Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მოლი მსოფლიოს გარშენო’

მოლის ბიბლიოფილობის ამბავი აქაურობის სტუმრებს უკვე კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ მგონი, ის არ მითქვამს, სულით ხორცამდე მოგზაური რომ ვარ, ერთი ეგ არის, შეუმდგარი. ვერ იქნა და ვერ მოვიცალე საიმისოდ, რომ ზურგჩანთა მოვიკიდო და სადმე, ევროპაში სახეტიალოდ გავწიო; მაგრამ არაუშავს, ერთ მშვენიერ დღესაც ავდგები, ჩავალაგებ ჩემოდანში წიგნებს, ცოტა ტანსაცმელსაც დავამატებ და ამაყად მივადგები აეროპორტის ტერმინალს პრაღის ბილეთით ხელში. რატომ მაინცდამაინც პრაღის? უბრალოდ, ასე მინდა და იმიტომ! იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, ერთად რომ დავათვალიეროთ ქალაქი, ოდესღაც ბრძენი დედოფლის – ლიბუშეს ბრძანებით ვლტავის ნაპირზე რომ დაარსდა და ხუთ ბორცვზე გაშენდა.

მოკლედ, ჩავჯდები თვითმფრინავში, თან აუცილებლად მარჯვე და მოხერხებული შვეიკის ამბავი მექნება გადაშლილი, განწყობის შესაქმნელად და კოხტად დავეშვები ჰაველის აეროპორტში. ქალაქამდე როგორმე მივაღწევ, რომელიმე ცოტავარსკვლავიან სასტუმროში ბარგს დავტოვებ და, პირველ რიგში, არც კარლის ხიდის სანახავად წავალ, არც წმინდა ვიტის ტაძრის, არც პრაღის ციხესიმაგრის და არც კამპის მუზეუმის – პირდაპირ კლემენტინუმს მივაშურებ ჩეხეთის საოცარი ეროვნული ბიბლიოთეკის სანახავად. იმედია, შემიშვებენ, არ შემიშვებენ და ისეთ ფეხების ბაკუნს ავტეხ, იქნება ესკორტით შემაცილონ მთავარ დარბაზში და საცავშიც კი შემახედონ ცალი თვალით აი, ინდური და ირანული ტრაქტატები რომ უწყვიათ, იქ.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იქიდან გვარიანად დაღლილი და მოშიებული გამოვალ, ჰოდა, ვაცლავის მოედნისკენ დავადებ თავს – იქ რესტორანი ვიტოპნა მეგულება, სათამაშო რკინიგზით, აი, პატარა ორთქლმავლები რომ დადიან და ლუდის კათხებს დაატარებენ. ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ცოტას მაინც მოვწრუპავ და ლუდის გულიაშსაც აუცილებლად გავსინჯავ. მაგათ იქ საბავშვო მოედანიც აქვთ და არ გეგონოთ, ვინმეზე ნაკლებად გავერთობი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: