშეც. ჟანრის პოპულარობამ იმდენ გრაფომანს ააღებინა ხელში კალამი, ხანდახან აღარც მგონია, რომ მოძალებულ მაკულატურაში რაიმე ღირებულს წავაწყდები და როცა ვგრძნობ, რომ შევცდი, ფრიად კმაყოფილი გახლავართ ხოლმე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სულ ახლახანს ჩემმა საყვარელმა “ლიბერთინსმა“ ახალი გამოცემა დააანონსა – მერი ლუს „გამარჯვებული“. სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ სინდისის ქენჯნას დიდად არ შევუწუხებივარ, ისე დავრაზმე მამა აქციაზე წასასვლელად. აბა, რა მექნა – მძიმე სამუშაო დღის მერე მეგობართან მივიჩქაროდი ყავის დასალევად.

ჰოდა, რძიან ამერიკანოს ნება-ნება რომ ვწრუპავდი, სწორედ მაშინ დამირეკა მამამ, აქციაზე მოზღვავებული მოზარდების მოწინავე რიგებიდან – ტრილოგიის მესამე წიგნი ყოფილა და დანარჩენი ორიც ხომ არ გამოგიყოლოო.

(more…)

Read Full Post »

Marlon James © The Independent

მარლონ ჯეიმსი გაგონილი გექნებათ. იამაიკელი მწერალია, “შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორიის” ავტორი, “ბუკერის” შარშანწინდელი ლაურეატი. ეს “შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია”, გულახდილად რომ ვთქვა, ბლოგს ნამდვილად იმსახურებს – უდავოდ საინტერესო წიგნია, ნეტშიც მოიპოვება, ერთხელაც მოვიცლი და აუცილებლად დავწერ, ოღონდ დღეს სხვა ამბის მოსაყოლად ვარ დარაზმული.

ღრმად პატივცემული მარლონი ახალ წიგნს წერს. არც მეტი, არც ნაკლები, აფრიკული ფენტეზი აქვს ჩაფიქრებული. თავად ამბობს, აფრიკული Game of Thrones გამოვაო.

ახლა, საქმე ისე არ არის, ფენტეზი გვიკვირდეს. სულ პირიქით. პოპულარული ჟანრია. მოდურიც – დღეს მაინც, ვისაც არ ეზარება, ყველა ფენტეზის უტრიალებს, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, ავტორის წარმატებულმა სტარტმაც იმოქმედა და შავი კონტინენტის ეშხმაც, კრიტიკოსებმა და ლიტერატურულმა ბლოგერებმა საინტერესო საკითხავი იყნოსეს და ჯერარდაწერილ Dark Star trilogy-ის საგულდაგულოდ არჩევენ.

(more…)

Read Full Post »

20170222_213944

“დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა და სხვა დაბალი სინჯის პროზა” ხომ გახსოვთ? აი, ის ქოთქოთა ბლოგი, ლიტერატურის დაბალo და მაღალი სინჯის ჟანრებად დაყოფა რომ გავაპროტესტეთ.

თურმე სად ხარ, ჟანრი ვის დაკარგვია, ორდიპლომიანი ხალხი ლიტერატურას ენის მიხედვით ყოფს და ახარისხებს.

“ქართულს არაფერს არ ვკითხულობ”.

“ქართულში”, ცხადია, ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, ყაზბეგი, მიხეილ ჯავახიშვილი  არ იგულისხმება. ეჭვი მეპარება, ამათ კითხვაში ღამეს ათენებდნენ, მაგრამ გიჟები ხომ არ არიან, ხმამაღლა უარყონ. კლასიკა ხელშეუხებელია.

არც დოჩანაშვილი, ჭილაძე, ინანიშვილი და რჩეულიშვილი. ესეც კლასიკაა. თან მოდური კლასიკა.

რაღა დარჩა ცხვირასაბზუებელი – თანამედროვე პროზა და პოეზია.

(more…)

Read Full Post »

კარგად მახსოვს, სკორსეზეს “შეშლილთა კუნძულის“ ნახვის შემდეგ, დაზაფრული რომ გამოვედი კინოდან და მეგობარს ვუთხარი – სადმე ისეთ ადგილას წავიდეთ, ბევრი სინათლე, ხალხი და ბევრი სასუსნავი რომ იქნება-მეთქი. განა მშიოდა, მაგრამ როცა თავს ჭიანჭველების ბუდეში ჩავარდნილივით ვგრძნობ, რამე გემრიელობა მისწრებაა. მაშინ კი ვუშველე თავს, მაგრამ ამ ერთი კვირის წინ “დიოგენეს“ ცინცხალი გამოცემა მაჩუქეს – დენის ლიჰეინის “წყეულთა კუნძული“ და იმ ავადსახსენებელ ბუდეში ისევ საკუთარი ნებით არ ჩავდგი ფეხი?!

ნუ შეგეშინდებათ, ფილმისა და წიგნის შედარებითი დახასიათების წერას ბლოგზე არ ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ორივე მომეწონა, თან წიგნის კითხვისას სახლში გახლდით და ყელის ჩასაკოკლოზინებელი ხელის ერთ გაწვდენაზე, უფრო სწორად – დედის ერთ დაძახებაზე მეგულებოდა.

(more…)

Read Full Post »

თითქმის დარწმუნებული ვარ, მოლის სტუმრების უმრავლესობა, მასპინძლისა არ იყოს, დროის ძირითად ნაწილს კომპიუტერთან მიმჯდარი ატარებს – ხან ოფისში, ხან უნივერსიტეტში, ხანაც – სახლში. სხვისი არ ვიცი და ჩემი მძაფრი შეგრძნებები, ამ ბოლო დროს, საფეხბურთო მატჩის ყურებით გამოწვეული ემოციებით შემოიფარგლება, ისიც, სანამ თორმეტსაათიანი სამუშაო დღით გათანგულს ტკბილად ჩამეძინება ტელევიზორთან, იქამდე. ჰოდა, ამას წინათ, სამსახურისკენ რომ მივიზლაზნებოდი საცობში გაჩხერილი სამარშრუტოთი და მთქნარებას ძლივს ვიკავებდი, ვიფიქრე, ადრენალინი მაკლია-მეთქი. რა ვიცოდი, საღამოს სახლში “პალიტრა L“-ის საჩუქარი თუ დამხვდებოდა და ადრენალინის დეფიციტს ძილის წინ გვარიანად შევივსებდი.

“TOP თრილერის“ სერიის შესახებ უჩემოდაც გეცოდინებათ – ცინცხალი პროექტია, სულ რამდენიმე წიგნია გამოცემული და, ჯერჯერობით, სულო ცოდვილო, ერთსაც ვერ დავიწუნებ: ჯეიმზ პეტერსონის „ობობას გამოჩენა“ და სტივენ კინგის „მობილური“ უკვე ეკრანიზებულიცაა და არც პოპულარობის ნაკლებობას უჩივის; გილიან ფლინის „გაუჩინარებულ ქალზე“, ფილმი რომ განზე გადავდოთ, ამ სერიის გამოჩენამდე ვწერდი, ბოლო უიქენდი კი პოლა ჰოკინსის სადებიუტო წიგნმა გამიხალისა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: