Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მოლი და ქინდლი’

reading in tube

ერთი ნაცნობი მყავს. ნაცნობი რა, საერთო წრეში ვტრიალებთ. ხან ვის დაბადების დღეზე შევხვდებით, ხან რომელ კაფეში. ინტენსიურად არ ვკონტაქტობთ.

განათლება არ აკლია. ნაკითხიცაა. ყველაფერზე საკუთარი, განსაკუთრებული მოსაზრება გააჩნია და სანამ ეს მოსაზრება მართლა განსაკუთრებულია, კმაყოფილია. საზოგადოდ გავრცელებულს თუ დაემთხვა შემთხვევით, წუხს და ნერვიულობს, რაღაც შემეშალაო.

ამას წინათ კაფეში ვისხედით მეგობრები, ათას სისულელეზე ვლაყბობდით და, უცებ, ამ განსაკუთრებულმა, არც აცია, არც აცხელა, ტრანსპორტში კითხვა ქაჯობააო. ზუსტად ასე თქვა. ამ ვორდინგით.

მეგონა, მომეყურა. კითხვას და ქაჯობას ერთად იშვიათად ახსენებენ. სხვებს სიცილი აუტყდათ და მივხვდი, სწორად გავიგე. იმათ გაატარეს (ჩემზე უკეთ იცნობენ), მე ჩავეძიე და რა აღმოჩნდა – მგზავრობის დროს, თურმე, ტექსტს ბოლომდე ვერ ისიგრძეგანებ, არსს ვერ წვდები, ტექნიკურად შეუძლებელია, ხალხი ხელს გიშლის. შესაბამისად, წიგნი კი არა, თავის მოწონება გინდა. მარტივად რომ ვთქვათ, მარიაჟობ.

აღარ მიკამათია. კამათს ვერიდები, რა აზრი აქვს. ვიცნობ ასეთ ხალხს. ფეისბუქზეც შემხვედრია ამ იდეის ჩემთვის უცნობი ადეპტები, კითხვა ზესაკრალური რიტუალი რომ ჰგონიათ. ის ცნობილი ნაჯახი თუ არ მოხვდათ თავში და ტოტიასავით არ შეჭამეს მგლებმა, წიგნს წაკითხულად არ თვლიან.

(more…)

Read Full Post »

my kindle and booksყველაზე გემრიელად გარეთ რომ ვკითხულობ, ამას წინათაც გითხარით.

შინ, სავარძელში, ნებივრად ფეხის მორთხმა, იცოცხლე, კარგია, მაგრამ ავტობუსში, მეტროში ან სამარშრუტოში კითხვას სულ სხვა ეშხი აქვს – არ შემეკამათოთ :)

ოჯახური ლეგენდა ირწმუნება, პატარაობისას ყველაზე მეტად ბულვარში ძილი, სუსნაობა და ნახატებიანი წიგნების თვალიერება გიყვარდაო. დღევანდელი გადმოსახედიდან, კაცმა რომ თქვას, ერთიც დამაჯერებლად ჟღერს, მეორეც და მესამეც.

ჰო, კიდევ წამოწოლილს მჩვევია კითხვა, რამაც შეიწირა კიდეც ჩემი მხედველობა, მაგრამ ამაზე მერე მოგიყვებით.

ბათუმური შვებულების დროს იმდენი მოვახერხე, ახალდამუხტული ქინდლი ერთ კვირაში დავცალე. ვიჯექი ჩემთვის, კოლონადებთან ან ლიტერატურულ კაფეში, ქინდლს ყავას ვაყოლებდი და, დედას გეფიცებით, A Song of Ice and Fire ზუსტად ასე უნდა იკითხო – ნეტარი უსაქმურობის ჟამს, ზღვისპირა ქალაქში, ლატესთან ერთად. სცადეთ – დამიჯერეთ, არ ინანებთ.

(more…)

Read Full Post »

My Kindle Mini

რამდენიმე დღის წინ, ფრიად საინტერესო კომპანიაში მოვხვდი. ვისხედით ჩვენთვის მყუდრო კაფეში, წრუპებით ცივ ყავას ვაგემოვნებდით და ათას რაღაცაზე ვლაქლაქებდით. “ქინდლზეც” ჩამოვარდა სიტყვა. ცხადია, უმალ ავენთე, აღტაცებული ეპითეტების კორიანტელი დავაყენე და ის იყო, ჩანთიდან ბლექი უნდა ამომეძვრინა, რომ ერთმა იქ მყოფთაგანმა, არც აცია, არც აცხელა და – ეგ მოწყობილობა ეშმაკის გამოგონებაა, ხელს როგორ მოვკიდებო…

თავიდან, მეგონა, ხუმრობდა. მტკიცება რომ დაიწყო, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. კამათი არ ამიტეხია, მშრალი და ცივი პასუხით შემოვიფარგლე, მაგრამ ისეთი ათუხთუხებული წამოვედი იქიდან, თქვენთან მაინც უნდა მოვიოხო გული.

რიდერებზე პირველად აი, ამ საყვარელი ბლოგის წყალობით შევიტყვე. უცხო ხილი ერქვა მაშინ – სულ რამდენიმე ნაცნობს ჰქონდა… სამაგიეროდ, ახლა, ყველა მეგობარი ქინდლოსანის ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვინმე აუცილებლად გამომრჩება.

“ქინდლი” ჩემთვის იდეალურია. თუმცა, უამრავი ჭეშმარიტი ბიბლიოფილი ვიცი, ტრადიციული ბიბლიოთეკის ერთგული რომ რჩება… ზოგი ჩვევას ვერ ღალატობს, ზოგს ტრანსპორტში კითხვა არ უყვარს, ზოგსაც, უბრალოდ, დრო არ ჰყოფნის…  კაცია და გუნება. აუგის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება, ოღონდ, მომკალით და “რიდერი რომ კარგი ყოფილიყო, “ქართლის ცხოვრებაში” ერთხელ მაინც მოიხსენიებდნენ და სალაშქროდ მიმავალი დავით აღმაშენებელი ჯორ-აქლემებს ფოლიანტების თრევით წელს არ მოაწყვეტინებდა”-ს ტიპის შეგონებები საშინლად მაღიზიანებს.

აბუქებ ახლაო, მეტყვით. სულაც არა… კარგად მიიხედ-მოიხედეთ და აუცილებლად შეამჩნევთ, როგორ მოთქვამენ ვაი-ტრადიციონალისტები და წიგნიერების დაკარგვას, კომპიუტერსა და ფეისბუქთან ერთად, უკვე “ქინდლსაც” აბრალებენ.

(more…)

Read Full Post »

Reading

ბიბის

ტრანსპორტში კითხვა მიყვარს ძალიან.

მოიცა, სხვა, უკეთესი ადგილი ვერ ნახეო – გაგეცინებათ, ალბათ.

არადა, მართლა მიყვარს – დროის გასაყვანად კი არა.

წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა, ნახევრად ცარიელ სალონში რომ ხარ მოკალათებული, ჯიბეში ბილეთი გიდევს და ცხვირი წიგნში გაქვს ჩარგული. ავტობუსი კი თავისთვის მიჩაქჩაქებს და არანაირი მანძილი არ გადარდებს.

ვიცი, თვალებისთვის რომ მავნებელია და კითხვაში გართულს, შესაძლოა, სასურველი გაჩერებაც გამოგრჩეს, მაგრამ ასეთი წვრილმანები აქ რა მოსატანია…

ციცქნა ბათუმში, ტრანსპორტით, რაც არ უნდა მოგენდომებინა, ხშირად მაინც ვერ ისარგებლებდი – ყველაფერი ფეხის ორ ნაბიჯზე იყო: სკოლაც, კინოც, ბულვარიც და მუსიკალურიც, ჩემი საყვარელი აღმოსავლური ტკბილეულის კაფეც და საფუნთუშე-სანაყინეც, მაგრამ დროდადრო მაინც მიწევდა შორს წასვლა და ჩანთაში ხან რომელი ჟურნალი მედო, ხან რომელი დეტექტივი.

წიგნებთან ერთად მგზავრობის ნამდვილი გემო თბილისში გავიგე – ისე გავდიოდი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, ვერც ვიგებდი და ზოგჯერ გულიც კი დამწყვეტია, სად ეჩქარებოდა ამ დალოცვილს, ათიოდე გვერდის ჩამთავრება კიდევ ეცლია-მეთქი.

(more…)

Read Full Post »

Molly's 2nd Kindle Paperwhite

ერთგული სტუმრები, ალბათ, შეამჩნევდნენ, რომ ბიბლიოფილი მოლი, ამ ბოლო დროს, “ქინდლის” თავგადადებულ ადეპტად იქცა და ტრადიციულ, მამა-მაპაპურ ფოლიანტებზე და ელექტრონულ წიგნებზე ერთნაირი სიამოვნებით საუბრობს. რა ვქნა, ჯეფ ბეზოსის ფანტასტიური ნოვაციის წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ნამდვილად არ გამიჭირდება იმის აღიარება, რომ ი-ბუქები სქელ-სქელ ტომებში არ გამომერჩევა.

ზუსტად ერთი თვის წინ ჩემს კოლექციას “თეთრფურცელა” შეემატა და თუ საპრეზენტაციო პოსტი გახსოვთ, დამემოწმებით, რომ ახალი სათამაშოთი აღფრთოვანებისათვის ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა. ოღონდ, პირველ შეფასებებში მაინც ემოციები ჭარბობდა. დეტალური ანალიზისთვის დრო იყო საჭირო.

ჰოდა, ვფიქრობ, ახლა უკვე შემიძლია, მკითხველს შთაბეჭდილებები გავუზიარო. ჩემ გარშემო “ქინდლოსანთა” რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება, ბევრიც უახლოესი მომავლისთვის გეგმავს შეძენას და, იმედი მაქვს, “ფეიფერუაითის” ანატომია საინტერესოც იქნება და სასარგებლოც – არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

(more…)

Read Full Post »

my brand new Kindle Paperwhite

კაცმა რომ თქვას, ტექნიკური პროგრესის კუდში მადევარი არასოდეს ვყოფილვარ. ბოლო მოდელებზე გული არ მიმდის – სამი წლის წინ ნაყიდი ტელეფონი დღესაც თავდადებით მემსახურება და გამოცვლა ფიქრად არ გამივლია.

ოღონდ, საქმე კითხვას თუ ეხება, ეს მოკრძალება და შეჩვეული ნივთებისადმი ერთგულება სადღაც ქრება ხოლმე.

წელიწადზე მეტ ხანს ჩანთით Kindle Mini-ს ვატარებდი და გრეისს თავი არ შეურცხვენია. არ უღალატია, ჭირვეულობით არ შევუწუხებივარ… საპრიზო DX-ც მედო თაროზე, მაგრამ “ამაზონმა” ახალი რიდერები წარადგინაო, რომ გავიგე, ერთი სახელგანთქმული ბლოგერის არ იყოს, ხერხემალი ამიცახცახდა.

ის დღე იყო და უკიდეგანო ონლაინ-მარკეტზე გაასმაგებული მონდომებით დავბოდიალობდი, სარეკლამო პროსპექტებს ვათვალიერებდი, ვოხრავდი და აჩქარებულ გულისცემას “რად გინდა სამი “ქინდლი”-ს მსგავსი შეგონებებით ვიოკებდი.

დეკემბერში, თუ გახსოვთ, გრეისი გავათხოვე და თავი ისე მარტოსულად და მიტოვებულად ვიგრძენი, ჩემი საყვარელი სათამაშო ლამის ცოცხალ არსებასავით მომენატრა. არა, საკითხავი არ მომკლებია, ბიბლიოთეკით იოლას გავდიოდი, ჟურნალებიც დამიგროვდა, მაგრამ რიდერი მაინც სხვა ყოფილა…

ვეღარ მოვითმინე და საახალწლოდ, პერსონალურ თოვლის ბაბუას (აი, იმას, ყველაფერს რომ მისრულებს) შევეხმიანე, საუკუნეა, არაფერი მითხოვია და ნუ გამაწბილებ-თქო…

(more…)

Read Full Post »

my kindle
დეკემბერს “ქინდლის” გარეშე ვატარებ.

არა, რიდერებს არაფერი მოსვლია. “გრეისი” ახალ წლამდე მეგობარს სტუმრობს,  საპრიზო DX კი, გაბარიტების გამო, თან არ დამაქვს და, ძირითადად, ელექტრონული არქივის ფუნქციებს ასრულებს. ჰოდა, მეტი რა დამრჩენია – თავს ძველი, ტრადიციული მეთოდებით ვშველი.

სიმართლე გითხრათ, საკითხავი ჯერ არ მომკლებია. ჟურნალები გადმოვქექე, დავახარისხე და ნება-ნება ვაგემოვნებ. რა ვქნა, ლიტერატურული ნუგბარი იმდენია, ყველაზე ნაკლებად მათთვის ვიცლი ხოლმე. არადა, მიყვარს, ეს ოხერი, ბავშვობისდროინდელი ჩვევაა, “დილას” და “პიონერის” წყალობით აქამდე რომ გამომყვა.

მართალი უთქვამთ – ზოგი ჭირი მარგებელიაო. ბიბლიოთეკას გადავხედე, რამდენიმე ახალი წიგნი გადმოვდე, ძველებიც მოვინიშნე გადასაკითხად, ფავორიტი გამომცემლობების ვებ-გვერდებს დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ – დაპირებული სიახლეები ერთი-ორად მეჩქარება.

მოკლედ, “უქინდლობას” გმირულად ვუძლებ, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, უცნაური დისკომფორტის შეგრძნება არ მტოვებს. ასე მგონია, დილაობით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, აუცილებელის და საჭიროს გარეშე გამოვდივარ შინიდან.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: