Feeds:
ჩანაწერები
Comments

Posts Tagged ‘პალიტრა L’

the-cuckoos-calling-geo-cover

არიან ადამიანები, რომლებსაც თამამად შეუძლიათ, თქვან – რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად ვაკეთებო. ჰოდა, ეს მწერალიც ასეთი გამოდგა – ჯერ იყო და ერთი სათვალიანი, კნაჭა ბიჭი შეგვაყვარა, ლამის ათი წელი გვაფიქრა და გვანერვიულა მის ბედ-იღბალსა და თავგადასავლებზე, ეს დარბაისელი ადამიანები ხან დრაკონით გვაფრინა, ხან სიკვდილის მხვრელებთან გვაომა, ხან განმაიარაღებელი შელოცვით და ჯადოსნური ჯოხების ქნევით გვარბენინა აქეთ-იქით. ახლა კი, არც აცია, არც აცხელა და დეტექტივების წერას მიჰყო ხელი. მიჰყო და გამოუვიდა კიდეც. ფეოლასი არ იყოს, გაუჭირდებოდა!

დიახ, სწორედაც ქალბატონ როულინგზე მოგახსენებთ. აირჩია ფსევდონიმად რობერტ გელბრეითი, როგორც ჭორიკანა ჟურნალისტები ამბობენ, მოკალათდა ედინბურგის რომელიღაც მყუდრო კაფეში და წერას შეუდგა. რამდენი სტრიქონი გადაშალა, რამდენ ფურცელს გადაუძახა სანაგვეში, რამდენი იფიქრა მთავარი გმირის უჩვეულო გვარ-სახელზე, რამდენი ჭიქა ესპრესო და კაპუჩინო შემოესვა – მაგაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ლიტერატურას ახალი პერსონაჟი მოევლინა –  სამხედრო პოლიციის ყოფილი გამომძიებელი – პირქუში, დაუდევრად ჩაცმული, გრიზლივით ზორბა კორმორან სთრაიქი.

(more…)

Read Full Post »

20170118_212334

ლიტერატურული სერიები ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა – ახალი ტომის გამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდი ხოლმე. შინ ნაირ-ნაირი გამოცემაც მომეძებნებოდა, ზღაპრები გინდათ, სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა, საბავშვო, საყმაწვილო – სულო და გულო. ოღონდ საოჯახო ბიბლიოთეკის თაროებზე, ამ ბუთქუნა ტომეულებთან ერთად, ღრმად განსხვავებული სერიაც მახსოვს. “ერთი მოთხრობა” ერქვა. თხელი, ჭრელგარეკანიანი წიგნები. მაინცდამაინც საბავშვოც არ ეთქმოდა. ცნობილი და არც ისე ცნობილი მწერლების თითო მოთხრობა იბეჭდებოდა. ზოგჯერ ისეთ რაღაცებსაც გამოურევდნენ, სქელ-სქელ ანთოლოგიებში რომ ვერ მიაგნებდი.

ჰემინგუეის “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”,  რიჩარდ რაიტის “მოახლე”, ამბროზ ბირსი, ჰაინრიჰ ბიოლი, სომერსეტ მოემი… ქართულიც იყო და ნათარგმნიც.

ჰოდა, ზუსტად ასეთი პროექტი წამოიწყო პალიტრამ. ამასაც “ერთი მოთხრობა” ჰქვია.

(more…)

Read Full Post »

girl-online-on-tour-geo-cover

არა, რა. რამდენიმეთვიანი ბლოგერული შვებულება ურიგო იდეა კი არ იყო (არანაირი დედლაინები, არანაირი კვირაში ორი ახალი წიგნი, არანაირი რეიტინგზე ნერვიულობა… მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი უსაქმურობა ყოველ საღამოს, ხომ გესმით), მაგრამ დროსა და მოვლენებს გვარიანად ჩამოვრჩი. ამ “Liberteens”-მა ხომ თავი მოიკლა და ერთიმეორეზე უკეთესი წიგნები ტყვიამფრქვევის ჯერივით მიაყარა.

ამ წიგნის პირველ ნაწილზე, იმედია, გეხსომებათ და წელიწადზე მეტი ხნის წინ ვწერდი. ისეთი თბილი და ნათელი განცდა დამიტოვა პოპულარული ბრიტანელი ბლოგერის სადებიუტო რომანმა, გაგრძელებას ვერაფრით გამოვტოვებდი. კი, კი, სწორად მიმიხვდით – ზოი საგის „ონლაინგოგოს“ და მის მეორე ნაწილს – “საგასტროლო ტურნეს“ ვგულისხმობ. ამას წინათ, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში “ბიბლუსის“ ფილიალში შემიცდა ფეხი, ახალდაგემოვნებული პიცითა და სალათით უკმაყოფილოს, ჰოდა, იქ წავაწყდი და უიღბლო გასტრონომიული ექსპერიმენტის საკომპენსაციოდ იმავე საღამოს დავაჭაშნიკე.

(more…)

Read Full Post »

20161119_140638

წლევანდელი თბილისის წიგნის დღეები, როგორც აქამდეც ხდებოდა ხოლმე, ოთხ დღეზე გადანაწილდა  – ხუთშაბათს დაიწყო, კვირას დასრულდა. ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურიდან ცხვირი არ გამომიყვია, არც კი იოცნებოო და რას გავბედავდი, კვირას შინ კოტრიალის ნეტარებას ვერ შეველიე, წიგნობაზე შაბათს გახლდით.

შემოდგომის მთავარი ბიბლიოივენთი, ტრადიციისამებრ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ჩატარდა. ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზების და  “თბილისი მოლის” კაფეების მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, “ექსპო” ოპტიმალური ლოკაცია მგონია. ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ძნელი მისადგომია და გაუსაძლისად ცხელა ხოლმე (წელს არ ცხელოდა, საოცრებას მოვესწარი, ღმერთმანი), მაგრამ, დემოკრატიის არ იყოს, უკეთესს ჯერ ვერ მივაგენით.

შესვლა წელსაც ფასიანი იყო. ათასჯერ ვთქვი და ერთხელაც გავიმეორებ – დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ისეთი წიგნის ფესტივალიც მეღირსება, ორლარიანი ბილეთების ნაცვლად ოთხდღიანი აბონემენტები რომ გაიყიდება  – საფესტივალო სივრცემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლებით, უფასო ყავით და სენდვიჩებით, ექსკლუზიური დისქაუნთით, დახურულ პრეზენტაციებზე წვდომით, სხვა წვრილ-წვრილი და სასიამოვნო ბონუსებით.  ჯერჯერობით, მსგავსი არაფერია (არც უახლოეს მომავალს უჩანს საიმედო პირი). “ექსპოს” ადმინისტრაცია, უბრალოდ, ბილეთებს ყიდის. რა გაეწყობა. თუ წიგნის დღეები ჩემი ორი ლარის გარეშე ვერ ტარდება, ღმერთმა შეარგოთ და სიკეთეში მოახმაროთ.

(more…)

Read Full Post »

12414349_10207478973389813_853625620_o

თბილისის წიგნის დღეები ლამის გუშინ ჩავატარეთ, “ექსპოს” პავილიონები წესიერად არც იქნება ალაგებული, ნაყიდი წიგნები ჯერაც მაგიდებზე გვიწყვია და თაროებზე არ გადაგვინაწილებია, არადა, უკვე მორიგი ბიბლიოაურზაური მოგვადგა კარს – წიგნის საახალწლო ფესტივალი.

წელს მეორედ ტარდება. შარშან, თუ გახსოვთ, თბილისი მოლში დავიარებოდით. სხვების ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილი ახალშეძენილი წიგნების ყველა პარტიას აჭარული ხაჭაპურით აღნიშნავდა იქვე, კაფეში. ურიგო იყო-მეთქი, ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ წიგნის ბაზრობას სხვანაირად მოწყობილი, მყუდრო და კომფორტული სივრცე უხდება. ამჯერად საჯარო გვიმასპინძლებს. ეროვნული ბიბლიოთეკა, მესამე კორპუსი, მეორე სართული. საგამოფენო დარბაზი.

წიგნის ფესტივალისთვის ოთხი დღე მეცოტავება. გამორიცხულია, რამე არ გამომრჩეს, შინ დაბრუნებულს არ გამახსენდეს და გული არ დამწყდეს, ნეტავ მეყიდა-მეთქი. საახალწლო ამბავი საერთოდაც სამდღიანია. პარასკევს იწყება, კვირას დასრულდება. პარასკევს ვმუშაობ, სამსახურიდან გასხლტომას ან შევძლებ, ან ვერა. ჰოდა, რამე თუ არ მოვიფიქრე, წუწუნი და გულისწყვეტა მერე ნახეთ, ოცდაშვიდში.

(more…)

Read Full Post »

მახსოვს, პირველი ქინდლი რომ მაჩუქეს, ვფიქრობდი, წიგნის თაროები გაცილებით ნელი ტემპით შეივსება, მხოლოდ ახალ ქართულ თარგმანებს შევიძენ, დანარჩენებს – ელექტრონულ ფორმატში წავიკითხავ-მეთქი. ჩემზე ყოფილა ნათქვამი – კაცი ბჭობდა, გამომცემლობები იცინოდნენო. ცოტა ხანში საწოლის გადმოტანა, სამარილესავით, ოთახის ცენტრში მომიწევს, იმიტომ, რომ ყველა კედელი წიგნის თაროებს უჭირავს და მაინც არ მყოფნის. განა იმიტომ, რომ ჩანაფიქრს ვღალატობ – საუკუნეა, უცხოენოვანი წიგნი არ მიყიდია, მაგრამ სულ ნაირ-ნაირი და ერთმანეთზე უკეთესი სერიები რომ გამოდის ქართულად, ამას რა მოვუხერხო?

თბილისის წიგნის დღეების ჩემეული მიმოხილვა, ალბათ, გემახსოვრებათ, ჰოდა, სწორედ იქ გადავეყარე “პალიტრა L”-ის ახალ პროექტს. გულახდილად რომ გითხრათ, სახელწოდებამ დამაინტრიგა – “წლის ბესთსელერი“, წესით, ურიგო არ უნდა ყოფილიყო, თორემ სერიის პირველი წიგნი – ენტონი დოერის “ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ – არაფერს მეუბნებოდა. პულიცერის პრემიისა და კიდევ რამდენიმე საპატიო ჯილდოს მიუხედავად, ავტორის გვარ-სახელიც და რომანის სათაურიც პირველად მესმოდა, მაგრამ ანოტაციას რომ გადავხედე, ცდუნებამ მაინც მძლია და ჩანთაში ვუკარი თავი.

(more…)

Read Full Post »

tbilisi-book-days-2015-2-my books 1

წიგნის ფესტივალი, გეცოდინებათ, ისეთი ამბავია, წინასწარ უნდა მოემზადო, საკბილო შეათვალიერო, ბიუჯეტი გადაამოწმო, განწყობა შეიქმნა, შვებულება აიღო და დილიდან საღამომდე სტენდებს შორის იბოდიალო ზურგჩანთამოკიდებულმა – არც სადმე უნდა გეჩქარებოდეს, არც სხვა საქმე გაფიქრებდეს.

ოქროს წესია, ღმერთმანი, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. სამსახურს შვებულებაზე და უქმად ყიალზე ოდნავ, სულ ოდნავ განსხვავებული აზრი აქვს – ჯერ საქმე, მერე დასვენება, შრომამ შექმნა ადამიანიო.

წლევანდელი წიგნის დღეებისთვის უიქენდი ნაღდად არ მეყოფოდა. კეთილ ადამიანებს რა დალევს, გამეგზავნებოდნენ, მაგრამ სად სხვისი თვალი და სად შენი… მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მოვახერხე და ხუთშაბათ-პარასკევსაც მანდ ვიხეტიალე. მთლად დილიდან გვიან საღამომდე ვერა, მაგრამ რას დავეძებ…

შესვლა ამჯერადაც ფასიანი იყო. მე თუ მკითხავთ, ორლარიან ბილეთს ოთხდღიანი აბონემენტი მირჩევნია – მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობით, ლანჩით, ფიქსირებული დისქაუნთით, გარკვეულ ღონისძიებებზე წვდომით – ისე, როგორც მსხვილ წიგნის ფესტივალებზეა მიღებული.

“ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ისევ ცხელოდა. რას ვიზამთ. ეტყობა, მართლა კარმაა. არც ნოემბრის ბოლო შველის  და, ვეჭვობ, ვერც გლობალური გამყინვარება შეცვლის რამეს. ჩრდილო პოლუსზე რომ გადავიტანოთ, სუნთქვა იქაც გაჭირდება.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: