კვირას ძალიან მაგარ გადაცემას ვუყურე.
საღამოს ცხრაზე, გაგანია პრაიმტაიმში, არც კინო გამხსენებია, არც ფეხბურთი, არც ჩემი საყვარელი მულტფილმები; ვიჯექი და პირველ არხს თვალს ვერ ვაცილებდი.
არ გეგონოთ, პულტს ვაწვალებდი და მოულოდნელად გადავაწყდი რამე საინტერესოს – წინასწარ მქონდა დაგეგმილი; ყველა სხვა გასართობი გადავდე და კარიც საიმედოდ მოვიხურე – ხელი არავინ შემიშალოთ-მეთქი.
“ჩემი წიგნის” პირველი ნაწილი იყო და აბა, როგორ გამოვტოვებდი.
უჩემოდაც მშვენივრად გეცოდინებათ, მაგრამ ვაითუ გამორჩა ვინმეს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – BBC-ს ტელეპროექტია – ყველა ქვეყანა თითო წიგნს ირჩევს და საქართველომაც თავისი ფავორიტი უნდა წარადგინოს.
ეს არაჩვეულებრივი ბიბლიოაურზაური 2 მარტს დაიწყო პრეზენტაციით და პირველი ეტაპი ოთხ თვეს გაგრძელდება; ფორმულა მარტივზე მარტივია – სრულიად საქართველო სამოც ყველაზე საყვარელ წიგნს შეარჩევს, მერე ამ სამოციდან თხუთმეტი დარჩება და სწორედ ისინი იბრძოლებენ რჩეულთა შორის რჩეულის ტიტულისთვის.