Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პატარა პრინცი’

 

ზუსტად ერთი კვირის წინ, საფესტივალო გეგმას რომ ვწერდი, კმაყოფილებისგან ლამის ხელებს ვიფშვნეტდი – ისე კოხტად აეწყო განრიგი, კინკილა Day off-ის აღებაა სამსახურში საჭირო და ოთხივე დღეს გადასარევად გამოიყენებ-მეთქი.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგიათ. სამსახურიდან გათავისუფლებას ვინ ჩივის, პარასკევს, ოცდაექვსში, მთელი ქვეყანა რომ ისვენებდა, ისეთ გაწამაწიაში ჩავვარდი, წერეთლისკენ არც გამიხედავს.

თქვენ გგონიათ, დიდხანს ვიდარდე და ვივიშვიშე? რას ამბობთ. ბლოგერობის შვიდმა წელმა, სხვა თუ ვერაფერი, თავშემონახულობა მაინც მასწავლა – წუთისოფლის მზაკვრობას მოუმზადებელი არ დავხვედრივარ. ამქვეყნად კეთილ ადამიანებს რა დალევს. მოვძებნე, შევუთანხმდი, ჯიბეში ფული ჩავუკუჭე, საკუთარი ხელით გადაწერილი, ცხარე ცრემლით დანამული სია გავატანე და საღამოს ახალი პოტერიც მაგიდაზე მედო, “ნაგერალაც”, მაია ენჯელოუც, პრინცებიც და რეპრინტებიც.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხუთშაბათს და პარასკევს საფესტივალო რიარიას თვალს შორიდან ვადევნებდი (რა მენაღვლებოდა, დაუზარელი ოჯახის წევრების წყალობით წიგნები შინ მხვდებოდა, კოხტად აკოკოლავებული), შაბათს გულიანად გამოვიძინე, საუიქენდოდ გადანახულ ფილმს ვუყურე, ტრადიციული, სადღესასწაულო, ხუთჯვრიანი ტორტის ბოლო ნაჭერი მივსუსნე და სამის ნახევარზე წერეთელზე, “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკართან ვიდექი, შემართებით სავსე და ცინცხალი სიით ხელში.

(more…)

Read Full Post »

წლევანდელი საფესტივალო დღეები ისე კოხტად მიეწყო ერთმანეთს, ისე მოერგო უიქენდს და უქმეს, კინკილა Day off და ოთხივეს გამოიყენებთ – იმდენი სიახლე, პრეზენტაცია და საინტერესო სტუმარია, ღმერთმანი, ღირს უფროსობასთან დიპლომატიური მოლაპარაკების გამართვა.

საფესტივალო ლოკაცია, ტრადიციულად, წელსაც გამოფენაა – “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონი. ჩემი ფავორიტი ლოკაცია, სხვათა შორის. წიგნის ფესტივალს სივრცე და სინათლე უხდება. ალბათ, ისევ დაგვცხება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა :) იმედია, მთლად არ გაგვწირავენ და შუა წერეთელზე ფინურ საუნას არ მოგვიწყობენ. ისიც მაიმედებს, რომ წლევანდელი მაისი სადღაც შუა გზაშია დაკარგული და მაისის ფუნქციებს ჭირვეული მარტი ითავსებს.

სიცხე, ზაფრა, სტენდებს შორის ბოდიალი და საგანგებოდ მომარჯვებული სიიდან ნაყიდი წიგნების ამოშლა ხუთშაბათიდან დაიწყება, მანამდე კატალოგებს ველოდებით. ვიღაცებმა უკვე დადეს, ვიღაცები უკანასკნელ დეტალებს აზუსტებენ. ბუტერბროდის კანონია, სამი თვით ადრე რომ დაიწყო მზადება, რაღაცების კეთება მაინც ბოლო წუთს მოგიწევს, ფაცხაფუცხით, გულის ფრიალითა და ხელების კანკალით.

Molly Bloom’s Day-ის ყოველწლიურ საფესტივალო პრევიუს ერთ დიდ კატალოგად ვერ ვაქცევ. არც გამომივა, ადგილიც არ მეყოფა, არც თქვენთვის იქნება საინტერესო. მოდი, დღეს ჩემს არჩევანს გაგიზიარებთ. პირველ რიგში რომ მოვიკითხავ, იმ წიგნებს.

(more…)

Read Full Post »

20161119_140638

წლევანდელი თბილისის წიგნის დღეები, როგორც აქამდეც ხდებოდა ხოლმე, ოთხ დღეზე გადანაწილდა  – ხუთშაბათს დაიწყო, კვირას დასრულდა. ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურიდან ცხვირი არ გამომიყვია, არც კი იოცნებოო და რას გავბედავდი, კვირას შინ კოტრიალის ნეტარებას ვერ შეველიე, წიგნობაზე შაბათს გახლდით.

შემოდგომის მთავარი ბიბლიოივენთი, ტრადიციისამებრ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ჩატარდა. ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზების და  “თბილისი მოლის” კაფეების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, “ექსპო” ოპტიმალური ლოკაცია მგონია. ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ძნელი მისადგომია და გაუსაძლისად ცხელა ხოლმე (წელს არ ცხელოდა, საოცრებას მოვესწარი, ღმერთმანი), მაგრამ, დემოკრატიის არ იყოს, უკეთესს ჯერ ვერ მივაგენით.

შესვლა წელსაც ფასიანი იყო. ათასჯერ ვთქვი და ერთხელაც გავიმეორებ – დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ისეთი წიგნის ფესტივალიც მეღირსება, ორლარიანი ბილეთების ნაცვლად ოთხდღიანი აბონემენტები რომ გაიყიდება  – საფესტივალო სივრცემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებით, უფასო ყავით და სენდვიჩებით, ექსკლუზიური დისქაუნთით, დახურულ პრეზენტაციებზე წვდომით, სხვა წვრილ-წვრილი და სასიამოვნო ბონუსებით.  ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია (არც უახლოეს მომავალს უჩანს საიმედო პირი). “ექსპოს” ადმინისტრაცია, უბრალოდ, ბილეთებს ყიდის. რა გაეწყობა. თუ წიგნის დღეები ჩემი ორი ლარის გარეშე ვერ ტარდება, ღმერთმა შეარგოთ და სიკეთეში მოახმაროთ.

(more…)

Read Full Post »

kvelaze ketili tsignebi image

ამას წინათ ერთგან ვთქვი, ყველაზე კეთილი წიგნების სიის სათავეში აუცილებლად ეს რომანი უნდა იყოს-მეთქი.

ჩემთვის, რასაკვირველია, თორემ ამქვეყნად თუ რამე მძულს, სავალდებულო საკითხავი და მენტორული ტონით ჩამოწიკწიკებული სიებია – ყველაზე კარგი, ყველაზე ცუდი, ყველაზე რომანტიკული, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… ამიტომ ეს ჩამონათვალიც მხოლოდ რიგითი მკითხველის მოლი ბლუმის იმპრესიაა და მეტი არაფერი – წიგნები, რომლებმაც სულში სინათლე შემომიტანეს და დამიტოვეს. მე სიკეთის ჩემი საბადო მაქვს, სხვას თავისი ექნება და ასეც უნდა იყოს.

ჰოდა, დავიწყებ. დავიწყებ წიგნით, რომელმაც სულ პატარას საოცარი რაღაცები მასწავლა – ჰარპერ ლის შედევრით „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ატიკუსზე, ჯემსა და ჭყიტაზე სულ ახლახან მოგიყევით, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თუ ოდესმე ერთგულების, წესიერებისა და სიმამაცის არსებობაში ეჭვი შეგეპარებათ, ეს წიგნი გადაიკითხეთ – შველის.

სიკეთეზე საუბრისას ასტრიდ ლინდგრენი რომ არ დამავიწყდებოდა, ცხადია, მაგრამ მთელი მისი შემოქმედებიდან უპირობო ფავორიტი მაინც ერთი მყავს – “ჩვენც სალტკროკელები ვართ“. რამდენჯერაც უნდა გადაიკითხო, არ მოგწყინდება და რაც უნდა კარგი ოჯახი გყავდეს, მელკერივით დაბნეულ მამას, მალინივით მზრუნველ დას და ჩაკუპატებული ჩორვენივით ერთგულ მეგობარს მაინც ინატრებ გულის სიღრმეში.

(more…)

Read Full Post »

ჩემი წიგნი/My Book (c) პირველი არხი, ეროვნული ბიბლიოთეკა, რატი ამაღლობელი, BBC

ჩემი წიგნი/My Book (c) პირველი არხი, ეროვნული ბიბლიოთეკა, რატი ამაღლობელი, BBC

ჩემს წიგნს” ხომ უყურებთ? BBC-ს ტელეპროექტს, სამი თვის წინ რომ დაიქოქა პირველ არხზე. სრულიად საქართველო საუკეთესოთა შორის საუკეთესოს რომ ირჩევს – დედამიწის ზურგზე ყველაზე სასიამოვნო არჩევნებს?

გემახსოვრებათ, მაგრამ მაინც გავიმეორებ -მკითხველს სამოცი ყველაზე საყვარელი წიგნი უნდა შეერჩია. მერე ამ სამოციდან თხუთმეტი დარჩებოდა და რჩეულთა შორის რჩეულიც მათ შორის უნდა გარკვეულიყო.

ჰოდა, ეს შესანიშნავი თხუთმეტეული უკვე ჩამოაწიკწიკეს.

ორი მარტიდან დღემდე, ყოველ კვირა საღამოს, გაგანია პრაიმტაიმში, წიგნებზე ლაპარაკობდნენ. არც მწვავე  განხილვები და დისკუსიები დაჰკლებია, თითოეულ კანდიდატს მომხრეც ბევრი ჰყავდა და მოწინააღმდეგეც, მაგრამ თავადაც ნახავდით და ტელეპერიპეტიებზე აღარ შევჩერდები; მოდი, ამ თხუთმეტეულს გადავავლოთ თვალი. მე თუ მკითხავთ, საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.

ოფიციალურად გამოაქვეყნეს და აქაც იყოს, თვალსაჩინოებისთვის:

ჯოან როულინგი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”;
მარკ ტვენი – “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”;
გურამ დოჩანაშვილი – “სამოსელი პირველი”;
ირაკლი ჩარკვიანი –  “მშვიდი ცურვა”;
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – “პატარა პრინცი”;
ართურ კონან დოილი – “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”;
ფრედერიკ ბეგბედერი – “99 ფრანკი”;
ჯერომ სელინჯერი – “თამაში ჭვავის ყანაში”;
ჭაბუა ამირეჯიბი – “დათა თუთაშხია”;
რობერტ ლუის სტივენსონი – “განძის კუნძული”;
ფიოდორ დოსტოევსკი – “იდიოტი”;
თომას მანი – “ჯადოსნური მთა”;
ერიხ მარია რემარკი – “სამი მეგობარი”;
ალექსანდრე დიუმა – “სამი მუშკეტერი”;
მიხეილ ჯავახიშვილი – “ჯაყოს ხიზნები”.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: