Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნიკა სამუშია’

ჯეი აშერი. "13 მიზეზი" "წიგნები ბათუმში"

ჯეი აშერი. “13 მიზეზი”
“წიგნები ბათუმში”

მოლის ბლოგზე საზაფხულო შვეულება, შეამჩნევდით, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ნეტარი უსაქმურობა გამიტკბა და საყვედურებიც მივიღე, რა დროს ნებივრობა და ფეისბუქზე სტატუსების წერაა, პოსტები დაგიძველდა, კლავიატურის უქმად კაკუნს გაეშვი და წიგნებს მიხედეო.

პრელუდიები მიყვარს, მაგრამ დრო აღარ ითმენს – პირდაპირ საქმით უნდა დავიწყო. ნამდვილი შემოდგომაც დადგა, როგორც იქნა, ძილის და კითხვის ამინდია და ურიგო არ იქნება, საშემოდგომო ლიტერატურულ სიახლეებზე მოგიყვეთ. წიგნებზე, რომელთაც ოქტომბერში ველოდებით.

გადავხედე ჩამონათვალს და, კაცმა რომ თქვას, არც ისე მოკლეა. ახალი გამოცემების სიმცირე ნამდვილად არ გაგვაკვირვებდა და ათას ობიექტურ მიზეზსაც მოვუძებნიდით, მაგრამ ფაქტია, გამომცემლობებს ჩემსავით არ უზარმაციათ და არჩევანიც გვაქვს. საკბილოს, გემოვნების და განწყობის მიხედვით, ყველა იპოვის.

საოქტომბრო წიგნების ნაწილი უკვე მაღაზიებშია, ნაწილიც ახლა იბეჭდება. ვეცდები, ყველაზე გიამბოთ; ასე უფრო მოსახერხებელია. იქნებ რომელიმე გამოგრჩათ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ახალ “ინსომნიაზე” უნდა მოგიყვეთ.

ოფიციალურ გვერდზე ანონსს უკვე ნახავდით. პირობებიც წერია იქ, ვადებიც, ელფოსტის მისამართიც, ჟიურის შემადგენლობაც. მოკლედ, ყველაფერი.

მაგრამ მეც რომ არ დავწერო, არაფრით გამოვა. ერთი პერსონალური პოსტი “ინსომნიას”, ღმერთი, რჯული, ნამდვილად ეკუთვნის.

ორი წლის წინ, ზუსტად ორი წლის წინ, ნატო დავითაშვილმა მომწერა – კოშკას ახალი იდეა აქვს, ექსტრემალი ლიტერატორების კონკურსს ვმართავთ და ჟიურის წევრობაზე რას იტყვიო.

დიდი მადლობა, ამაზე უარს რა მათქმევინებს-მეთქი, გადავირიე სიხარულით.

ჰოდა, ახლა მესამე წრეზე მივდივართ.

ასე რომ, თუ ვინმეს ეჭვის ნატამალი ღრღნიდა, შეუძლია, მშვიდად იძინოს – ყველაზე ორიგინალური, გიჟური და ფანტასტიკური იდეაც, თუ მოინდომე, გადასარევად ისხამს ხორცს. ჩაკეტილი მაღაზიიდან ონლაინ ტრანსლაციის ორგანიზებაც ხერხდება და ერთიმეორეზე უკეთესი ტექსტებიც იწერება ერთ ღამეში.

(more…)

Read Full Post »

ამ წიგნის ასაკობრივი აუდიტორია, რა თქმა უნდა, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, იმ მოზარდებმა წაიკითხონ, დილაობით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში წასვლის წინ, ბებიები ცალი ხელით კვერცხს რომ უთქვეფენ შებრაწული ომლეტისათვის, მეორე ხელით კი ფორთოხალს უფცქვნიან; ამასობაში დედები გაუთოვებულ ტანსაცმელს ულაგებენ საწოლზე, მამები კი გზისა და ლანჩისთვის განკუთვნილ ფულს უჩურთავენ ჯიბეში; ნამძინარევი თვალების ფშვნეტით რომ მიიზლაზნებიან სასწავლებლებისაკენ და გულში ფიქრობენ, რა უსამართლოა ცხოვრება, რომელიც გაიძულებს, საუკეთესო წლები მერხზე ჯდომასა და პედაგოგების ჩიჩინის მოსმენაში გაატარო.

არ გეგონოთ, ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე – თავის დროზე მოსწავლეც გახლდით, სტუდენტიც, სათვალიანი ბებიაც ფუსფუსებდა სამზარეულოში, მზრუნველი მშობლები კი, ღვთის წყალობით, ახლაც მყავს. ჰოდა, ხშირად ზუსტად სხვებივით მეზარებოდა თბილი ლოგინის დატოვება; ან რა დროს მენდელეევის ტაბულა და გეომეტრია იყო, როცა მეზობლის კარადაში რამდენიმე წაუკითხავი წიგნი მეგულებოდა.

ისლამურ ქვეყნებში ქალების ყოფისა და სწავლა-განათლების შესახებ მაშინაც მსმენოდა, ახლა, თავისთავად, მეტი ვიცი, მაგრამ იმაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ალბათ, მაინცდამაინც არ დავფიქრდებოდი, “მე ვარ მალალა“ რომ არა.

არ მინდა, აჟიტირებული და პათეტიკური ვეჩვენო ვინმეს, ზედმეტ პათოსს ყოველთვის სიყალბის იერი დაჰკრავს ხოლმე, მაგრამ ისიც არ ვიცი, სხვანაირად, ნაკლებ ემოციურად როგორ დავწერო ამ პატარა გოგოზე, რომელმაც სწავლის წყურვილის გამო სიკვდილს ჩახედა თვალებში და მაინც არ შეეშინდა; არა, ალბათ, შეეშინდა კიდეც, აბა, რა იქნებოდა, პისტოლეტმომარჯვებულმა კაცმა რომ იკითხა, მალალა რომელიაო.

(more…)

Read Full Post »

stephen king. The Mist

ქართულ გამომცემლობებს “სტივენ კინგის ვირუსი”  შეეყარათ-მეთქი, რომ გითხრათ, ოდნავ, სულ ოდნავ გადავაჭარბებ.

თუ არ გჯერათ, თავად დათვალეთ.

დიოგენემ” ოთხი ბუთქუნა ტომი ხომ გამოსცა, “ბნელი კოშკის” სერიაც დაქოქა და “მისტერ მერსედესის“, ცინცხალი, ჯერაც გამოუქვეყნებელი რომანის, ქართულ თარგმანსაც გვპირდება – ბევრი არ დააგვიანდებაო.

პალიტრამ” ჯერ “და ბუა მოვიდა…” გადმოაქართულა, მერე – “უიმედოთა ქალაქი” და სულ ახლახან, საფესტივალოდ, ისეთი თითებჩასაკვნეტი საკითხავი ამოაცოცა კალათიდან, თქვენი მოწონებული.

ჰო, “ნისლზე” გიყვებით. კინგის მოთხრობების კრებულზე.

ამ კვირადღეს ფეხი არსად გამიდგამს. ვირუსისა რა მოგახსენოთ და ცოტა კი შემაცია. ჰოდა, ვიწექი შინ ნებივრად, ნიგვზიანი ბადრიჯნის დიეტაზე გახლდით (ოჯახის ექიმმა გამომიწერა ნაცნობობით), ველოდებოდი ფეხბურთს და ვკითხულობდი ერთიმეორეზე გულისგასახეთქ ამბებს.

(more…)

Read Full Post »

20130908_162449

ახალი ინსომნია იწყება. Sci Fi-ს, ფენტეზის, Horror-ის და მისტიკის ლიტერატურული ფესტივალი. აი, ის, შარშან რომ გავმართეთ პირველად. მთელი ღამით წიგნის მაღაზიაში რომ გამოვკეტეთ ჩვენი ინსომნიაკები და ერთიმეორეზე საშიში, გულგასახეთქი მოთხრობები ვაწერინეთ. ხანდახან თავად ავტორებსაც რომ ეშინოდათ, ისეთი :)

ორგანიზატორებს უთქვამთ, იმისთვის კი არ ვაწვალეთ ხალხი და ღამეები ვატეხინეთ, წელს ხელები დაგვებანაო; ფესტივალი ტრადიციად უნდა ვაქციოთო.

ჰოდა, მეორე სეზონს ვიწყებთ.

ახლა ყურადღებით მომისმინეთ – ფორმატი კია ნაცნობი, მაგრამ რაღაცები გავაუმჯობესეთ და რამე არ გამოგრჩეთ; ტრადიცია ტრადიციად –  და სიახლეებიც თუ არ შევაპარეთ შიგადაშიგ, არაფერი გამოვა.

(more…)

Read Full Post »

forrest gump cover

პარალელები არ მიყვარს, მაგრამ ეს ისეთი წიგნია, ფილმთან შედარებას რომ ვერ ასცდები; თანაც – ჰოი, საოცრებავ! – შეადარებ და მოგეჩვენება, რომ საერთო ბევრი არაფერი აქვთ.

ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ერთი თავმოყვარე ბიბლიოფილის წონა წიგნები ნამდვილად მექნება წაკითხული; სინემანიაკობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ კინოშიც ხშირად დავდივარ და, მგონი, სულ მეორედ თუ მესამედ ვთქვი, ფილმი უკეთესია-მეთქი. თუმცა არა – ფილმი უკეთესი კი არა, გენიალურია, უინსტონ გრუმის “ფორესტ გამპი” კი, უბრალოდ, კარგი წიგნია, აუცილებლად რომ უნდა მოხვედრილიყო “სულაკაურის” კინობიბლიოთეკაში; აი, ისეთი, თუნდაც რობერტ ზემეკისის შედევრისა და ტონ ჰენქსის ტალანტის ხათრით რომ უნდა წაკითხოს კაცმა.

(more…)

Read Full Post »

chemi kinobiblioteka

ქართულ საგამომცემლო სიახლეებს თვალს თუ ადევნებთ, აუცილებლად შეამჩნევდით “სულაკაურის” ცინცხალ პროექტს – ფერად-ფერად კინობიბლიოთეკას.

თუმცა, “შეამჩნევდით” აშკარად არაზუსტი სიტყვაა – მთელი თვეა, ჩემი ბიბლიოფილი მეგობრები აქტიურად განიხილავენ, ბმულებს იზიარებენ, შთაბეჭდილებებს ცვლიან… მოკლედ, ერთ ამბავში არიან.

ჯერ სამად სამი წიგნია  გამოსული, სერია ახლაღა იდგამს ფეხს, მაგრამ დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება და რა ჯობია, საინტერესო წამოწყებას პირველივე წუთებიდან რომ ადევნებ თვალს.

ჰოდა, მოდი, ემოციები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ფინჯან ყავასთან ერთად მშვიდად გავარჩიოთ, რა გვაქვს, რას ველით უახლოეს მომავალში და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს.

ამგვარი პროექტის განხორციელება სხვებსაც უცდიათ – ბიბლიოფილებისა და სინემანიაკების გულის მოგება ერთობ სარფიანი საქმეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი წარმატებით. კინობიბლიოთეკას კი კოჭებშივე ეტყობა, რომ ხარისხიანი სერიაა დაქოქილი და მკითხველი გაწბილებული არ დარჩება.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: