Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მეფე მათიუშ პირველი’

20151110_231855

მოლის სტუმრებს თავისი ცნობისმოყვარე მასპინძლის ამბავი კარგად მოეხსენებათ – მარტო საკუთარი კი არა, სხვისი წიგნებიც ძალიან მაინტერესებს. საკმარისია, ტრანსპორტში ვინმე საკითხავში ცხვირჩარგული დავინახო, რომ, ჩემი სპორტული მონაცემების კვალობაზე, არნახულ ილეთებს ვატარებ ყდის შესათვალიერებლად ან ტექსტში ჩასაჭყეტად. წიგნს კიდევ რა უშავს, თქვენ უნდა ნახოთ, ვინმე ტელეფონში რომ კითხულობს რამეს და კისერწაგრძელებული რომ ჩავცქერი – რა მომათმენინებს, სათაური არ გავიგო. ვინ იცის, რას ფიქრობენ ამ დროს გარშემომყოფნი ჩემზე და ჩემს ზრდილობაზე – სერიოზული ეჭვი მაქვს, კარგს არაფერს.

ეს მავნე ჩვევა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ნაადრევი ბავშვობიდან მომყვება – სხვისი თაროების თვალიერება მაშინაც მიყვარდა. ბიბლიოთეკა მშობლებსაც არ დაეწუნებოდათ და ახლა კიდევ უკეთესი მაქვს – სათითაოდ შერჩეული წიგნები მაქვს ჩაწიკწიკებული. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნოსტალგია შორეული წარსულისკენ მახედებს და ის პატარა მოლი მახსენდება, სოფელში, ნათესავებთან სტუმრობის წინ მთელი ღამე რომ არ ეძინა სიხარულისგან, ოღონდ არ გეგონოთ, იქაურები მიყვარდა ასე ძალიან. არა, სანათესაოს რას ვერჩი, მაგრამ ჩემი ბედნიერების მთავარი მიზეზი მეორე სართულზე, დიდ ოთახში მეგულებოდა – უზარმაზარი ბიბლიოთეკა ძლივს ეტეოდა სამ კედელზე. მისალმების, ხვევნა-კოცნის, “უი, რამხელა გაზრდილა“-ს ცერემონიალს რომ ჩავათავებდი, ხელში მიჩეჩებული ჩურჩხელებით ავრბოდი კიბეზე, მივადგებოდი წიგნებით გაძეძგილ თაროებს და სათითაოდ გადმოლაგებას რომ დავიწყებდი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო ამქვეყნად. აღარც ჭამა მახსოვდა, აღარც სმა, გაფაციცებით ვარჩევდი საჩემო წიგნებს შინ წასაღებად და განზე ვაწყობდი.

ახლა რომ ვიხსენებ, სულ სხვა ხიბლი ჰქონდა იქაურობას, ძველი წიგნების, მტვრის, სიძველეშეპარული ხის სუნს, გაცრეცილ ფურცლებს, გულუბრყვილო წარწერებს სატიტულო გვერდზე… ჭრაჭუნა ფიცრულ იატაკზე გაფენილ ორნამენტებიან ხალიჩას, ხონთქარივით ფეხმორთხმული რომ ვიჯექი ხოლმე, ზვინად წამოდგმული წიგნების გვერდით.

(more…)

Read Full Post »

133 წლის წინ ვარშავაში ბიჭი დაიბადა…

ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ბიჭი…

სახელიც ჩვეულებრივი დაარქვეს – ერშ ჰენრიკ გოლდშმიტი…

არ ვიცი, როგორი ბავშვი იყო…

ალბათ, არც არავინ იცის – მეტისმეტად ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ…

არავის ახსოვს, როგორ ცელქობდა, როგორ ეურჩებოდა მშობლებს, როგორ იპარავდა საკუჭნაოდან სასუსნავებს, როგორ ჩხუბობდა ეზოში თანატოლებთან, როგორ აცდენდა გაკვეთილებს ან როგორ აწიწკნიდა გოგონებს თმას…

არადა, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროდადრო ხდებოდა – ის ხომ ჩვეულებრივი ბიჭი იყო…

ალბათ, სკოლაში ცუდ ნიშნებსაც უწერდნენ, კუთხეშიც აყენებდნენ და ყურსაც უწევდნენ ხანდახან…

მაშინ ხომ არავინ იცოდა, რომ წლების შემდეგ იანუშ კორჩაკის ფსევდონიმით ქვეყანას ბავშვთა გულების უდიდესი მესაიდუმლე მოევლინებოდა…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: