Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნუ მოკლავ ჯაფარას’

kvelaze ketili tsignebi image

ამას წინათ ერთგან ვთქვი, ყველაზე კეთილი წიგნების სიის სათავეში აუცილებლად ეს რომანი უნდა იყოს-მეთქი.

ჩემთვის, რასაკვირველია, თორემ ამქვეყნად თუ რამე მძულს, სავალდებულო საკითხავი და მენტორული ტონით ჩამოწიკწიკებული სიებია – ყველაზე კარგი, ყველაზე ცუდი, ყველაზე რომანტიკული, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე… ამიტომ ეს ჩამონათვალიც მხოლოდ რიგითი მკითხველის მოლი ბლუმის იმპრესიაა და მეტი არაფერი – წიგნები, რომლებმაც სულში სინათლე შემომიტანეს და დამიტოვეს. მე სიკეთის ჩემი საბადო მაქვს, სხვას თავისი ექნება და ასეც უნდა იყოს.

ჰოდა, დავიწყებ. დავიწყებ წიგნით, რომელმაც სულ პატარას საოცარი რაღაცები მასწავლა – ჰარპერ ლის შედევრით „ნუ მოკლავ ჯაფარას“. ატიკუსზე, ჯემსა და ჭყიტაზე სულ ახლახან მოგიყევით, ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თუ ოდესმე ერთგულების, წესიერებისა და სიმამაცის არსებობაში ეჭვი შეგეპარებათ, ეს წიგნი გადაიკითხეთ – შველის.

სიკეთეზე საუბრისას ასტრიდ ლინდგრენი რომ არ დამავიწყდებოდა, ცხადია, მაგრამ მთელი მისი შემოქმედებიდან უპირობო ფავორიტი მაინც ერთი მყავს – “ჩვენც სალტკროკელები ვართ“. რამდენჯერაც უნდა გადაიკითხო, არ მოგწყინდება და რაც უნდა კარგი ოჯახი გყავდეს, მელკერივით დაბნეულ მამას, მალინივით მზრუნველ დას და ჩაკუპატებული ჩორვენივით ერთგულ მეგობარს მაინც ინატრებ გულის სიღრმეში.

(more…)

Read Full Post »

კარგად მახსოვს, როდის წავიკითხე ეს წიგნი პირველად – გაგანია ზამთარი იყო, ისეთი კი არა, ახლა რომ იცის თბილისში – უფერული და უთოვლო – ნამდვილი ზამთარი, მსხვილი ფანტელებით, ნაცრისფრად შებურული ცით, გადათეთრებული ნაძვებით და მოყინული ცხვირებით.

მაშინ ძალიან მიყვარდა ავად გახდომა – კითხვაში ხელს არაფერი მიშლიდა და იმიტომ. ვიწექი სიცხით გათანგული და მაინც კმაყოფილი, გარშემო ნაირ-ნაირი წიგნები მქონდა შემოწყობილი, ხან რომელს დავავლებდი ხელს, ხან – რომელს, ვაყოლებდი ცხელ, მურაბიან ჩაის და ვკითხულობდი და ვკითხულობდი დაუსრულებლად…

ჰოდა, ერთ მშვენიერ საღამოს, კბენია შარფით ყელშეფუთნილი და ცხვირგაწითლებული რომ ვიჯექი საწოლში, დედამ ახალი წიგნი მომიტანა. სიცხისგან აწითლებულ ლოყაზე მაკოცა, თმა მომიჩეჩა და მოგეწონებაო, მითხრა.

არ ვიცი, სადმე არსებობს თუ არა სია, სახელწოდებით – ყველაზე კეთილი წიგნები. აი, მოვჩხრეკ და თუ აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად, აუცილებლად დავწერ ასეთ პოსტს. დამერწმუნეთ, “ნუ მოკლავ ჯაფარას“ იქ პირველ ადგილზე იქნება. არა მგონია, ვინმე შემომედავოს – წიგნი, სადაც ჭყიტა, ჯემი, დილი, ატიკუსი და რედლი-ბუა ცხოვრობენ, ამას ნამდვილად იმსახურებს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: