Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პრეზენტაცია’

ხვალ ფრიად დიდი დღეა ერთი კაცის წიგნების მოყვარულებისთვის. აი, იმისი, აქვე, რიკოთს გადაღმა რომ დაიბადა, მერე სულ „ზესტაფონო, ზესტაფონო, გშორდების“ ღიღინით მიაშურა მოსკოვს და საბოლოოდ იქაც ვერ მოისვენა – ლონდონში გადაბარგდა.

ისე, უქმად წუთი არ გაჩერებულა – წერა და წერა წიგნები ერთ შინგამომცხვარ დეტექტივსა და ქალების გულთამპყრობელზე, კოხტად გადავარცხნილი შავი თმით და ჭკვიანი ლურჯი თვალებით თავგზას რომ უბნევდა კაცობრიობის მშვენიერ ნახევარს და მოჭარბებული ნაცრისფერი უჯრედების წყალობით სრულიად რუსეთის იმპერიის   ბოროტმოქმედებს მოსვენებას არ აძლევდა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

უამრავჯერ მითქვამს აქაც, იქაც, სხვაგანაც, მეგობრებთანაც, ფეისბუქზეც და კიდევ გავიმეორებ – ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი ბათუმში და თბილისში მარტო განსაკუთრებით საინტერესო წიგნების პრეზენტაციებზე ვივლიდი-მეთქი.

სამწუხაროდ, ეს მთლად ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული და ჯერჯერობით ყველაფერი პირიქით ხდება – ცხოვრებით თბილისში ვცხოვრობ და ბათუმში პრეზენტაციებზე დავდივარ. დავდივარ რა – პირველად ვიყავი და ძალიანაც მომეწონა, მაგრამ, მგონი, ყველაფრის დალაგებით მოყოლა აჯობებს.

“წიგნები ბათუმში“ გამომცემლობისა და ახალი თარგმანების პრეზენტაციას რომ გეგმავდა, მგონი, ნახევარმა საქართველომ იცოდა და მე როგორ გამომრჩებოდა. ამიტომაც იყო, რომ ოცდაერთში, შაბათ დილით, გემრიელად გამოძინების ნაცვლად, ზურგჩანთამოკიდებული ვიდექი ბაქანზე და პირსინგიანი გამცილებელი (გადასარევი გოგო, სხვათა შორის) ბილეთს  მიმოწმებდა.

თბილისიდან ბათუმამდე, მოგეხსენებათ, ხუთი საათის სავალია და მთელი გზა ხან ვკითხულობდი, ხან მეძინა, ხან ყავას ვსვამდი ჩემი განუყრელი თერმოსიდან და ამაოდ ვცდილობდი, გამომეცნო, რომელ სადგურზე გაჩერდებოდა მატარებელი ისე, სიგარეტის მოწევა რომ მომესწრო; ის დალოცვილი ისეთი თავქუდმოგლეჯილი მიქროდა, იმაშიც კი შეგვეპარა ეჭვი, მახინჯაურში მაინც თუ ჩაგვიშვებდნენ ქვემოთ.

(more…)

Read Full Post »

stephen king autograph

უავტოგრაფო წიგნებს თითქოს რაღაც აკლიათ, თითქოს ავტორს პირველი ფურცლის დაწერა დაავიწყდაო.

ჰექსე

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა – ორიოდე თვის წინ ქართული “ფეისბუქი” ერთი ბიჭის ამბავმა წალეკა – სოფელში ვცხოვრობო, წიგნები მიყვარსო, ყველა პრეზენტაციას ვესწრებიო, შვიდი ათასი წიგნი უნდა შევაგროვო და ყველა – ავტოგრაფითო.

თუ არ ვცდები, სოფლის ბიბლიოთეკისთვის ჩუქებას აპირებდა.

ავტოგრაფებით დამშვენებული ტომეულები ბიბლიოთეკას ალბათ მოუხდება კიდეც, მაგრამ კერძო კოლექციისთვის ამდენი სამახსოვრო ხელმოწერა ნამეტანი მგონია.

გასაგებია, თანამედროვე ტრენდია – ცინცხალი გამოცემები პრეზენტაციებზე განსაკუთრებული ფასდაკლებით იყიდება და ერთგული მკითხველი ფავორიტი ავტორის ავტოგრაფსაც იღებს საჩუქრად. ასეა მთელ მსოფლიოში და გასაკვირიც არაფერია, მაგრამ შვიდი ათასი?! ავტოგრაფი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ან საყვარელ მწერალს  უნდა გამოართვა, ან განსაკუთრებით გულში ჩავარდნილ წიგნზე მოაწერინო ხელი და ასეთი კრიტერიუმებით რომ მიუდგები, ათასობით ფაქსიმილეზე ლაპარაკი, მგონი, ზედმეტია.

შინ, თაროებზე, წიგნები მაკლია-მეთქი, ვერ ვიტყვი; მაკლია კი არა, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, ოჯახის წევრების დეპორტაცია და ახალი თაროების მიჭედება რომელი ოთახიდან დავიწყო; მაგრამ სულ რამდენიმეა ხელმოწერილი და ყველას განსაკუთრებული ისტორია აქვს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: