Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ნატო ჩახვაძე’

ანჯეი საპკოვსკი.

მხედვარი

უკანასკნელი სურვილი

ფანტასტიკური ბიბლიოთეკა

გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”

პირველი ქართული გამოცემა, ბათუმი 2015

 

მთარგმნელი – ხათუნა ბასილაშვილი

რედაქტორი – ქეთი ნიკოლეიშვილი

დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი

სერიის დიზაინერი – ეკა ტაბლიაშვილი

დამკაბადონებელი – მალხაზ ფაღავა

კორექტორი – ნატა ჩახვაძე

ქართული გამოცემა © გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

გონების ხმა I

გოგონა გამთენიისას მივიდა მასთან.

ფრთხილად, ლანდივით უხმაუროდ შევიდა საკანში. ისე მიცურავდა, ჩქამიც არ ისმოდა, გარდა ხმისა, რომელსაც შიშველ სხეულთან შეხებისას გამოსცემდა მისი მანტია. მაგრამ მხედვარი სწორედ ამ ძლივს გასაგონმა ხმამ გააღვიძა, ან ეგებ უბრალოდ თვლემას მოსწყვიტა, ბურანიდან გამოიყვანა, რომელშიც ისე ირწეოდა, თითქოს წყნარი ზღვის წიაღში, წყალმცენარეთა ძაფებს შორის გამოკიდებულაო.

არ განძრეულა. თვალიც არ დაუხამხამებია. გოგონა უფრო ახლოს მიცურდა, მანტია გადაიგდო და ცალი მუხლი ნელა, ყოყმანით ჩამოდო მისი ფართო საწოლის კიდეზე. ის დახრილი წამწამების ქვემოდან აკვირდებოდა, რომ თავი არ გაეცა. გოგონა ფრთხილად აძვრა საწოლზე, ზედ ააცოცდა და ბარძაყები შემოაჭდო. დაჭიმულ მკლავებს დაყრდნობილმა, თმა სახეზე აუსვა. თმაზე გვირილების სუნი ასდიოდა. მერე გადაჭრით, თითქმის მოუთმენლად დაიხარა, ძუძუსთავი ჯერ ქუთუთოზე შეახო, მერე -ლოყაზე, ბოლოს -ტუჩებზე. მან ნელა, ფრთხილად გაიღიმა და ხელები ნაზად ჩაავლო ხელებში. გოგონა გაიმართა და თითებიდან დაუსხლტა. მისი გამჭვირვალე, ცისკრის შუქით განათებული სხეული სანთელივით იღვრებოდა ცისკრისავე ნისლოვან შარავანდედში. ვაჟი შეტოკდა. გოგონამ ორივე ხელით შეაჩერა და თეძოების ნაზი, მაგრამ ჯიუტი რხევით აყოლა მოსთხოვა.

ისიც აჰყვა. გოგონა მის ხელებს აღარ უფრთხოდა; თავი უკან გადააგდო და თმა გააქნია. კანი გრილი და საოცრად გლუვი ჰქონდა. როდესაც სახე ახლოს მიუტანა, ვაჟმა მისი თვალები დაინახა – წყლის ნიმფასავით უზარმაზარი და მუქი.

მერე რწევით ჩაიძირა გვირილების ზღვაში. ზღვამ მოსვენება დაკარგა, აღელდა, აბობოქრდა.

 

მხედვარი

I

როგორც მერე თქვეს, ჩრდილოეთიდან მოსულიყო, მებაწრეთა კარიბჭის მხრიდან. ქვეითად მოდიოდა, საპალნეაკიდებული ცხენი აღვირით მოჰყავდა. ბინდდებოდა და მებაწრეების, მეუნაგირეებისა და მთრიმლავების ფარდულები უკვე დაეკეტათ, ქუჩაც ცარიელი იყო. ცხელოდა, მაგრამ კაცს მხრებზე შავი ლაბადა ჰქონდა მოგდებული. მისი იერი უმალვე მოგხვდებოდათ თვალში.

მგზავრი ქარვასლა “ძველი ნარაკორტის” წინ შეჩერდა. ცოტა ხანს იდგა და ხმაურსა და ღრიანცელს უგდებდა ყურს. როგორც ყოველთვის საღამოობით, აქაურობა ახლაც ხალხით იყო სავსე.

უცნობი “ძველ ნარაკორტში” არ შესულა, აღვირი მოქაჩა და ქუჩას გაუყვა, მეორე, უფრო მომცრო ფუნდუკისკენ აიღო გეზი. იმ ფუნდუკს “მელაკუდა” ერქვა, არცთუ სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობდა და ვერც ხალხმრავლობით დაიკვეხნიდა.

მეფუნდუკემ კიტრის მწნილის კასრიდან თავი აიღო და სტუმარი აათვალიერ-ჩაათვალერა. უცნობი, ჯერაც ლაბადამოსხმული, უძრავად იდგა დახლის წინ და ხმას არ იღებდა.

-რას ინებებთ? -ჰკითხა მეფუნდუკემ.

-ლუდს. -მიუგო უცნობმა. უსიამოვნო ხმა ჰქონდა.

მეფუნდუკემ ხელები ჯვალოს წინსაფარზე შეიწმინდა და დაკენკილ თიხის კათხაში ლუდი ჩამოუსხა. უცნობს მოხუცი არ ეთქმოდა, მაგრამ თითქმის სულ მთლად ჭაღარა იყო. ლაბადის ქვეშიდან უჩანდა გაცვეთილი ტყავის ქურთუკი, რომელიც კისერთან თასმით იკვრებოდა. მოსასხამი რომ მოიხსნა, დაინახეს, ზურგზე თასმით ხმალი ეკიდა. უჩვეულო არაფერი ყოფილა – ვიზიმაში თითქმის ყველა მამაკაცი ატარებდა იარაღს, მაგრამ ხმალს კაპარჭივით ბეჭებზე არავინ იმაგრებდა.

უცნობი სხვა სტუმრებთან ერთად საერთო მაგიდას არ მისჯდომია, იდგა დახლთან და მეფუნდუკეს აკვირდებოდა. ლუდი მოსვა და თქვა:

-ღამის გასათევი მჭირდება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: