Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პელემ ვუდჰაუსი’

თბილისის წიგნის ფესტივალი – ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს

pragis sasaflao cover

ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.

* * *

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.

ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.

(more…)

Read Full Post »

The Code of the Woosters coverვისაც ჩემი შარშანდელი პოსტი “დაიკიდეთ ჯივზსა და ვუსტერთან ერთად!“ ახსოვს, არ გაუკვირდება, რომ როგორც კი “დიოგენეში“ პელემ გრენვილ ვუდჰაუსის “ვუსტერთა გვარის ღირსება“ აღმოვაჩინე, მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი.

მე თქვენ გეტყვით და წასაკითხად ვერ მოვიცლიდი – გამწვავებული ბრონქიტის წყალობით ერთი კვირა უსირცხვილოდ ვიკოტრიალე საწოლში; ჰოდა, პირველი, რასაც ხელი წამოვავლე, სწორედ ზემოხსენებული წიგნი გახლდათ. წამოვავლე და ჩემი ხმაჩახლეჩილი სიცილით, მგონი, მეზობლებიც კი შევაწუხე.

არა, ახლა რომ ვუკვირდები, ეს ჩვენი ბერტი ვუსტერი ფრიად სერიოზული და წესიერი ახალგაზრდაა, უბრალოდ, ახლობლებში არ უმართლებს – სულ მათი წყალობით ეხვევა ხათაბალაში. აბა, საკუთარი დეიდა, რესპექტაბელური და სერიოზული ქალბატონი, მოსამართლის (თუნდაც გადამდგარის) მამულში ვერცხლის ძროხის მოსაპარად რომ გაგაგზავნის, რა უნდა ქნა?! არ წახვალ და დარჩები დეიდა დელიას ფრანგი მზარეულის, ანატოლის, კულინარიული სასწაულების გარეშე.

ძროხა ვთქვი, ძროხა, არაფერი მოგჩვენებიათ. ანტიკვარულ საკარაქეს ვგულისხმობ, მის გამო ატყდა მთელი ეს, როგორც თავად ბერტი იტყოდა, აურზაური.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებსაც დეკემბერში ველოდებით

ახალი წიგნები. გამომცემლობა "პალიტრა L". თბილისი, 2013

ზამთარი რომ საუკეთესო დროა კითხვისთვის,  ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. არა, კარგი წიგნი ზაფხულშიც კარგია, მაგრამ გარეთ არყისფრად რომ თენდება, საქმე არ გაქვს და არც არსად გეჩქარება, სავარძელში რომ მოკალათდები,  საყვარელ პლედში გაეხვევი, მაგარზე მაგარ და ტკბილზე ტკბილ ჩაის მოიდგამ გვერდით და ცინცხალ საკითხავს გადაშლი – სულ სხვაა…

ჰოდა, თქვენი მოლიც დატრიალდა, მიდგა-მოდგა, ხალხი შეაწუხა და ბლოგისთვის იმ წიგნების ჩამონათვალი გაახერხა, სადეკემბროდ რომ გამოჩნდება მაღაზიებში. აქედანვე გეტყვით, ისეთ გემრიელობებს გვპირდებიან გამომცემლობები, სიამოვნებისგან ხელებს ვიფშვნეტ და ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ.

(more…)

Read Full Post »

jeeves and wooster cartoon

მე სერიოზული ადამიანი გახლავართ.

უნდა ვაღიარო, ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულიც კი.

რას ვიზამთ – ულმობელმა ცხოვრებამ დამასვა დაღი. თან, არც პროფესია მაქვს ისეთი, ენის თლიფინით ლაპარაკს და ხუმრობას რომ მიმაჩვიოს.

ჰოდა, ხანდახან რამდენიმე ყლუპი იუმორი ჰაერივით მჭირდება. ეს კი ცოტა რთული საკითხია – ჯერ ერთი, ირგვლივ, ძირითადად, ჩემსავით სერიოზული ადამიანები მახვევია, მეორეც – ცხვირი სულ წიგნებში მაქვს ჩარგული.

დიოგენეს” გაახარებს ღმერთი –  “ბიბლიოთეკაში” ისეთი რომანი შეიტანა, ეს დეფიციტური იუმორი ყლუპებით კი არა, ჩაფებით მოიძებნება. სასაცილო საკითხავი აქამდეც არაერთხელ მომხვედრია ხელთ, მაგრამ, კარგა ხანია, არაფერს გავუხალისებივარ ისე, როგორც ვუდჰაუსის “დაიკიდე, ჯივზ!”-მა მოახერხა.

დასაწყისს ძლივს ვიყავი გაცდენილი და უკვე ისე ვხარხარებდი, ოჯახის წევრებმა ლამის სასწრაფო გამოიძახეს – ეგონათ, ნერვული აშლილობა დამემართა გადაღლილობის ფონზე.

გავიცინებდი, აბა, რას ვიზამდი! ჯერ მარტო შეყვარებული ადამიანის მენიუ ნახეთ:

‘მკაცრი დიეტა – არავითარი სოსისები, ნამცხვრები და, მით უმეტეს, ლორი!”

(more…)

Read Full Post »

"დიოგენეს ბიბლიოთეკა". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2012

ერთ თაროზე, ფერად-ფერად ტომეულებს შორის, თერთმეტი მოთეთრო წიგნი მიდევს. მოწონება არასოდეს დამიმალავს, ბევრჯერ მოვიხსენიე კეთილი სიტყვით, მაგრამ “დიოგენეს ბიბლიოთეკას” – ბოლო დროის, ალბათ, საუკეთესო პროექტს, დამეთანხმეთ, სახელობითი პოსტი ნამდვილად ეკუთვნის.

***

ცინცხალ გამოცემას შარშან, მაისში, წიგნის ფესტივალზე, გადავაწყდი. “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ისეთი აურზაური იდგა, რომელიმე სიახლე რომ გამომრჩენოდა, გასაკვირი არ იქნებოდა, მაგრამ ფრიად სიმპათიური შვიდეული მაინც შევამჩნიე, გადავათვალიერე და წამიც არ მიფიქრია, საგანგებოდ მომარჯვებულ ჩანთაში ჩავუძახე.

(more…)

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: