Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მორალიზმი’

ჩვენი ამბავი ხომ იცით, ტრადიციები გვიყვარს.

არ აქვს მნიშვნელობა, ღირებულია თუ აზრს მოკლებული, ნამდვილი თუ გამოგონილი, ძველი და დროით გამოცდილი თუ ახალი, კაცმა არ იცის, როგორ დამკვიდრებული.

“შენი გადახდილიაც” ახალია, აგერ, ჩვენს თვალწინ ფესვგამდგარი. ზუსტი თარიღის დადგენა არ მიცდია, მაგრამ არ მგონია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაცნობისთვის მგზავრობის საფასურის გადახდა ფარნავაზიდან მოგვდგამდეს და ქართლის ცხოვრებაში იხსენიებოდეს.

დაპატიჟებაში თავისთავად ცუდი არაფერია, ადამიანის პატივისცემის ფრიად უწყინარი ხერხია, სანამ უბრალოდ სასიამოვნო ჟესტიდან დაუწერელ კანონად არ იქცევა და ვალდებულებად არ ჩამოგეკიდება კისერზე.

დაუწერელ კანონებს მზიურ წილხვედრში დაწერილზე მეტი ძალა რომ აქვს, ცნობილი ამბავია. სხვისი Oblico Morale-ს კონტროლზე ალესილი საზოგადოებაც დაუწერელი წესების შესრულებას ასკეც გაფაფიცებით აკვირდება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა. აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს…

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ქართულ ენაზე, ენის სიწმინდესა და გამართულ მეტყველებაზე რომ წერ, ძალიან უნდა იფრთხილო, თუნდაც ყველაზე კეთილი განზრახვით დაწერილი ტექსტი ჭკუის სწავლებაში, ურაპატრიოტულ მოწოდებებსა და ქსენოფობიურ გამოხტომაში არ გადაგეზარდოს.

სხვისთვის ჭკუის სწავლება და ურაპატრიოტიზმი ჭირივით მეზარება. ან მე ვის რა უნდა ვასწავლო. ჩემს ამბებს მოგიყვებით. დასარიგებლად და რჩევისთვის არა, ისე, შინაურულად.

ენა, მოგეხსენებათ, ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ვითარდება. ის, რაც დღეს შეცდომად ითვლება, ხვალ, შესაძლოა, ნორმად აღიარონ. აგერ, ვიღაცები ამბობენ, “გამარჯობათ” სწორი ფორმააო. მე მაინც ჩვეული “გამარჯობა” მირჩევნია. პატივისცემის გამოხატვას ზედმეტი “თ”-ს გარეშეც მოვახერხებ.

ენის ცოდნაც, ერთი ცნობილი სიგარის არ იყოს, მხოლოდ ენის ცოდნაა და მეტი არაფერი. თავანკარა ქართულით მოსაუბრე ნაძირლებიც შემხვედრია და ყოვლად გადასარევი ხალხიც, სამ სიტყვაში ხუთ შეცდომას რომ უშვებენ. მოკლედ რომ მოვჭრა, უხეირო ქართულს, ფეისბუქზე, ბლოგებზე და ყველგან, სადაც ვკითხულობ, თვალს ვარიდებ. უბრალოდ, ზოგჯერ მართლა სასაცილოა, ჭკუას ისე გარიგებენ, მეოთხეკლასელს რომ მსგავსი შეცდომებით მეწერა, თინა მასწავლებელი საკლასო ოთახში არ შემიშვებდა.

(more…)

Read Full Post »

20170222_213944

“დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა და სხვა დაბალი სინჯის პროზა” ხომ გახსოვთ? აი, ის ქოთქოთა ბლოგი, ლიტერატურის დაბალo და მაღალი სინჯის ჟანრებად დაყოფა რომ გავაპროტესტეთ.

თურმე სად ხარ, ჟანრი ვის დაკარგვია, ორდიპლომიანი ხალხი ლიტერატურას ენის მიხედვით ყოფს და ახარისხებს.

“ქართულს არაფერს არ ვკითხულობ”.

“ქართულში”, ცხადია, ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, ყაზბეგი, მიხეილ ჯავახიშვილი  არ იგულისხმება. ეჭვი მეპარება, ამათ კითხვაში ღამეს ათენებდნენ, მაგრამ გიჟები ხომ არ არიან, ხმამაღლა უარყონ. კლასიკა ხელშეუხებელია.

არც დოჩანაშვილი, ჭილაძე, ინანიშვილი და რჩეულიშვილი. ესეც კლასიკაა. თან მოდური კლასიკა.

რაღა დარჩა ცხვირასაბზუებელი – თანამედროვე პროზა და პოეზია.

(more…)

Read Full Post »

18382810-r3l8t8d-650-tsbpb2m_wwm

ადრე, თუ გახსოვთ, პოსტი მქონდა, “კითხვა, როგორც ქაჯობა“, იმ ცოტა უცნაურ და ცოტა სასაცილო ამბავზე, ვიღაცებს ტრანსპორტში კითხვა ქაჯობა რომ ჰგონიათ.

ამ სინდრომის სარკისებრი ანარეკლიც არსებობს, არანაკლებ საინტერესო, მერე მოგიყვებით-მეთქი, დაგპირდით.

“ვაიმე, გუშინ სამარშრუტოში ვიღაც წიგნს კითხულობდა, ღმერთო, რა ბედნიერებაა, ძლივს არ შემხვდა განათლებული ადამიანი, ეს ახალი თაობა ტელეფონებშია ჩამძვრალი და წერა-კითხვა დაავიწყდათ” – თითქმის დარწმუნებული ვარ, ასეთი სფიჩი ერთხელ მაინც მოგისმენიათ.

რა გითხრათ, აბა. ტრანსპორტით მეც ხშირად ვმგზავრობ, წიგნში თავჩარგულ მგზავრებს მეც ვხედავ, მიხარია, ყდას ვაკვირდები და გამოცნობას ვცდილობ, მაგრამ ასეთი ემოციური ფეიერვერკი მაინც ნამეტანი მგონია.

საბოლოდ, ყველაფერი ტემპერამენტამდე დადის, სხვისი ტემპერამენტის განხილვა რა ჩემი საქმეა, არც თქვენ მოგაცდენდით, მაგრამ მობილურების არცთუ სახარბიელო კონტექსტში მოხსენიება აშკარად საინტერესო და სახალისო ფენომენია.

(more…)

Read Full Post »

reading in tube

ერთი ნაცნობი მყავს. ნაცნობი რა, საერთო წრეში ვტრიალებთ. ხან ვის დაბადების დღეზე შევხვდებით, ხან რომელ კაფეში. ინტენსიურად არ ვკონტაქტობთ.

განათლება არ აკლია. ნაკითხიცაა. ყველაფერზე საკუთარი, განსაკუთრებული მოსაზრება გააჩნია და სანამ ეს მოსაზრება მართლა განსაკუთრებულია, კმაყოფილია. საზოგადოდ გავრცელებულს თუ დაემთხვა შემთხვევით, წუხს და ნერვიულობს, რაღაც შემეშალაო.

ამას წინათ კაფეში ვისხედით მეგობრები, ათას სისულელეზე ვლაყბობდით და, უცებ, ამ განსაკუთრებულმა, არც აცია, არც აცხელა, ტრანსპორტში კითხვა ქაჯობააო. ზუსტად ასე თქვა. ამ ვორდინგით.

მეგონა, მომეყურა. კითხვას და ქაჯობას ერთად იშვიათად ახსენებენ. სხვებს სიცილი აუტყდათ და მივხვდი, სწორად გავიგე. იმათ გაატარეს (ჩემზე უკეთ იცნობენ), მე ჩავეძიე და რა აღმოჩნდა – მგზავრობის დროს, თურმე, ტექსტს ბოლომდე ვერ ისიგრძეგანებ, არსს ვერ წვდები, ტექნიკურად შეუძლებელია, ხალხი ხელს გიშლის. შესაბამისად, წიგნი კი არა, თავის მოწონება გინდა. მარტივად რომ ვთქვათ, მარიაჟობ.

აღარ მიკამათია. კამათს ვერიდები, რა აზრი აქვს. ვიცნობ ასეთ ხალხს. ფეისბუქზეც შემხვედრია ამ იდეის ჩემთვის უცნობი ადეპტები, კითხვა ზესაკრალური რიტუალი რომ ჰგონიათ. ის ცნობილი ნაჯახი თუ არ მოხვდათ თავში და ტოტიასავით არ შეჭამეს მგლებმა, წიგნს წაკითხულად არ თვლიან.

(more…)

Read Full Post »

271302A500000578-3015912-image-a-62_1427554157173

ფეხბურთზე, მოგეხსენებათ, ათასში ერთხელ ვწერ. როგორც წესი, მსოფლიო თასის ან ევროს წინ, როცა მკითხველს ჩემი ვადამდელი არდადეგების მიზეზს ვუხსნი. სხვა თემატიკა მირჩევნია და იმიტომ. დღესაც მორიგ წიგნზე ვაპირებდი მოყოლას, მაგრამ Offtopic-ის ისეთი მიზეზი მაქვს, ვერაფრით გამოვტოვებ. ეგეც არ იყოს, საუკუნეა, მოქალაქე ბლუმს გაბრაზებული პოსტი არ გამოუქვეყნებია.

სათაურიდანვე მიხვდებოდით, საქართველო-გერმანიაზე უნდა ვილაპარაკო.

უშუალოდ თამაშზე რა გითხრათ – საფეხბურთო ანალიტიკას ჩემზე უკეთაც დაწერენ. ერთს ვიტყვი მხოლოდ: “ღირსეული წაგება” მთლად გამართული ტერმინი არ მგონია. მოედანზე ყველაზე ლამაზი (და მნიშვნელოვანიც), მოგეხსენებათ, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშია. ჰოდა, წავაგეთ. მშრალი ანგარიშით. შინ. გასაგებია, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან წავაგეთ, ბოლო მოდელის “მერსედესივით” აწყობილ გუნდთან, მაგრამ წავაგეთ. ჰოდა, რაც უფრო მალე დავივიწყებთ “ღირსეულ წაგებას” და “ესპანეთთან ნულით ნულს ვიგებთ”-ს, მით უფრო მალე მოვა ნამდვილი გამარჯვებაც და იქნებ ნამდვილი ფეხბურთიც ვითამაშოთ.

ახლა არასაფეხბურთო ამბებსაც გავკრათ კბილი. ეს ხომ ჩვენი თანთია – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, სპორტულ პერიპეტიებზე მეტად, იმ ბავშვის ამბავს ვარჩევთ, შვაინშტაიგერს რომ მიეჭრა და დაუჩოქა (სინამდვილეში არ დაუჩოქია, მაგრამ ასე უფრო ბრუტალურად ჟღერს და სრულიად ჯინეტის წამოკიდებაც ადვილია).

არ მგონია, ახალაღმოჩენილ ამერიკაზე ვყვებოდე, მაგრამ თურმე საჭირო ყოფილა – ჩემო ძვირფასო აღშფოთებულებო, დარწმუნებული ვარ, ფანობის და ფანების ამბავი გაგიგიათ. ისიც გეცოდინებათ, რომ ფანები ზოგჯერ ისეთ რამეს აკეთებენ, ინდიფერენტულად განწყობილ ადამიანს, ან სულაც განსხვავებული ტემპერამენტის გულშემატკივარს აზრადაც რომ არ მოუვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო მარტივადაა; რიტუალია ერთგვარი  – ფეხბურთელის მთავარი იარაღი ფეხებია, ის ბიჭიც გერმანელს ბუცებზე შეეხო პატივისცემის ნიშნად. ეს იყო და ეს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: