Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ორშაბათი იწყება შაბათს’

არკადი და ბორის სტრუგაცკები

ორშაბათი იწყება შაბათს

სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

ბათუმი

2015

 

მთარგმნელი – ვასილ გულეური

რედაქტორი – ირაკლი ბაკურიძე

დიზაინი – მაია ხუტიაშვილი

კორექტორი ანა ყიასაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

ორშაბათი იწყება შაბათს

ზღაპარი უმცროსი ასაკის მეცნიერმუშაკთათვის

მაგრამ ყველაზე უცნაური, ყველაზე გაუგებარი ის არის, როგორ შეუძლიათ ავტორებს, გამოიყენონ ასეთი სიუჟეტი. ვაღიარებ, ეს ყოვლად მიუწვდომელი რამეა, ნამდვილად… არა, არა, სრულიად არ მესმის.

                                               ნ.ვ. გოგოლი

 

 

ისტორია პირველი

ამაო ალიაქოთი დივნის ირგვლივ

თავი პირველი

მასწავლებელი: ბავშვებო, ჩაიწერეთ წინადადება: „ხეზე თევზი იჯდა“.

მოსწავლე: კი მაგრამ, თევზი ხეზე ჯდება?

მასწავლებელი: ჰო, კარგი, კარგი… შეშლილი თევზი იყო ეგ.

                                               სასკოლო ანეკდოტი

 

დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდი. ჩემ ირგვლივ პირდაპირ გზას ეკვროდა ამწვანებული ტყე, რომელიც ალაგ-ალაგ ადგილს უთმობდა ყვითელი ისლით დაფარულ მდელოს. მზეს, აი, უკვე მერამდენე საათი იყო, ჩასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ მოეხერხებინა და ჰორიზონტთან ეკიდა. მანქანა მოხრეშილ ვიწრო გზაზე მიქროდა. ბორბლებს დიდ ქვებზე ვატარებდი და საბარგულში ცარიელ კანისტრებს ყოველ წამს რახარუხი გაჰქონდათ.

მარჯვენა მხარეს ტყიდან ორნი გამოვიდნენ გზის პირას და გაჩერდნენ, თან ჩემკენ იყურებოდნენ. ერთმა ხელი ამიწია. მათ თვალიერებაში სიჩქარეს ვუკელი. როგორც მომეჩვენა, მონადირეები იყვნენ, ახალგაზრდები, შეიძლება, ჩემზე ცოტა უფროსები. ორივე მომეწონა სახეზე და გავუჩერე. იმან, ხელი რომელმაც ამიწია, მანქანაში შემოყო შავგვრემანი სახე კეხიანი ცხვირით და ღიმილით მკითხა:

– სოლოვეცამდე ვერ მიგვიყვანთ?

მეორე, წვერწითური და უულვაშო, მის მხარსზემოდან მიღიმოდა. სასიამოვნო ადამიანები იყვნენ, აშკარად.

– მოდით, დასხედით, – ვუთხარი, – ერთი წინ, მეორე უკან, თორემ უკანა დასაჯდომზე ხარახურა მიყრია.

– მადლისმყოფელო! – სიხარულით შესძახა ცხვირკეხიანმა, მხრიდან იარაღი მოიხსნა და ჩემ გვერდით დაჯდა.

წვერიანმა ყოყმანით დაათვალიერა უკანა სავარძელი და მითხრა:

– შეიძლება, აქ ცოტა ისა?..

უკან გადავიხარე და დავაცარიელეთ ადგილი, რომელიც საძილე ტომარასა და დახვეულ კარავს ეჭირა. ის დელიკატურად ჩამოჯდა და თოფი მუხლებს შორის ჩაიდო.

– კარი კარგად დაკეტეთ, – ვუთხარი მე.

ყველაფერი რიგზე მიდიოდა. მანქანა დაიძრა. ცხვირა უკან მიბრუნდა და ხალისიანად დაიწყო ლაპარაკი, რამდენად უფრო სასიამოვნოა მსუბუქი მანქანით მგზავრობა, ვიდრე ფეხით სიარული. წვერიანი გაურკვეველი ბურტყუნით ეთანხმებოდა და თან კარს აჯახუნებდა და აჯახუნებდა.

– ლაბადა აიკეცეთ. – ვურჩიე, სარკეში რომ შევხედე. – ლაბადა მოგყვათ.

ხუთი წუთის შემდეგ, როგორც იქნა, ყველაფერი მოგვარდა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: